აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს გიჟი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერმა ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ გვყავს გიჟი, ბ***შვილი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ტრამპი ამბობს, რომ, ალექსეი ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის გაოგნებულია ტრამპის ამ განცხადებით.
„ზოგიერთი რამ, რასაც ეს ადამიანი ამბობს, მაგალითად, ნავალნისთან საკუთარი თავის შედარება, განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტურ ქვეყნად იქცა და მას დევნიდნენ ისე, როგორც ნავალნის, არ ვიცი, საიდან მოდის ეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.