შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე, მაგრამ არ მივცემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„9 დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს, რა თქმა უნდა, უკავშირდება დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, ამიტომ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე [სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა] ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე, მაგრამ არ მივცემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ისაუბრეს ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ასევე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე.