„შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო“

„შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო“

მსოფლიოს მასმედიაში ხშირად ვრცელდება „ინფორმაციები“, რომელთა დაჯერებაც საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისინი მაინც ფაქტებად რჩება. 

იაპონიაში 1 000 კაცია დასაქმებული სპეციალურ ფირმაში. მსურველს შეუძლია, ისინი არენდით იქირაოს და საკუთარ ნათესავებად გაასაღოს. იჯარით აყვანილ „მამიკოს“ შეუძლია, ბავშვის კრებაზეც კი მივიდეს. 

შვეიცარიაში ფერმერები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაცილებით ბევრს იწველება ძროხა, რომელსაც პატრონის სახელი ჰქვია.

რამდენიმე ინგლისელი თაღლითი 250 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდდა სასტუმრო „რიცს“ ლონდონში. მოლაპარაკებები საკმაოდ ცნობილ ბიზნესმენთან, კოლინზ ტერენსთან, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თანხის ნახევარი დასცინცლეს კიდეც. 

თქვენ არ მოგწონთ?! – გემოვნებაზე არ დავობენ. საუდის არაბეთის ერთ-ერთმა შეიხმა თავის საყვარელ ცოლს „გუანტანამო“ დაარქვა. ცოლს ჯერ მოეწონა ამ სიტყვის ჟღერადობა, მაგრამ, როცა გაიგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, გაბრაზდა და განქორწინება მოითხოვა.

მექსიკის პოლიციაში განგაშია: პოლიციელების 70 პროცენტი ისე გასუქდა, რომ მათთვის ფორმები ხელახლა შეკერეს. ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნით, ისინი იძულებით დიეტაზე დასვეს.

ქალაქ მანჩესტერის ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. „მის ინგლისმა“ ცხვირი გაუტეხა „მის მანჩესტერს“. ჩხუბი მამაკაცის, კონკრეტულად, ტელევარსკვლავ დევიდ მაკინტოშის გამო ატყდა. საქმე ისაა, რომ დევიდი ჯერ „მის ინგლისს“ ხვდებოდა, მერე კი მას „მის მანჩესტერი“ ამჯობინა.

8 წლის გერმანელმა ბიჭმა, კანფეტებზე, არც მეტი, არც ნაკლები, 1 680 ევრო დახარჯა. გამყიდველი ისე გააოცა ამ ფაქტმა, რომ პოლიციაში დარეკა. პოლიციამ მაშინვე მოძებნა „მფლანგველის“ მშობლები. აღმოჩნდა, რომ ბიჭუნა დედის საკრედიტო ბარათის ანგარიშს ანიავებდა.