თემურ სამადაშვილი და სხვები - კიდევ ერთი ”ნაციონალური” ისტორია (დასასრული)

თემურ სამადაშვილი და სხვები - კიდევ ერთი ”ნაციონალური” ისტორია (დასასრული)

ყველაზე მძიმე თემა კი, სოფელ ხევში აშენებული სკოლაა - მუშებს ხელფასები დღესაც აუღებელი აქვთ. სიხარულიძე დავალიანების არსებობას ადასტურებს და ითხოვს, მის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა მოხსნან, რომ არსებული დავალიანებები გაისტუმროს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს საკითხი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, იმდროინდელ გუბერნატორის, რამაზ ნიკოლაიშვილის (დღეს იგი ტნფრასტრუქტურის მინისტრია) მოადგილესთან, მამუკა ლეჟავასთან "გაირჩა". საქმეში ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელი კუკულავაც იყო ჩართული. იმ დროს კუკულავა ჩოხატაურელთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა და მუშების განაწყენება ყველაზე ნაკლებად "აწყობდა". ისინი საარჩევნოდ დაპირებებით გააჩერეს, საქმის კურსში პრემიერი გილაურიც კი ჩააყენეს. როგორც გვითხრეს, უშუალოდ გილაურმა გასცა დაპირება, რომ არჩევნების შემდეგ მუშებს სახელფასო დავალიანებას გაუსტუმრებდნენ, თუმცა, ეს თანხა დღემდე ვალად რჩება.

მამუკა ლეჟავა დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ სმენია, თუმცა, დეტალებს ვერ იხსენებს: ”ნამდვილად არ მახსოვს მსგავსი შეხვედრის შესახებ. მე როგორ დავპირდებოდი თანხის მიცემას? ეს არც ჩემი და არც გუბერნიის კომპეტენციაში არ შედის. გილაურს არასოდეს დავლაპარაკებივარ”.

მუშებისთვის დავალიანების მიცემის პირობას კუკულავაც უარყოფს. იგი მუშების და ლეჟავას შეხვედრის ფაქტსაც კატეგორიულად გამორიცხავს. ”ამ საქმის კურსში ვარ, თუმცა, არანაირი შეხვედრა მამუკა ლეჟავასთან არ მქონია. მუშები ინსტანციიდან ინსტანციაში დადიოდნენ და ხელფასს ითხოვდნენ. ჩვენ დავაკვალიანეთ, რომ სასამართლოსთვის მიემართათ”, - აღნიშნა დეპუტატმა.

”ხევის სკოლის პროექტის თანახმად, მხოლოდ მეორე სართული უნდა გაგვეკეთებინა ხის მასალით, - იხსენებს დავით სიხარულიძე, - თუმცა, როცა სკოლა დავშალეთ, აღმოჩნდა რომ პირველ სართულსაც ესაჭიროებოდა შეკეთება და მასზე მეორე სართულის დაშენება არ შეიძლებოდა. დამკვეთს მოვახსენეთ ამის შესახებ, მაგრამ დამატებითი თანხები იყო საჭირო და არ დაგვთანხმდნენ. მთხოვეს, როგორმე გამემაგრებინა კედლები და მეორე სართული დამეშენებინა. სოფლის გამგებელი იყო მამალაძე, კარგი ახალგაზრდა კაცი, ფიზიკურად მუშაობდა მშენებლობაზე. სკოლის ახალი კედლის აშენებას მთხოვდა და თავის თავზე იღებდა, რომ სოფლის მცხოვრებლებს დაგვახმარდა. გავრისკე, პირველი სართულიც დავანგრიე და ახალი, ბათუმიდან ჩამოტანილი ბლოკებით ავაშენე. დამკვეთი რომ ჩამოვიდა, გაგიჟდა - ეს რა გააკეთეთ, თანხას არ დაგიმატებთო. არ მინდა დამატება, ეს სოფელს ჩემგან ექნება საჩუქრად,-მეთქი. ამის გამო მოხდა მშენებლობის ცოტა გაჭიანურება, რასაც მოჰყვა დამკვეთის მიერ ჩვენი 20 000 ლარით დაჯარიმება.

ხევის რწმუნებული ახლაც ლევან მამალაძეა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამუშაოების ნაწილი ხარისხიანად შესრულდა, ნაწილი - უხარისხოდ.

- მე ვერ გეტყვით, რატომ დააგვიანდა სამუშაოებს შესრულება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სკოლის მშენებლობაზე მე პირადად და ჩემი თანასოფლელები ფიზიკურად ვმუშაობდით. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ღამითაც გვიმუშავია...

