საცობებით გადატვირთულ თბილისს 12 მეტრის სიგრძის ავტობუსები შეემატება

საცობებით გადატვირთულ თბილისს 12 მეტრის სიგრძის ავტობუსები შეემატება

დედაქალაქის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა. ავტობუსების ჯამური ღირებულება 55 550 000 ლარს შეადგენს. ახალი ავტობუსები ე.წ. დიდი „ბოგდანის“ ტიპის ავტობუსებს ჩაანაცვლებს, რომლებიც თავის მხრივ, პატარა ავტობუსებს შეცვლიან. ეს იქნება 12 მეტრის სიგრძის, ამჟამინდელზე 20-25 %-ით მეტი ტევადეობის ევროპული სტანდარტის შესაბამისი ავტობუსი, რომელიც არანაკლაბ 85 ადამიანს დაიტევს.

ახალ ავტობუსს გაგრილება-კონდიცირების სისტემა ექნება, ხოლო ზოგიერთი პატარა ავტობუსი, რომლებმაც რესურსი ამოწურა, ჩამოიწერება. გაბარიტებიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები ძირითადად ცენტრალურ გამზირებზე იმოძრავებენ.

მერიის მოთხოვნების შესაბამისად, ავტობუსებში გამოიყოფა სივრცე, მინიმუმ, ერთი ეტლისთვის, შუა კარები აღიჭურვება მექანიკურად გადასაშლელი დაფით, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ავტობუსები იმუშავებს ბუნებრივ აირზე, იქნება ეკოლოგიურად სუფთა, აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. კონდიციონერები კი თბილისის კლიმატურ პირობებზე იქნება მორგებული.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე, განთავსდება ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა. როგორც ამბობენ, დღევანდელ პირობებში, ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ახლანდელი ავტობუსების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ მგზავრების მიერაა დაზიანებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალი ავტობუსები მწვანე შეფერილობის იქნება.

თავის დროზე, თბილისში ჰოლანდიიდან და უკრაინიდან მეორადი (20-25 წლის დაძველებული) ავტობუსების შემოყვანამ აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგს ამ ავტობუსების ყვითელი ფერი აღიზიანებდა, ზოგსაც ის ფაქტი, რომ ამ ავტობუსებში მათ ღირებულებასთან შედარებით, თითქმის, ორჯერ მეტი თანხა იყო გადახდილი და აუცილებელი იყო მათი გადაწყობა თურქეთიდან შემოტანილი სათადარიგო მასალებით. მართალია, გვარწმუნებდნენ, რომ უკრაინული „ბოგდანები“ მეტად კომფორტული, კონდიცირების სისტემით აღჭურვილი იყო და ყოველ ხუთ წუთში ივლიდა, თუმცა მგზავრები არა მარტო „ბოგდანის“ ავტობუსების ლოდინს უჩიოდნენ, არამედ იმასაც, რომ ზოგჯერ გადატვირთულ ავტობუსებში უწევდათ ასვლა. მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია კი ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვდა. ამას დაემატა ტარიფების მატებაც და, ავტობუსებით მოსარგებლე გაჭირვებული ფენისთვის ეს 50-თეთრიანი ტარიფიც მეტად სოლიდური აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დისკომფორტზე, რასაც ყოველ გაჩერებაზე ამოსული კონტროლიორები უქმნიან მოსახლეობას.

რამდენად მომგებიანი იქნება დედაქალაქის გადატვირთულ ქუჩებში 12 მეტრის სიგრძის ავტობუსის გადაადგილება?! ამ თემასთან დაკავშირებით For.ge თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს აკაკი ჯოხაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, 12 მეტრის სიგრძის ავტობუსი არანაირ პრობლემას არ შეუქმნის დედაქალაქს. პირიქით, გაუმარტივებს მგზავრებს ავტობუსით გადაადგილების საშუალებას. დღესდღეობით ბევრ მარშრუტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა იმის გამო, რომ მერიას არ ჰყავს დიდი ტევადობის ავტობუსი, ჭირს მგზავრთა გადაადგილება.

ამასთან, აკაკი ჯოხაძე აცხადებს, რომ 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანის გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღეს, რომ ძირითად მარშრუტებზე, ცენტრალურ გზებზე პიკის საათებში მგზავრთა მომსახურების პრობლემა შეიქმნა. ეს სტანდარტი კი მათ მისცემს საშუალებას, უფრო მეტ მგზავრს ხარისხიანად მოემსახურონ. თანაც, ახალ ავტობუსებს სამი ძირითადი მახასიათებელი ექნება: ყველა ავტობუსი აღჭურვილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის, კონდიცირებით და, რაც მთავარია, ყველა ავტობუსი იმუშავებს არა დიზელზე, არამედ ბუნებრივ გაზზე. ეს ბევრად ეკონომიური იქნება და 50-თეთრიანი ტარიფიც ძალაში დარჩება.

