თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" წელს 17-21 მაისს გაიმართება. მისი ჩატარების ძირითადი სივრცე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, 19 მაისს კი ფესტივალს გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს.
წლევანდელი ფესტივალი განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე - ახალი ლოგო და ანიმაცია - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ანიმატორების, თეა ვაწაძისა და ნიკოლოზ გელაშვილის შემოქმედებაა. წელს, ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: ბოგდან ძივორსკი - პოლონეთი, ინეკე სმიტსი - ნიდერლანდები. დოვერ ქოსაშვილი - ისრაელი, ანდრეა ვინკი - გერმანია და ირა კუჭუხიძე - საქართველო.
ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრი უსასყიდლოდ ჩაატარებს მასტერკლასს ან პრეზენტაციას სტუდენტებისათვის. გაიმართება შვეიცარიის, პოლონეთის, თელ ავივის, ჰოლანდიის და გერმანიის კინოსკოლების პრეზენტაციები, რომლებსაც თავად კინოსკოლების წარმომადგენლები ჩაატარებენ.
ფესტივალს ესტუმრება ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის კინო ფაკუტეტის ხელმძღვანელი ჟან პერრე. იგი გამართავს ჟან ჟაკ რუსოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ფესტივალზე იქნებიან წარმომადგენლები სომხეთიდან ნუნე მანუკიანი (“როლან ბიკოვ ფაუნდეიშენი“) და აზერბაიჯანიდან ფეჰრუზ შამიევი (ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცენტრი “სინემა“).
კიდევ ერთი ცვლილება 2011 წლიდან - “ამირანით“ 4 ფილმი დაჯილდოვდება: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმები. ცალკე გაიცემა ჟიურის პრიზი. ამ ოთხი ნომინაციის გარდა, სპეციალური დიპლომებით აღინიშნებიან სტუდენტები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში.