ამერიკელი მუსიკოსი კეტ ჯენისი, რომელიც ბოლო კვირებში შვილისთვის მიძღვნილი სიმღერით პოპულარულ ჩარტებში აღმოჩნდა, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსის ოჯახი ავრცელებს ინსტაგრამზე.
"უსაზღვროდ მადლიერი ვართ იმ დიდი სიყვარულის გამო, რომელიც კეტმა და ჩვენმა ოჯახმა ბოლო თვეების განმავლობაში მივიღეთ", — წერია პოსტში, — "კეტის მუსიკა ისეთ ადგილებში აღმოჩნდა, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა. იგი ახლა მშვიდად განისვენებს, დარწმუნებული იმაში, რომ თავისი მუსიკით შვილს ისევ დაეხმარება. ეს ყველაფერი კი თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა".
ჯენისი, რომლის ნამდვილი სახელი კეთრინ იპსენი იყო, იანვარში ტიკტოკის ვარსკვლავად იქცა. პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სიმსივნის მქონე მუსიკოსმა განაცხადა, რომ თავის დაბადების დღეზე, 19 იანვარს, უკანასკნელ სიმღერას გამოუშვებდა, რომელიც შვილთან ერთად დაწერა. 7 წლის ლორენისთვის მიძღვნილ სიმღერაზე საავტორო უფლებები კეტმა შვილს გადაუფორმა, რათა შემოსავალი მასვე დარჩენოდა.
"მინდა, ჩემმა უკანასკნელმა სიმღერამ ბედნიერება და მხიარულება მოგიტანოთ", — განაცხადა მომღერალმა.ვიდეო ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა დააგროვა. მუსიკოსის სიმღერა Dance You Outta My Head კი ბილბორდისა და Itunes-ის ჩარტებში მოწინავე პოზიციებზეც აღმოჩნდა.
ინსტაგრამზე გაკეთებულ განცხადებაში ჯენისის ოჯახმა ასევე თქვა, რომ მუსიკოსისვე თხოვნით, მომავალში მისი სხვა სიმღერების გამოშვებასაც აპირებენ, მათგან მიღებული შემოსავალი კი ასევე ლორენს გადაეცემა.