„თუ რა ტიპის ავტობუსს შემოვიყვანთ, ამას ტენდერი გვიჩვენებს. გაზაფხულზე უნდა დაიწყოს ამ ავტობუსების მოწოდება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდეს. ქალაქში ავტოპარკის განახლება აუცილებელია, რადგან ჩვენი ავტობუსები მეტ-ნაკლებად მოძველდა. დღეს არსებული დიდი ავტობუსების მარშრუტებს ჩაანაცვლებს ეს ახალი ავტობუსები, შემდეგ უკვე იმ მარშრუტებზე, სადაც დღესდღეობით პატარა ავტობუსები დადის, მგზავრთა მოთხოვნიდან გამომდინარე, „ბოგდანის“ ტიპის დიდ ავტობუსებს დავნიშნავთ“, - აცხადებს აკაკი ჯოხაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისში გვყავს 148 დიდი ტევადობის ავტობუსი. მართალია, აკაკი ჯოხაძეს არ ახსოვს, რა დაჯდა ამ ავტობუსების შეძენა თავის დროზე, მაგრამ გვპირდება, რომ გაგვირკვევს. იგი იმასაც აცხადებს, რომ ახალი ავტობუსები ქალაქში, მინიმუმ, 10-12 წლის განმავლობაში იმოძრავებს. ხოლო უკვე არსებული ავტობუსების ვარგისიანობა დაახლოებით 7-8 წელია.

თუ სად იწარმოება ახალი ავტობუსები, ამ ინფორმაციას აკაკი ჯოხაძე არ ფლობს და განმარტავს, რომ ამას გავიგებთ იმ დღეს, როცა საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება. თუმცა აზუსტებს, რომ ანალოგიური ტიპის ავტობუსები ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ანუ მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქვეყანაში იწარმოება.

„თითოეული ავტობუსის საბოლოო ფასსაც მაშინ გავიგებთ, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია თავის ფასს დაგვიდგენს. ავტობუსების ამ სერვისის მთლიანი ღირებულება კი, სავარაუდოდ, 55 მილიონ ნახევარი ლარია“, - გვითხრა აკაკი ჯოხაძემ.

როგორც For.ge-მ გაარკვია, ახალი ავტობუსების ღირებულერაბ 6-7-ჯერ მეტია ყვითელ ავტობუსებში ე.წ. „ბოგდანებში“ გადახდილ თანხასთან შედარებით. ამდენად, საკრებულოში პირად საუბრებში არ მალავენ, რომ შესაძლოა, ეს თანხები გაბერილი იყოს და თვითმმართველობის არჩევნებში მერიის ინტერესს უკავშირდებოდეს.

ჩვენ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით ჯინჭარაძეს დავუკავშირდით. იგი აცხადებს, რომ ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადასახედია მოთხოვნა, წინმსწრები წესით ამხელა თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

„ჯერ არცერთი ავტობუსი არ არის შემოყვანილი. ამდენად, გაურკვეველია, ამხელა თანხა წინასწარ რატომ უნდა გადაიხადოს მერიამ. საკრებულოს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ახალი ავტობუსების შემოყვანას მხარს დაუჭერს თუ არა. სავარაუდოდ, გუნდში გადავწყვეტთ ამას. თბილისის საკრებულო არ გამორიცხავს ამ თემაზე დებატების დაწყებას. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის პრიორიტეტული ქალაქში. ამიტომ, ალბათ, ამ პრიორიტეტებს მივანიჭებთ უპირატესობას, ვიდრე კონკრეტულად ამ ავტობუსების შეძენას“, - აცხადებს დავით ჯინჭარაძე.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მერიის სატენდერო დოკუმენტაცია შეისწავლება საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ და გაირკვევა, ავტობუსების შესაძენი თანხები რამდენად სწორად არის დათვლილი. თუ ხარვეზი ან შეგნებული შეცდომა გამოჩნდება, ამაზეც რეაგირებას მოახდენენ.

დავით ჯინჭარაძე განმარტავს, რომ თბილისის მერიაში სატრანსპორტო სამსახურის განყოფილება არსებობს, რომელიც უშუალოდ ითვლის ტრანსპორტის გადაადგილების სიხშირეს, თუ რამდენი ათასი ტრანსპორტი დადის კონკრეტულ ადგილებზე. და, თუ რაიმე შეცდომა აღმოჩნდება, სწორედ ეს ხალხი იქნება პასუხისმგებელი, რომ ამ სიგრძის ავტობუსმა არ შექმნას დამატებითი პრობლემა.

„რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, როცა ნაკლები რაოდენობის, მაგრამ დიდი გაბარიტის მქონე ავტობუსი დადის ქალაქში, საცობი უფრო ნაკლებადაა, ვიდრე ავტობუსების სიჭარბისას, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი პრაქტიკაში გამოიცდება“, - აცხადებს დავით ჯინჭარაძე.

ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არის უბნები, სადაც 12-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილება პრობლემა იქნება, თუმცა არის უბნები, სადაც ამ გაბარიტის გადაადგილება პრობლემას არ შექმნის. ამისთვის პატარა ავტობუსები და მიკროავტობუსები არსებობს. თუმცა ლავრენტი ალანიასთვის მთავარია, რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდება ტენდერი და, თუ პრობლემები გაჩნდება, საკრებულო და პროკურატურა ამას გამოიძიებს.

ჩვენ ვესაუბრეთ ავტობუსის მძღოლებსაც. ისინი აღნიშნავენ, რომ ავტობუსები ძალიან ხშირად ფუჭდება და ავტოპარკი გასაახლებელია. ამას ემატება მათი გამონაბოლქვიც. ამდენად, საჭიროა, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა.