ავდიივკიდან ქაოტური უკანდახევის დროს ასობით უკრაინელი ჯარისკაცი შესაძლოა ტყვედ ჩავარდა, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი დასავლელი მაღალჩინოსნებისა და უკრაინელი ჯარისკაცების შეფასებებზე დაყრდნობით.
"შეფასებები იმის შესახებ, თუ რამდენი უკრაინელი ჩავარდა ტყვედ ან გაუჩინარდა, განსხვავებულია და ზუსტი რაოდენობის დადგენა შეიძლება შეუძლებელი იყოს მანამ, სანამ უკრაინა არ გაამაგრებს ახალ თავდაცვით ხაზებს ქალაქის გარეთ", - ნათქვამია სტატიაში.
უკრაინელი ჯარისკაცების შეფასებების თანახმად, 850-დან 1000-მდე ჯარისკაცი, როგორც ჩანს, ტყვედ ჩავარდა ან დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ შეფასებას დასავლელი ოფიციალური პირებიც იზიარებენ.
"ასობით ჯარისკაცის, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე გამოცდილების მქონე ჯარისკაცების დატყვევება, გაართულებს მეტი ჯარისკაცის გაწვევის ძალისხმევას", - წერს The New York Times-ი.
უკრაინის სამხედრო სარდლობამ აღიარა, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა ავდიივკადან უკან დახევისას.
17 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა დატოვა.