დავით სიხარულიძე ამბობს, რომ რემონტის დაგვიანება პროექტით გაუთვალისწინებელმა სამუშაოებმა განაპირობა.

- ვერ გეტყვით. შესაძლებელია.

რამდენად ხარისხიანად არის სამუშაოები შესრულებული?

- ზოგი ხარისხიანია, ზოგი - არა. ახალგადახურულზე წყალი ჩამოვიდა, თუმცა, მალევე თავად შეაკეთეს. ახლა კედლებს ცემენტი ცვივა. მე ამას ნესტს ვაბრალებ, თუმცა, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია.

სიხარულიძის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა მისი კომპანია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას არემონტებდა. სამუშაოები შპს "მკ"-მ დაასრულა. ჩვენ შევეცადეთ ამ კომპანიის ხელმძღვანელობისგანაც შეგვეტყო, რა სამუშაოები იყო შესრულებული მეორე საჯარო სკოლაში, თუმცა - უშედეგოდ. ამ ფირმის ყველა მითითებული საკონტაქტო ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა.

სისხლის სამართლის საქმე ¹74068378

“ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა მოხელისათვის ქრთამის სახით ფულის შეთავაზება და მიცემა, რათა ამ მოხელეს თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის მიცემისას და სხვა პირის სასარგებლოდ განეხორციელებინა უკანონო ქმედება", - ვკითხულობთ “ამაღლება 98"-ის ყოფილი დირექტორის, დავით სიხარულიძის საბრალდებო დასკვნაში.

საბრალდებო დასკვნაში განმარტებულია, რომ შპს "ამაღლება 98"-ს, ავანსის სახით, 2006 წლის 2 ივნისს ჩაერიცხა 1 373 941 ლარი, ხოლო დარჩენილს მიიღებდა პერიოდულად, მისი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისას. ამას არ ეთანხმება დავით სიხარულიძე, რომელიც საკუთარ სიტყვებს მის ხელთ არსებული დოკუმენტაციითაც ამყარებს (ეს დოკუმენტაცია სისხლის სამართლის საქმეშიც დევს). ”2 ივნისს, 18 დღის დაგვიანებით ჩამოირიცხა 1 193 000 ლარი, ხოლო 180 000 ლარი კი 1 თვისა და 27 დღის დაგვიანებით ჩამოგვირიცხეს”, - გვითხრა დავით  სიხარულიძემ.

გამოძიების მასალებში და საბრალდებო დასკვნაშიც მითითებულია, რომ 2006 წლის 15 აგვისტომდე, შპს “ამაღლება 98"-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, ამიტომ, სხვა კომპანიების მსგავსად, მასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ერთი თვით - 2006 წლის 15 სექტემბრამდე. იმავდროულად, კომპანიას დამატებით 531 000 ლარი ჩაერიცხა და ეთხოვა სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულება.

”გამოძიებამ მიზნობრივად წაიყვანა აზრი არასწორი კუთხით, რადგან მასში აშკარად ჩანს, რომ ჩვენს კომპანიას სხვა კომპანიების მსგავსად გაუგრძელეს ვადა, მაგრამ არ უწერიათ, რომ ეს განათლების სამინისტროს ბრალი იყო და სწორედ ამიტომ გაუგრძელდა პროექტში მონაწილე ყველა კომპანიას ვადა. ოღონდ  არა 15 სექტემბრამდე, არამედ 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით - 5 დღის ვადით. ესეც მოტყუებით გააკეთეს. რაც შეეხება ჩამორიცხულ თანხას, 521 000 ლარი მათი კეთილი ნების გამოსახატავად დამატებით კი არ ჩამოგვერიცხა, არამედ, ეს იყო შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომლის მისაღებად ჩვენ ფორმა ¹2  27 ივლისს წარვადგინეთ, ხოლო თანხა დაგვიანებით, 20 აგვისტოდან 18 სექტემბრის ინტერვალში ჩაგვერიცხა”, - ამბობს სიხარულიძე.

გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ “შპს ამაღლება 98"-ის ანგარიშზე გადაირიცხა 1 905 507 ლარი. სიხარულიძემ მითითებული თანხიდან პროგრამის შესაბამისად გახარჯა 1 571 780 ლარი, ხოლო ჩამორიცხულს და გახარჯულს შორის სხვაობა 333 711 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

”ეს რომ ცალსახა დასკვნაა, ფაქტებიც მოწმობს. პროკურატურას არ ჩაუტარებია საინჟინრო ტექნიკური რევიზია, რაც მოიცავდა შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ობიექტზე შეტანილი, გახარჯული მასალების რაოდენობას და სკოლებში დარჩენილი მასალების მოცულობას. არ გაუთვალისწინებიათ ტრანსპორტის ხარჯი, ხელფასები, ზედნადები ხარჯი, მოგება, საბიუჯეტო გადასახადები და დაადგინეს, რომ მე მითვისებული მაქვს 333 711 ლარი, მაშინ, როცა საწყობში 800 000 ლარის მასალები მელაგა ამ სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება სკოლების დამთავრების ვადის გაჭიანურებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ განათლების სამინისტროს ბრალია”, - ამბობს სიხარულიძე.

საგამომძიებლო აღრიცხვის ფორმა ¹1 (. 1 გვ. 1) გახსნილია 2006 წლის 9 ოქტომბერს

სამინისტროსა და შპს “ამაღლება 98"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც შეეხებოდა საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, უხეშად იქნა დარღვეული შპს “ამაღლება 98"-ის მიერ. კერძოდ, აღნიშნული ფირმის მიერ მითვისებული იქნა გადახდილი თანხის ნაწილი ისე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია". ხელს აწერენ: გამომძიებელი ი. ბაღათურია და პროკურორი კ. ცაცუა.

2006 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული საქმე (. 1 გვ. 2)

“სისხლის სამართლის საქმე ¹74068378 საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ". საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, საგამომძიებლო ნაწილის უფროსი წერს: “განვიხილე სისხლის სამართლის საქმე ¹74068378 შპს “ამაღლება 98"-ის ხელმძღვანელი პირების მიერ სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 “ბ" ქვეპუნქტით. გამოვარკვიე: "2006 წლის 9 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ¹74068378".

ეს ორი ოფიციალური დოკუმენტი ურთიერთგამომრიცხავია და ბევრ ეჭვს აჩენს. ამ დოკუმენტების თანახმად გამოდის, რომ გამოძიება 9 ოქტომბერს დაიწყო. ეს საკითხი სასამართლოზე განსასჯელმაც წამოჭრა, თუმცა...

არის კიდევ ერთ საბუთი, ისიც 4 ოქტომბრით დათარიღებული: პროკურორი წერს (ტ 1. გვ.142), რომ "2006 წლის 9 ოქტომბერს გამოარკვია, დაიწყო გამოძიება საქმის ირგვლივ" და აღნიშნავს: “გამოსაძიებელი საქმე სპეციფიკურია და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ძნელია. ობიექტური გამოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალისტის მიერ შენობა-ნაგებობების შესწავლა-შემოწმების გარეშე, რის გამოც აუცილებელია დაინიშნოს საინჟინრო-ტექნიკური რევიზია".

ვითარება იგივეა - პროკურორმა ეს ყველაფერი დაადგინა 9 ოქტომბერს და დაწერა 4 ოქტომბერს(?!).

დავით სიხარულიძე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბრალს იქით სდებს, თემურ სამადაშვილს და მის კოლეგებს კი თანხების მითვისებაში ედავება. ”სამინისტროს და ჩემს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია: “შემსყიდველის" მიერ დანართში მითითებული მასალების მოუწოდებლობის შემთხვევაში, “მიმწოდებელი" ვალდებულია, სამუშაო განახორციელოს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით”. ეს იმის ნათელი დასტურია, რომ სამინისტრო პროექტის დაწყებისთანავე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ამდენი სკოლის მომარაგებას მეტალო-პლასტმასის ფანჯრებითა და ელექტრო მასალებით”, - აღნიშნავს სიხარულიძე.

