„ბუკინისტურ მაღაზიებში ეროვნული ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნები აღმოვაჩინეთ“

„ბუკინისტურ მაღაზიებში ეროვნული ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნები აღმოვაჩინეთ“

მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, ბატონ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა მომიწია და ჩვენი საუბრის შემდეგ ერთი საინტერესო პროექტი დაიბადა.

შეხვედრისას ბატონმა გიორგი კეკელიძემ შემომთავაზა, რომ მისი უშუალო დახმარებით ბიბლიოთეკის არქივით აქტიურად მესარგებლა და ვებ-გვერდის დახმარებით ქართველი მკითხველისთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიის შედარებით მივიწყებული მასალები გამეცნო.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ წინა საუკუნის 50-იან წლებამდე გამოშვებულ მასალებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული და მათი დაქსეროქსება სასტიკად აკრძალულია. ბატონმა გიორგიმ საშუალება მომცა რომ ძველ ქართულ პრესას გავცნობოდი და ვებ-გვერდის დახმარებით ეს საინტერესო სტატიები მკითხველისთვის მიმეწოდებინა.

რუბრიკა „რეტრომედიის“ ახალი განყოფილება „ძველი არქივი“ „მწყობრში“ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს შევიდა და იმ დღიდან მოყოლებული აქტიურად ფუნქციონირებს.

რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა კიდევ ერთხელ მომიწია და გიორგი კეკელიძესთან ინტერვიუს აღების შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. ალბათ საინტერესოა რას ფიქრობს ახალგაზრდა დირექტორი „ძველი არქივის“ შესახებ. ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არაერთი მნიშვნელოვანი სიახლეა და ყოველივე ამის შესახებ გიორგი კეკელიძეს ვესაუბრე. თავდაპირველად „for.ge”-ს რუბრიკა „რეტრომედიას“ შევეხეთ.

- ჩვენი საუბრის დასაწყისში ნება მომეცით რომ ვებ-გვერდი „for.ge”-ს შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ ჩემი პატივისცემა განსაკუთრებით გამოვხატო. თქვენი საიტი ამჟამინდელი ქართული ელექტრონული მასმედიის ერთ-ერთი ლიდერია და მასზე გამოქვეყნებულ მასალებს ყოველდღიურად დიდი ინტერესით ვეცნობი. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ პროექტს - ვგულისხმობ რუბრიკა „რეტრომედიაში“ განთავსებულ ყოველდღიურ „ძველ მასალებს“ - იმედი მაქვს რომ ის ჩვენი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. კარგი,ა რომ თქვენს ვებ-გვერდზე ყოველდღიურად თავსდება მასალები, რომლებზეც თანამედროვე მკითხველს შედარებით ნაკლები ინფორმაცია გააჩნია. გარკვეული მიზეზების გამო ეს სტატიები დიდი ხნის განმავლობაში ქართული საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული გახლდათ. ალბათ საინტერესოა წინა საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ხელახლა გაცნობა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის ამჟამინდელთან შედარება.

არ შევცდები და მაშინდელ პრობლემებსა და ქვეყნის დღევანდელ ცხოვრებას შორის არაერთ საერთოს აღმოვაჩენთ. განსაკუთრებით საინტერესოა იმ გზის ხელახლა გაცნობა რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გამოიარა, ამ გამოცდილებიდან რა გაკვეთილი გამოვიტანეთ და იგივე შეცდომებს თუ ვუშვებთ.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ჩვენს ერთობლივ წამოწყებას გულითადად მივესალმები და გპირდებით რომ მომავალშიც არაერთი საინტერესო მასალის მოძიება-გამოქვეყნებაში დაგეხმარებით. ბიბლიოთეკაში საარქივო ფონდების განახლება მუდმივად მიმდინარეობს და ამ მასალებს დროთა განმავლობაში „for.ge”-ს მკითხველებიც გაეცნობიან. ნება მომეცით ამ თემაზე ერთი განმარტებაც გავაკეთო. ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო, წინა საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდის პერიპეტიები ფართო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი გახლდათ. მივესალმები, რომ ამ თემას „ძველი არქივი“ სერიოზულად აშუქებს.

ცოტა ხნის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ლევილში იმყოფებოდნენ...

- მართალი ბრძანდებით. რამდენიმე თვის წინ ქართული ემიგრაციის ისტორიული წყაროების მოძიება დავიწყეთ. ამ მიზნით პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ეროვნული ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელი პარიზთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ლევილს ესტუმრა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში დახმარებისთვის საფრანგეთში ქართული საელჩოს წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

ჩვენ განვახორციელეთ ლევილში დღემდე შემორჩენილი და გადარჩენილი ფონდის სრული ინვენტარიზაცია და მათი ელექტრონულ ფორმატზე განთავსება. ამ მასალების ხილვა ქართულ საზოგადოებასა და თქვენი ვებ-გვერდის მკითხველებს უახლოეს მომავალში შეეძლებათ. ალბათ საინტერესოა როგორ უყურებდნენ და აფასებდნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. არაერთი საინტერესო დოკუმენტი ჩამოვიტანეთ.

სამწუხაროდ ლევილში მდებარე ბიბლიოთეკა არასახარბიელ მდგომარეობაში დაგხვდა. მისი დიდი ნაწილი განადგურებული და გატაცებულია. მოგეხსენებათ, საფრანგეთში არაერთი ქართველი მკვლევარი ჩადიოდა. ამ ხალხის ერთმა ნაწილმა ეს საგანძური ხელთ გაიყოლა და მათი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ბუკინისტების კუთვნილებაში აღმოჩნდა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მოგახსენოთ. რამდენიმე თვის წინ დავუკავშირდით გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის გოეთეს სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს და დავიწყეთ ღონისძიება „ქართული ენის კორპუსის“ განხორციელება. უახლოეს მომავალში ამ ინსტიტუტში არსებული ქართული მასალები ბინას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს. რასაკვირველია მათი გაცნობა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

„ბუკინისტები“ ახსენეთ და საინტერესოა ეს სფერო ამჟამინდელ საქართველოში როგორ არის განვითარებული?

