წარსულში მსახიობ ტომ ჰოლანდს ნათქვამი აქვს, რომ მისი აზრით, ქარიზმა არ გააჩნია. აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული ზენდეია ჰოლანდს სულაც არ ეთანხმება. ზენდეია ფილმ Dune 2-ში იღებს მონაწილეობას და როდესაც ბოლო ინტერვიუში ჰკითხეს დიუნის მსახიობებიდან რომელს აქვს ბუნებრივი ქარიზმა, მან შეკითხვა თავის შეყვარებულზე სალაპარაკოდ გამოიყენა.
"მართალია, დიუნში არ თამაშობს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ბატონი ტომ ჰოლანდი ძალიან ქარიზმატულია. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე ნამდვილად იმოქმედა. ტომს ძალიან მარტივად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა. ტოქ-შოუებშიც ბუნებრივად აწყობს დიალოგებს, რაც მე უფრო მიჭირს, რადგან გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ცოტა მორცხვი და ჩუმი ვარ", — ამბობს მსახიობი.
როგორც ტომი თავად ხსნიდა, თავს ქარიზმატულად არ თვლის, რის გამოც, იმისათვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოს, შედარებით დიდი დრო სჭირდება.
"იმისთვის, რომ ვიღაც ჩემით მოიხიბლოს და რაღაც გამოგვივიდეს, საჭიროა, შევუყვარდე, ამიტომ გრძელი გზის გავლა მიწევს. ზენდეიასთან ისიც დამეხმარა, რომ ფილმში ერთად ვთამაშობდით, ჩვენს პერსონაჟებს კი ერთმანეთი უყვარდებოდათ. ახლა ბედნიერი და შეყვარებული ვარ და არ მჭირდება, რომ მას თავი მოვაწონო", — აღნიშნავს ჰოლანდი.
მსახიობები ერთმანეთს უკვე 3 წელზე მეტია ხვდებიან, თუმცა ურთიერთობის დეტალებს საზოგადოებას ძალიან იშვიათად უზიარებენ. საზოგადოება დიდხანს ეჭვობდა, რომ სპაიდერმენის ვარსკვლავები რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ. საბოლოოდ, ზენდეიამ და ტომმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს.
მოგვიანებით, ტომი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ შორის უამრავი გულისამაჩუყებელი მომენტის მომსწრენიც გავხდით.