მოსახლეობის ძალადობრივი გზით გასახლების შედეგები უფრო მძიმე იქნება, ვიდრე უძველესი ტრადიციებისადმი პატივისცემა

მოსახლეობის ძალადობრივი გზით გასახლების შედეგები უფრო მძიმე იქნება, ვიდრე უძველესი ტრადიციებისადმი პატივისცემა

სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები გრძლდება. ადგილობრივები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ფიცის დადებას განაგრძობენ. ისინი აცხადებენ, რომ ხატზე დაფიცება ხელისუფლების, სხვადასხვა ორგანიზაციების, მასმედიისა და მთელი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად გადაწყვიტეს. აშკარაა, რომ საზოგადოების ყურადღება ხაიშისკენ მართლაც არის მიპყრობილი, თუმცა ბუნებრივია, რომ მათ ხატისა და ფიცის ტრადიციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მიდგომა აქვთ.

ეს საკრალური ტრადიცია მთაში უძველესი დროიდან მოდის და რელიგიურ ფასეულობებზეა აგებული. სვანეთში სრულიად ათეისტებსაც კი დღემდე სწამთ, რომ ხატის გამტეხის გვარი და სახსენებელი მოიშლება.

ამ რწმენას ეფუძნებოდა წესრიგისა და მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნისა და საკუთარი მამულისადმი ერთგულების სიმტკიცე საუკუნეების მანძილზე. ფიცის რწმენაზე იყო აგებული ტრადიციული სამართალიც, რომელსაც დიდი როლი ენიჭებოდა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეების მშიდობიანი გზით მოგვარებაში.

საქართველოს ისტორიაში ხშირად იყო ქვეყნის ერთიანობის რღვევის პერიოდები, რა დროსაც სვანები განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდნენ ტრადიციული მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის. ტრადიციული სამართლის შესახებ დაწერილი კანონები არ არსებობდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ მთავარი, კონკრეტული დავის განხილვისას, სამართლიანობის დაცვა იყო. განაჩენის აღსრულების გარანტს ხატზე დაფიცება წარმოადგენდა. მსაჯული ზნეობით გამორჩეული და თემში პატივსაცემი ადამიანი უნდა ყოფილიყო და მხარეებს შორის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა.

მსაჯულ-მედიატორებს მოდავე მხარეები ირჩევდნენ სანათესაო ან გარეშე პირთაგან. ორივე მხარეს ჰყავდა საკუთარი წარმომადგენელი, მათი რაოდენობა საქმის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული. თუ საკითხი განსაკუთრებული სიმძიმის იყო, მაშინ მას 12 ნაფიცი მსაჯული სწავლობდა. მხარეების მოსმენისა და საკითხის შესწავლის ხანძლივ პროცესს სვანები ,,ლიმორევს“ უწოდებენ.

როცა საქმის დეტალები დაზუსტდებოდა, მედიატორები ხატზე იფიცებდნენ იმის შესახებ, რომ იქნებოდნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები. ამის შემდეგ მათ ობიეტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და ამიტომ გამოტანილი განაჩენი საბოლოო იყო.

სასჯელის უმაღლეს ზომად თემიდან მოკვეთა ითვლებოდა, დამნაშავეს ჩამოართმევდნენ მთელ ქონებას და აიძულებდნენ დაეტოვებინა სვანეთის ტერიტორია. სიკვდილით დასჯას ტრადიციული სამართალი არ ითვალისწინებდა. თუკი, პირს გადაწყვეტილი ჰქონდა შურისძიება მის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, მაშინ იგი საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანდა. იგი მეორე მხარის მიერ გამოგზავნილ მედიატორებს - „მორვებს“ მიღებაზე უარს ეუბნებოდა, რითაც გასაგები ხდებოდა, რომ დაზარალებული თავად აპირებდა განაჩენის გამოტანას. ასეთ გადაწყვეტილებას კი შემდგომ ხანგძლივი შურისძიების - სისხლისაღების პროცესი მოჰყვებოდა ხოლმე.

ტრადიციული სამართალი ითვალისწინებდა „საპროცესო გარიგებასაც“. მსაჯული-მედიატორების მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ, პირს გარკვეული ოდენობის გადასახადს აკისრებდნენ ჯარიმის სახით, რაც შეიძლება ყოფილიყო მიწის ნაკვეთი, პირუტყვი და სხვა.

განაჩენი შესაძლოა მხოლოდ მოდავე მხარეების დაფიცება ყოფილიყო. თუ საკითხი მსუბუქ დანაშაულს - შელაპარაკებას, ჩხუბს, რაიმე სხვა სახის გაუგებრობას შეეხებოდა, მედიატორები „ადგილმონაცვლეობის“ მეთოდს იყენებდნენ. ანუ, ბრალდებული და მისი ახლობლები ხატზე იფიცებდნენ, რომ თუკი მსგავსი დანაშაული მათ მიმართ განხორციელდებოდა მოდავის მხრიდან, ისინი თავადაც გაგებით მოეკიდებოდნენ და აპატიებდნენ. ამის შემდეგ, მოდავე არ ითვლებოდა შეურაცყოფილად და ვალდებული იყო ეპატიებია და შეეწყვიტა დავა.