- სამწუხაროდ, ჩვენი ამჟამინდელი საზოგადოება წიგნის სიყვარულით ვერ დაიკვეხნის და ბუკინისტური მოძრაობა რამდენიმე „ენთუზიასტის“ ხელში იმყოფება. დღევანდელ თბილისში წიგნებით ვაჭრობა აქტუალური არ გახლავთ და ჩემი მოსაზრების სისწორეში რამდენიმე შემორჩენილი ბუკინისტიც დამეთანხმება. ქართველებში წიგნი პოპულარობით არ სარგებლობს და ამ სამწუხარო ფაქტს ვერ გავექცევით. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 1997 წელს თბილისის ბუკინისტურ მაღაზიებში ჩემმა თანამშრომელმა ლევან თაქთაქიშვილმა რამდენიმე რარიტეტული გამოცემა აღმოაჩინა რომელიც თავის დროზე ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაიკარგა.

ვიცი რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მონათესავე საზღვარგარეთულ დაწესებულებებთან საჭირო კონტაქტები დაამყარა.

- ცოტა ხნის წინ კიევში მდებარე უკრაინის პარლამენტის ბიბლიოთეკასთან და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკასთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტები დავამყარეთ. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მივაღწიეთ შეთანხმებას რომ მომავალში ჩვენი ბაზები ერთმანეთში გავცვალოთ. შეიძლება თბილისში უკრაინელებისათვის საჭირო გამოცემები გვქონდეს, ან პირიქით, კიევში ჩვენთვის საინტერესო მასალა აღმოჩნდეს.

ერთ საინტერესო ფაქტს მოგახსენებთ. რამდენიმე წლის წინ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის მასალები გადმოეცა. გაგიკვირდებათ და ხელში ცნობილი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგოს ხელნაწერიანი გამოცემა ჩაგვივარდა. ეს წიგნი მსოფლიო ბაზარზე ფასდაუდებელთა კატეგორიაში გადის. სამწუხაროდ ჩვენთან მოხვედრამდე ყურადღებას არავინ აქცევდა და ერთ ნესტიან და დაობებულ ოთახში ინახებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წიგნმა საქართველოში თავისი უპირველესი ფუნქცია დაკარგა და ჩვენს შეძლებულ თანამემამულეებს რარიტეტული გამოცემის შეძენას ცნობილი მხატვრის სურათის ყიდვა ურჩევნიათ.

რას აკეთებს ეროვნული ბიბლიოთეკა ახალგაზრდა თაობის წიგნიერების დონის ასამაღლებლად?

- სამწუხაროდ დიდ ვერაფერს. ეს პრობლემა დღის წესრიგში აქტუალურად დგას და მასობრივი კომპიუტერიზაციის პირობებში ახალგაზრდობის ნაწილი განათლებით ვერ დაიკვეხნის. მესმის რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყანაში წიგნის პოპულარიზაციას ხელს უნდა უწყობდეს, მაგრამ ამისი ფინანსური რესურსები ჯერ არ გაგვაჩნია. მომავალში ვფიქრობთ რომ სპონსორების შესაძლო მოძიების შემთხვევაში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე კონკურსი გამოვაცხადოთ. ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. უახლოეს მომავალში საქართველო ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინგრენის კონკურსზე ერთ ნაწარმოებს გააგზავნის. მალე სპეციალურ კონკურსს გავმართავთ და გამარჯვებული ნაწარმოები შვედეთში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

ცოტა ხნის წინ გერმანიაში ბრძანდებოდით...

- გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ტრადიციული წიგნის ბაზრობა გაიმართა და ამ ღონისძიებაზე საქართველოც იყო წარმოდგენილი. ჩვენი დელეგაცია მრავალფეროვანი გახლდათ. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ფრანკფურტში 14 მწერალი და ორი პოეტიც გავემგზავრეთ. სასიხარულოა რომ ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო ახალგაზრდა ქართველ მწერალ თამთა მელაშვილს გადაეცა.

ჩვენი ფრანკფურტში ყოფნის უმთავრესი მიღწევა ის გახლდათ, რომ ანალოგიურ ბაზრობას, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს. მომავალი ღონისძიებისთვის მზადება უკვე უნდა დავიწყოთ და ამ საქმეში ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ჩაერთვება. უპირველეს რიგში აუცილებელია რომ თანამედროვე ქართველი მწერლების 150 გამოცემა ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოვცეთ.

სამწუხაროდ ქართველი მწერლები უცხოეთში მაღალი ცნობადობით თავს ვერ დაიკვეხნიან. ფრანკფურტში ყოფნისას აღმოვაჩინე რომ საზღვარგარეთ მხოლოდ შოთა რუსთაველისა და გრიგოლ რობაქიძის სახელები იციან. თანამედროვე მწერლებიდან კი მხოლოდ აკა მორჩილაძე გაუგონიათ. გადაწყვეტილი გვაქვს რომ უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველოს ისტორიისა და ფოლკლორის შესახებ ნაშრომები ინგლისურად და გერმანულად გადავთარგმნოთ და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოვცეთ. იმედი მაქვს რომ ამ სერიოზულ ღონისძიებას სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით და თავს არ შევირცხვენთ.