ამავე ხელშეკრულების თანახმად მითითებული იყო ვადა, რომ სამინისტროს კომპანია საჭირო მასალებით 7-დან 45 დღემდე უნდა უზრუნველყო: ”ეს არ ნიშნავს, რომ 45-ე დღეზე მოგაწოდონ მასალები. სამუშაოს ადრე დასრულების პირობა ჩადეს, მასალებს კი არ გვაძლევდნენ. ელექტროსაქონელი მომაწოდეს აგვისტოს დასაწყისში, როცა უკვე ნახევარი მქონდა გაკეთებული და მასალა - შესყიდული, ხოლო ის მასალა, რაც სამინისტრომ მომაწოდა, ნახევარი გამოუყენებელი დამრჩა. კარგად მახსოვს, 12 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სამინისტრო ვერ შეძლებდა მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების შემოტანას და ჩვენ თვითონ დაგვემზადებინა. სამი თვე ველოდით ფანჯრებს, ვერ ვასრულებდით შელესვით სამუშაოებს, სამღებრო სამუშაოებს. რაც იყო - იყო და, სასწრაფოდ მოვიძიეთ მეტალოპლასტიკის ნაწილი თბილისში, რათა დაგვეწყო დამზადება, ხოლო ნახევარზე მეტი თანხა გადავრიცხეთ თურქეთში, რადგან იქიდან შედარებით იაფად შემომქონდა მასალა. სასწრაფოდ დავიწყეთ დამზადება და ორ სკოლაში - ოზურგეთსა და კასპში, 10 დღეში ჩავაყენეთ მინაპაკეტის გარეშე, ხოლო აბაშისა და ახალქალაქის სკოლებისთვის მზად გვქონდა ჩასაყენებლად, როცა გვითხრეს, რომ თავად შემოიტანდნენ ფანჯრებს. სასწრაფოდ ჩავედი სამადაშვილთან და ავუხსენი, რომ 90 000 დოლარის მასალა შეძენილი მქონდა, ხოლო 43 000 დოლარი გადავრიცხე თურქეთში, ამდენი თანხა კი გამოუყენებელი მრჩებოდა. მან მითხრა, კანცელარიაში ჩამებარებინა წერილი ამის შესახებ და მუშაობა გამეგრძელებინა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ არ გასულა რამდენიმე დღე და ობიექტებზე მოიტანეს ნახევრად დამტვრეული ფანჯრები, ჩემი გაკეთებულები კი უმოქმედოდ დარჩა. ამდენი თანხა ბრუნვიდან ამომივარდა, თანაც ფანჯრების ზომა არ ემთხვეოდა კედელში დატოვებულ ღიობებს”, - აღნიშნა სიხარულიძემ. მანვე სასამართლოზე წარადგინა ამ ყველაფრის დამამტკიცებელი ფოტო მასალა, რომელიც მოსამართლემ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა.

”რომ ნახოთ სამინისტროს მიერ თურქეთიდან შემოტანილი “ინვოისები", ნათლად დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ფულის გასაკეთებლად იყო - 1 კვადრატული მეტრი ფანჯრების ფასი განბაჟების გარეშე, 60 დოლარია, ხოლო ჩვენ ის მხოლოდ 50 დოლარი გვიჯდებოდა. ასე იყო თუ ისე, აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის შუაში მოგვაყარეს ამდენი ფანჯრები. 4000 კვმ ფანჯრების მონტაჟს დრო ხომ უნდოდა? თან, ამის შემდეგ ფასადზე მისი ამოლესვა და შელესვაც უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ სამადაშვილმა და მისმა სამსახურმა თავისი გამორჩენის მიზნით გაწირა სკოლები და ამიტომ არ დამთავრდა სამუშაოები დროზე. წარმოიდგინეთ, 300 სკოლაზე რამდენი ფანჯარა შემოიტანეს და რა თანხა შეიძლებოდა დარჩენოდათ”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.

სასამართლოზე როგორ კერძო, ასევე პროკურატურის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმაც და აუდიტებმაც აღიარეს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ნამდვილად აქვს “ამაღლება 98"-ის თითქმის მილიონნახევრიანი დავალიანება.

სისხლის სამართლის საქმეში გია ნუცუბიძის და თემურ სამადაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც დევს. “ეკუთვნის, განა არ ეკუთვნის თანხა, სადღაც მილიონამდე ეკუთვნის, რა. ექსპერტებმა რაც დამიდგინეს, რა. მე გადასარიცხი მაქვს 957 000 თუ რაღაცა, აი, განახებ. ბუღალტერია დღეს ვალდებულებას აიღებს მაგ მილიონზე, რომ ორშაბათს ეს თანხა გადავრიცხო", - ეუბნება სამადაშვილი ნუცუბიძეს.

არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც, სიხარულიძის მტკიცებით, ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობდა ქრთამის გამოძალვას სამადაშვილი:

გია ნუცუბიძე: დღეს ვერ შეგხვდები. თუ ვერ შეგხვდები ე.ი. იშლება ხელშეკრულება.

თემურ სამადაშვილი: ანუ არ გავაგრძელებ მე არაფერს?

