სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა რისკის მქონე 4 ტიპის დაწესებულების ინიციატივით გამოდის. მაღალი რისკის ციხეში სასჯელს კრიმინალური ავტორიტეტები და „კანონიერი ქურდები“ მოიხდიან. ამავდროულად იქნება დაბალი რისკის დაწესებულებაში ის პატიმრები განთავსდებიან, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასეთ დაწესებულებაში კი პატიმრები სხვადასხვა პროფესიასაც შეისწავლიან.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის განცხადებით, თვითონ პატიმრების დაყოფა რისკის მიხედვით და შესაბამისად საპატიმროების დაყოფა რისკის მიხედვით არის სერიოზული ინოვაცია.
„ეს იქნება საშიშროების დაბალი რისკი, საშიშროების სტანდარტული რისკი, საშიშროების მაღალი რისკი და საშიშროების განსაკუთრბით მაღალი რისკი. ეს იქნება ისეთი მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ანდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სხვა თანამშრომლებს. მათი გავლენა გარესამყაროზე იქნება ნულის ტოლი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც ცნობილია, სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უკვე გადაუგზავნა, მათთან განხილვის შემდეგ კი, დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება. ექსპერტთა ნაწილის აზრით, დოკუმენტი ჯერ კიდევ დასახვეწია.
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ 4 სხვადასხვა ტიპის საპატიმროს აშენების თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივა კარგად გასაწერია, რომ საბოლოოდ არ მივიღოთ კიდევ ერთი გაუგებარი რეფორმა.
„ერთი მხრივ კარგია, რომ პატიმრების უსაფრთხოებაზე გაკეთდება აქცენტი, მეორე მხრივ ძალიან კარგია, რომ პატიმრებს ექნებათ გარკვეული სტიმული რატომ უნდა დაემორჩილონ რეჟიმს, რადგან ამ რეჟიმის დამორჩილების შემთხვევაში, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადავლენ. კარგად გასაწერია ეს დოკუმენტები, რომ საბოლოოდ არ მივიღოთ რაღაც კიდევ ერთი გაუგებარი რეფორმა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ინიციატივას დადებითად აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით, ყველაზე ცუდი რაც დღემდე სასჯელაღსრულებაში მივიღეთ, ეს იყო სისტემური გაუზრებლობა, როგორ, რა წესით უნდა გადანაწილებულიყო მსჯავრდებულთა თუ პატიმართა კატეგორია.
„სისიხლის სამართლის კოდექსში ხშირი ცვლილებები, არ იყო სისტემურად გააზრებული და სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე. უმთავრესია, რომ ამ ინიციატივაზე პასუხისმგებლობა აიღოს მთავრობამ და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი სისტემურად იქნება გააზრებული. ანუ ეს კონცეფცია განხილული იქნება მთავრობის მიერ და იქნება გაზიარებეული. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ სჭირდება მეტი ახსნა საზოგადოებაში და დოკუმეტად დადასტურება“, - აცხადებს ლევან ალაფრიშვილი.