მერაბიშვილის ბოდიში პოლიციელებს და ვაზაგაშვილის პასუხი მერაბიშვილს

მერაბიშვილის ბოდიში პოლიციელებს და ვაზაგაშვილის პასუხი მერაბიშვილს

ბრალდებული ვანო მერაბიშვილი იმ პოლიციელებს მიმართავს, რომლებიც, მისივე თქმით, ხელისუფლებისგან „ზეწოლას“ განიცდიან. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მათ მადლობას უხდის, რადგან გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. მერაბიშვილს ბოდიშს უხდის პოლიციელებს, თუმცა არაფერს ამბობს იმ ადამანიებზე, რომლებიც სწორედ იმ პოლიციელების მიერ არიან მოკლულნი, რომელთა წინააღმდეგაც დღეს გამოძიება მიმდინარეობს.

ასეთი კი სულ 170 ახალგაზრაა, რომლებიც ქუჩაში უმოწყალოდ იქნენ მოკლულები და ამ მკვლელობაში ბრალდებულებს, მერაბიშვილი თავად აფარებდა ხელს. არის უამრავი დაპატიმრებული ადამაინი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მერაბიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესში შედიოდა. ყველას კარგად ახსოვს რა მოხდა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, როდესაც შსს-ს თანამშრომლებმა ლაშა ხორგუანი, გოჩა და ხვიჩა მილდიანები დააკავეს.

დაკავების მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები გახლდათ ის, რომ ლაშა ხორგუანის ტელეფონიდან ვიღაცამ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანთან დარეკა, რომელიც სოდ-ის მაშინდელი შეფის, ირაკლი კოდუას რჩეული იყო. შეხსენებისთვის, ეს იმ პოლიციამ გააკეთა, რომლითაც მერაბიშვილი დღეს ამაყობს. პოლიციის მიერ სვანი ახალგაზრდების უკანონო დაკავება მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშიც მოხვდა.

მერაბიშვილის განცხადებით, 2012 წელს ჩვენ გვყავდა საზოგადოების მხრიდან მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი პოლიცია და მან ყველაფერი გააკეთეს და თითქმის შეუძლებელიც კი, ამ მიზნის მისაღწევად.

„მაგრამ მე ვერ შევძელი ყველაზე მთავარი - მე ვერ დავიცავი ქართველი პოლიციელები. ვერ დავიცავი როგორც ისინი, ვინც არ გატყდა და ამიტომ მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძრა და ვერ დავიცავი ასევე ისინიც, ვინც გატყდა და პროკურატურის დავალებით ცრუ ჩვენებებს იძლევა. მე ბოდიშს ვუხდი მათაც, ვინც განსასჯელის სკამებზე სხედან და მათაც, ვინც მათ წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა!

თქვენ არ შეგშინებიათ, როდესაც კანონიერ ქურდებთან ნამდვილი ომი გვქონდა. თქვენ ხომ მაინც გახსოვთ რამდენი მძიმე განსაცდელი გადავიტანეთ და რა ძნელი იყო ეს გამარჯვება. ირაკლი ფირცხალავას და მის მეგობრებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ. მინდა მოგმართოთ თქვენ და გითხრათ, ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენ გვერდით დგომა! მახსოვს, როგორ არ შედრკით კოდორის ოპერაციის დროს. მე დღესაც არ მავიწყდება ის გმირი პოლიციელები და ჯარისკაცები. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!“, - ამბობს მერაბიშვილი.

ამასთან მერაბიშვილი ბოდიშს უხდის ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს რომა შამათავას. როგორც თავად ამბობს, რუსულმა „გრუ“-მ ორი კონკრეტული პოლიციელის დაპატიმრებაზე ან ლიკვიდაციაზე საკმაოდ დიდი ჯილდო დააწესა. ისინი ზუგდიდში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელები იყვნენ - დიმიტრი კორძაძე და რომა შამათავა.

„მე ვერ დავიცავი დიმიტრი კორძაძე, რომელიც 2010 წელს ქართველმა კრიმინალებმა რუსული ფულის სანაცვლოდ ბათუმში ააფეთქეს. მინდა ბოდიში მოვუხადო მის ოჯახს, რომ მე იგი ვერ დავიცავი. მინდა ბოდიში მოვუხადო რომა შამათავასაც, რომელიც დღეს უსამართლოდ არის დაკავებული. მე ბევრს არაფერს ვიტყვი ამ ადამიანის შესახებ... ბოდიში, რომ ვერც შენი დაცვა მოვახერხე... და ბოლოს, დღეს, როდესაც ბევრი პოლიციელის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული, ბევრი განიცდის ზეწოლას, ბევრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ამ შენობაშიც მიმდინარეობს, მადლობელი ვარ განგების, რომ მაქვს პატივი დღესაც თქვენს გვერდით ვიჯდე, თუნდაც განსასჯელის სკამზე! თქვენს გვერდით დგომა ჩემთვის კვლავაც დიდი პატივია! 

ჩვენ ისტორიის წინაშე ეს პროკურორები ბრალს ვერ წაგვიყენებენ. ვერც ეს სასამართლო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ გაგვასამართლებს ისტორიის წინაშე. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ამ ეპოქით, რომ გავაჩინეთ პოლიციის რეფორმირების პირველი პრეცედენტი. ჩვენი განაჩენი ისტორიამ უკვე გამოიტანა. არც ჩვენს წინამორბედებს და არც ჩვენს შემცვლელებს ბედმა არ არგუნა ეს ბედნიერება. წლების შემდეგ არავის ემახსოვრება არც პროკურორის სიტყვა, არც პროკურორის ბრალდება, არც მოწმეების ჩვენებები, არც ჩემი დაცვის არგუმენტები და არც მოსამართლის განაჩენი. ჩვენს საქმიანობას შეაფასებენ ძალიან მოკლედ – ჩვენამდე და ჩვენს შემდეგ“,- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის მიმართვას გამოეხმაურა პოლიცილების მიერ კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომლის თქმით, ყველა კვალი მერაბიშვილამდე მიდის და ამ განცხადებით ცდილობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ არ მისცენ ჩვენება. ის ამბობს, რომ თავად მერაბიშვილის ბოდიშს არ მიიღებდა.

„მას რომ ბოდიში ჩემისთანა გაუბედურებული ოჯახებისთვის მოეხადა, მისგან ბოდიშს არ მივიღებდი და ჩემსავით ფიქრობს სწორედ ვანოს და მისი პოლიციის მიერ იმ 170 ჩაცხრილული ახალგაზრდის მშობლები. მაგას სინდისი რომ ჰქონდეს, ასეთ წერილს არ გამოქვეყნებდა. ის იყო ამ ბანდის შეფი. ამ პოლიციელებს იმიტომ ეფერება, რომ ყველა კვალი მასთან მიდის და ასე ცდილობს, რომ არ დაასახელონ.

სანდრო გირგვლიანის საქმე ყველამ ვიცით, როგორ კბილებით იცავდა მაშინ ამ მკვლელებს. იგივე ხდებოდა ბუტას და ჩემს შემთხვევაში. პოლიტიკურ განცხადებას და მსხვერპლად წარმოგვიჩენს თავს, რომელი პოლიტიკური პატიმარია გამაგებინეთ. ჩემი შვილი სახლიდან გავიდა და საღამოს ჩაცხრილული მომისვენეს, ასე რამდენია ჩაცხრილული ვანოს პოლიციის მხრიდან?! მისი მეთაურობით მოხდა ეს უბედურება ქვეყანაში. მან ეს ყველაზე უკეთ იცის და ეშინია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილი.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე თვლის, რომ მერაბიშვილი ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. მისივე თქმით, ფორმალურად ის იყო ყურადღებიანი მინისტრი, მაგრამ სამართლებლივად ის იყო მინისტრი, რომელიც ხშირად არღვევდა კანონს.

„ეს საზოგადოების შესაფასებელია და არა მგონია, რომ საზოგადოება აქ რამეში მოტყუვდეს. ეს მხოლოდ მისი მცდელობაა, რომ მოიპოვოს რაღაცა სახის სიმპათიები, მაგრამ ეს არის წარუმატებელი მცდელობა. ბოდიშის მოხდა სამართლებლივად არაფერი არ არის. ეს არაა არც მათი პასუხისმგებლობის შემსუბუქება, ან რაიმე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე. როგორც ყოფილი შს მინისტრი, ასე, ბოდიშით აიმედებს იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა მისი მინისტრობის დროს. არ ვიცი ეს რა რანგში უნდა შეფასდეს, ეს უკვე სხვა შეფასების საკითხია. მისი მხრიდან, ეჭვქვეშ დაყენება ჯერ კიდევ არ დამთავრებული სისხლის სამართლის საქმეებისა, ნამდვილად უზნეობაა და მეტიც, მისი ბოდიშების მოხდაც, უზნეობაა“, - ამბობს ნინო გვენეტაძე.