იმპრესიონიზმი და ავანგარდული სრულყოფილება მოდაში – ლეგენდარული თიერი მუგლერი

იმპრესიონიზმი და ავანგარდული სრულყოფილება მოდაში – ლეგენდარული თიერი მუგლერი

ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, თიერი მუგლერი იყო შემოქმედი, რომლის ესთეტიკური თვითმყოფადობა გახდა ფუტურისტული დიზაინის და ყოვლისშემძლე ქალის სინონიმი. ადამიანი, რომლის ნამუშევრები ხელოვნების ნიმუშებად იქცა…

დიზაინერი, რომელიც დივებს, ქალღმერთებს და პრიმადონებს ეგზოტიკურ ქმნილებებად, ეროტიკულ ენიგმებად და ფანტასტიკურ არქეტიპებად აქცევდა.

თიერი მუგლერის მოდის ჩვენებები დრამატულად ორკესტრირებული გენიალური სპექტაკლები იყო. ის იყო წინასწარმეტყველი, ინოვატორი, “ბოროტმოქმედისა” და “მეოცნების” ნაზავი, ადამიანი, რომელიც მოდის ინდუსტრიას ასე უკიდურესად სჭირდებოდა. ალბათ, რომ არსებობდეს პრიზი მოდაში “საუკეთესო შესაძლებლობა კონცეფციის სრულყოფილებაში” უდავოდ მას მივანიჭებდით.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თიერი მუგლერი მოდის ინდუსტრიის ყველაზე ავანგარდული კონცეფციაა თანამედროვე ისტორიაში! მან არამარტო ქალების ფენომენი, არამედ მოდაში ფრანგების კონცეპტუალიზმისადმი ხედვა შეცვალა. მის დიზაინს არ გააჩნია დრო, რადგან ისინი ყველა ესთეტიკას შეესაბამება, რომელიც ქალის არსზე ორიენტირდება.

მუგლერის Couturissime კულმინაციას განიცდიდა ტრანსჰუმანიზმთან, რომელიც კვეთდა მის ხედვას სხეულსა და ტექნოლოგიას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. თიერიმ სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები თანამედროვე ჭრილებს შეუერთა და ლეგენდარული რეტრო-ფუტურისტული ფემბოტი მიიღო. მუგლერი აღმერთებდა ქალის ფემინურობას, მაგრამ სამოსში მათი დომინანტობის დანახვა სურდა. მისი ქმნილებები იყო სხეულის არქიტექტურა, რადგან მას ჰქონდა განსაკუთრებული სტრუქტურის მეთოდი, რომელიც ქალის სილუეტს მიმზიდველ ფორმას აძლევდა. თიერი მუგლერმა შექმნა საკუთარი ფანტაზმაგორიული სამყარო და ქალები კოსმოსურ ვიქსენებად აქცია. ეს იყო მეტამორფოზა, მდედრობითი სქესის სუპერგმირები და სამეცნიერო ფანტასტიკის კიბერნეტიკული ორგანიზმები (კიბორგები).

თიერი მუგლერი “ქმნიდა” ქალებს, რომელთა სუპერძალაც მაცდურობა, უშიშრობა და თავდაჯერებულობა იყო. Muglerized Woman – ეს იყო ქალი, რომელსაც მგრძნობიარე და ცეცხლოვანი, ამადროულად კი ცივი და უშიშარი “სული” ჰქონდა.