სვანები ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ ფიცს. თუკი მოდავეს არ ჰქონდა ძალიან კარგი რეპუტაცია, მის გამო არავინ დაიფიცებდა, რაც უკვე მის დანაშაულზე მეტყველებდა. სვანეთში უამრავ ისტორიას ჰყვებიან ცრუ ფიცის სავალალო შედეგების შესახებ. თუკი პიროვნება ცრუ ფიცში იქნებოდა მხილებული, ტრადიციული განაჩენის თანახმად, ათი წელი უზიარებელი რჩებოდა. თუმცა, სვანებს უარესი შედეგებისაც სწამთ - ხატის გამტეხის ოჯახი, გვარი და სახსენებელი მოიშლებაო.

ცნობილია იშვიათი მაგალითები, როდესაც ცრუ ფიცის გამო, ხატის რისხვის თავიდან აცილების მიზნით, გარკვეულ ხერხებს მიმართავდნენ. ერთი ასეთი შემთხვევა მიწასთან დაკავშირებულ დავას უკავშირდება. როგორც ამბობენ, მიწის ნაკვეთის მითვისებაში ბრალდებულმა, ფეხსაცმელში საკუთარი ეზოს მიწა ჩაიყარა და დაიფიცა, რომ მიწა, რომელზეც დგას, კანონით მას ეკუთვნის. ხატის გატეხვა იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ სანამ საკუთარი მოხერხებულობით თავად არ დაიტრაბახა, მიწის კანონიერ მფლობელსაც კი სჯეროდა მისი.

საკმაოდ დემოკრატიული იყო თემის მმართელობის ფორმა სვანეთში. მახვშის, ანუ მეთაურის არჩევა კრების მიერ ხდებოდა, სადაც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ორივე სქესის წევრებს, 20 წლის ასაკიდან. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის ტარდებოდა ხევის ყრილობა, სადაც გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებდნენ.

ხევის უკანასკნელი ყრილობა და ხატზე ერთხმად დაფიცება უკანასკნელად 1875 წელს, რუსეთის ცარისტული ხელისუფლების წინააღმდეგ გაიმართა. რუსებმა ბეგარის გაზრდის მიზნით, მიწებისა და პირუტყვის აღწერა-რეგისტრაცია გადაწყვიტეს, რასაც სვანები არ დაემორჩილნენ. შეფიცულების წინააღმდეგობის შედეგად, უამრავი ადგილობრივი დაიღუპა და ალყაში მოქცეული სოფელი ხალდე და რამდენიმე გვარი საბოლოოდ განადგურდა.

„ხუდონჰესის“ მშენებლობას ათეულობით წლებია წინააღმდეგობა ახლავს. ალბათ, არ იქნება უპრიანი იმის განმეორება, თითქოს, ხაიშელებისა და მათი მხარდამჭერების პოზიცია ანტისახელმწიფოებრივია. საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიას სვანეთის გამთიშველის როლი არ ახსოვს. დღეს კი სვანეთი რუსეთთან 500 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის დაცვის ფუნქციას ასრულებს. შეფიცულებს და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ „ხუდონჰესის“ მშენებლობა პერსპექტივაში სვანეთის დაცლას გამოიწვევს და სწორედ ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

ხაიშელების მხარდამჭერ აქციებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად ჩნდებიან და, რა თქმა უნდა, ამ უთანხმოების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობებიც იქნება. უდაოა, რომ ახალბედა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის შიგნით სტაბილურობისა და რეიტინგის შესანარჩუნებლად, თუნდაც ეს მათი მხრიდან მეტად არატრადიციული მეთოდების გამოყენება იყოს. შესაძლოა, ღირდეს ფიცის ტრადიციის ნიუანსების გათვალისწინება. შეფიცული სვანები, სავარაუდოდ, ვალდებული იქნებიან ირწმუნონ „ხუდონჰესის“ მშენებლობის მომხრეთა ფიცი სამშობლოს ერთგულებისა და სვანეთის მომავალი უსაფრთხოების შესახებ.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელთა ხატზე დაფიცება მემარცხენე ბუნების ადამიანების მხრიდან კრიტიკის საგნად გადაიქცევა, მაგრამ ლიბერალური ჯგუფებისთვის, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთერთი კუთხის ტრადიციების მიმართ პატივისცემად და გონივრულ გამოსავლად ჩაითვლება მხოლოდ. 7 სოფლის მოსახლეობის ძალადობრივი გზით გასახლების შედეგები, უდაოდ უფრო მძიმე იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე უძველესი ტრადიციებისადმი პატივისცემის გამოხატვაა.