ჰარი პოტერის სერიალის შესახებ უფრო მეტ დეტალს მოეფინა ნათელი. კინოსტუდია Warner Bros.-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ზასლავის თქმით, სერიალის პრემიერას 2026 წლისთვის უნდა ველოდოთ. როგორც ცნობილია, პროექტი 7 სეზონად არის ჩაფიქრებული — თითოეული პოტერიადის ერთი წიგნის ეკრანიზაციას დაეთმობა.
ზასლავმა ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელთან, ჯოან როულინგთან, შესახვედრად.
"რამდენიმე კვირის წინ ლონდონში ვიმყოფებოდით, ჯოან როულინგთან და მის გუნდთან დიდი დრო დავყავით", — აღნიშნავს კინოსტუდიის ხელმძღვანელი, — "ფრენჩაიზისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვით ორივე მხარე აღტაცებულია. ჩვენი საუბარი შესანიშნავად წარიმართა, სამომავლო გეგმები კი კიდევ უფრო სასიხარულოა. ერთი სული გვაქვს, როდის გავატარებთ ახალი ისტორიების ათწლეულს ფანებთან ერთად".
ამ განცხადებით ზასლავმა აქამდე გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა — მასშტაბური პროექტი 10 წელს გასტანს. ამასთან, ისიც ვიცით, რომ სერიალის გადაღებებში აქტიურად იქნება ჩართული თავად როულინგი, რომელიც აღმასრულებელი პროდიუსერის როლს მოირგებს.
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმები, ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ, საბოლოოდ შარშან დადასტურდა. მაშინ გავიგეთ, რომ HBO Max, რომელიც უკვე Max-ის სახელით მაუწყებლობს, ჯადოსნური სამყაროს ეკრანზე გასაცოცხლებლად მაღალბიუჯეტიან პროექტზე მუშაობას იწყებდა.
ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.