შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან (ვიდეო)

შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან (ვიდეო)

საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას დღეს, ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მინისტრებმა მომავალში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ირაკლი ალასანიამ ყურადღება გაამახვილა ფრანგული მხარის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეულ პრაქტიკულ დახმარებაზე ნატოსთან თავსებადობის პროცესში.

„თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი და განსაკუთრებით შევეხეთ ჩვენს სამომავლო სამხედრო-ტექნიკურ ურთიერთობებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ თანამშრომლობის სფერო საფრანგეთთან. ვისაუბრეთ სამხედრო განათლების მიღების საკითხებზე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის ურთიერთგაგება არსებობს ჩვენს და ფრანგ სამხედროებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გეგმები არის ძალიან ფართო და მე მადლიერება მინდა გამოვხატო ფრანგული მხარის მიმართ, იმ ყურადღებისთვის, რასაც ისინი უთმობენ საქართველოს.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა პოსტ-ISAF პერიოდში. კოლეგები ვილნიუსისა და ნატოს 2014 წლის სამიტების მნიშვნელობასაც შეეხნენ.

ირაკლი ალასანიამ ფრანგ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ფრანგი დამკვირვებლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.