გია ნუცუბიძე: არ აგრძელებ. ნუ, იმ მილიონს მიიღებენ ალბათ, და მორჩება.

თემურ სამადაშვილი: არა, იმ მილიონს ვერ მიიღებენ.

გია ნუცუბიძე: ვერ მიიღებენ, ხომ?

თემურ სამადაშვილი: არა, იმ მილიონს მაშინ სასამართლოთი მიიღებენ.

გია ნუცუბიძე: გასაგებია. კარგი, გენაცვალე.

თემურ სამადაშვილი: მერე სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ეს მილიონი ეკუთვნოდა, თუ არა. მე ვიძახი, ეკუთვნოდა მაგრამ... მაგ ფულს ეგენი მიიღებენ, ორშაბათამდე თუ არ მოაგვარეს, გარანტირებულად გეუბნები, მომავალ წელს, რა.

გია ნუცუბიძე: ხო, ეჭვი არ მეპარება.

თემურ სამადაშვილი: - იმის სასამართლოების და...

გია ნუცუბიძე: ეჭვი არ მეპარება.

თემურ სამადაშვილი: სანამ ძიება წავა, მერე ის წავა და როდის რა დადგინდება და მოსამართლე რას გამოიტანს.

”ყოველივე ეს ადასტურებს, რომ სამადაშვილი იმუქრება იმის გამო, რომ, თუ თანხას არ მივიტანდი, არ ჩარიცხავდა და მერე სასამართლოთი გაარკვევდა საქმეს. ორი მაღალი თანამდებობის პირი ადასტურებს, რომ მე ჩემს კუთვნილ თანხას სასამართლოთი ან მივიღებდი ერთი წლის შემდეგ, ან - საერთოდ არა”, - ამბობს დავით სიხარულიძე.

სასამართლო სხდომაზე, სადაც ერთმანეთს სამადაშვილი და სიხარულიძე დაუპირისპირდნენ, სამადაშვილმა დაადასტურა, რომ განსასჯელს თანხა ნამდვილად ერგებოდა: ”დიახ გეკუთვნოდა, ახლაც გეკუთვნის, მაგრამ...”. ამის შემდეგ პროკურორმა შესვენება მოითხოვა!

ტომი II გვ. 378-385

“სამინისტროს მიერ ფანჯრების დაგვიანებით შემოტანა სამუშაოების დროულად შესრულებას ხელს შეუშლიდა"; “კასპის სკოლაზე დაგვიანება არ გქონდათ"; “დეფექტური აქტები რის საფუძველზეც დგებოდა, ხარჯთაღრიცხვები არ შეესაბამებოდა რეალობას, მოცულობები იყო გაზრდილი"; “კარ-ფანჯრები სამინისტროს უნდა მიეწოდებინა"; "კარ-ფანჯრის ბოლოს გაკეთება გამოიწვევდა ზოგი სამუშაოს განმეორებით შესრულებას, შესაბამის დამატებით ხარჯებს"; “შესრულებული იყო მთლიანი სამუშაოების დაახლოებით 60-70%" - ეს არის თემურ სამადაშვილის და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტების მიერ გაცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სასამართლოზე დაისვა და რომელიც საქმეშია შეტანილი.

”მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ჩემი უდანაშაულობის უამრავი მტკიცებულებაა და ამის დადგენა ნებისმიერისთვის იოლია, სასამართლოს გადაწყვეტილებით 11 წელი მაქვს მისჯილი. აქედან 4 წელი უკვე მოვიხადე, მაგრამ კიდევ 11 წელიც რომ დამჭირდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ - ამისთვის გისოსები ვერ დამაბრკოლებს. არ წავალ გარიგებაზე, არ დავთანხმდები საპროცესო გარიგებას, არ ვაღიარებ ჩაუდენელ დანაშაულს და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც ჩავალ. გარდა ამისა, ყველა გზას და ხერხს გამოვიყენებ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მის მიერ ოფიციალურად აღიარებული ვალი გადამიხადოს”, - აღნიშნავს სიხარულიძე.

ამჟამად საკასაციო სასამართლოში სწორედ ამ პროცესის განხილვა მიმდინარეობს - სიხარულიძე გარიგებაზე არ მიდის, დანაშაულს არ აღიარებს და სახელმწიფოსგან აღიარებულ ვალს ითხოვს.

სასამართლო პროცესი უკვე მერამდენედ გადაიდო... დავით სიხარულიძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო აღიარებულ ვალს გადაუხდის და დარწმუნებულია რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს.