ერთ ლარად 27-ათასჯერ გასხვისებული სახელმწიფო ქონება

ერთ ლარად 27-ათასჯერ გასხვისებული სახელმწიფო ქონება

27 ათასი შემთხვევა არსებობს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ან უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონება გაასხვისა. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

კბილაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა პრეზიდენტის კანონიერი უფლებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ქონების განკარგვას დანაშაულებრივი მიზანი ედო, მაშინ ის კანონის დარღვევად ჩაითვლება.

„რა თქმა უნდა, ეს 27 ათასი გამოძიების წარმოებას არ ნიშნავს, მაგრამ არსებობს რიგი საქმეებისა, სადაც კითხვებია გაჩენილი პრივატიზების და მისი მიზაშეწონილობის შესახებ“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს და გამოძიების მეორე ფაზა სწორედ მათი დასკვნის მიხედვით დაიწყება.

საინტერესოა, თუკი კანონდარღვევა დაფიქსირდება, იმ პირებსა და ე.წ. ინვესტორებს, რომლებმაც სააკაშვილის გულუხვობით ისარგებლეს და ქონება ერთ ლარად გადაიბარეს, დააბრუნებინებენ თუ არა ნაწყალობევს?! ეს მაშინ, როცა კანონის თანახმად, ქონების გასხვისებას უნდა ჰქონდეს დიდი საზოგადოებრივი სარგებელი. სააკაშვილის განკარგულებებიდან კი არ ირკვევა, ქონების გადაცემისას რა უპირატესობით შეირჩნენ კონკრეტული პირები. გაურკვეველია ისიც, იყვნენ თუ არა სხვა მსურველებიც და მათთვის რატომ არ იმეტებდნენ მილიონიან ქონებას სიმბოლურ ფასად?! საუბარია ათობით ათას კვადრატულ მეტრ ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და სხვა ქონებაზე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, გარკვეული ობიექტები ერთ ლარად გაესხვისებინა და აქ სადავო არაფერია. თუმცა გასხვისების ხასიათი და მიზანშეწონილობა, ცალკეულ შემთხვევაში, ბევრ კითხვას ბადებს. ამდენად, ლეგიტიმურია საზოგადოების თუ შესაბამისი სამართალდამდაცავი უწყების ინტერესი ამ თემის მიმართ.

„ვფიქრობ, ეს არ იქნება აღქმული, როგორც პრივატიზაციის შედეგების გადახედვა, ან პრეზიდენტის კანონიერი ქმედებების რევიზია. უბრალოდ, ბევრი ისეთი ქვეტექსტი აქვს ამ ფაქტებს, რომ ამ ქვეტექსტების გამოძიება არ იქნებოდა ურიგო. ამ პროცესის მასობრივი ხასიათი და გაუმჭვირვალობა სამართლიან ეჭვს იწვევს, რადგან ზოგჯერ ესა თუ ის ქონება არ ყოფილა გადაცემული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, თუ ანგარებითი მომენტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, შედეგები არ გადაისინჯება“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ For.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გადაცემას თავისი პროცედურები აქვს და, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყოს მოცემული ობიექტის ამუშავება, მისი საბაზრო მიმოქცევაში მოქცევა და ა.შ.

თუმცა, სამწუხაროდ, ნაციონალების დროს საუბარია ისეთ ქონებაზეც, რომელიც ერთ ლარზე გაცილებით მეტად, ასი ათასებად და უფრო მეტადაც გაიყიდებოდა. ამ ყველაფრის მიღმა კი ვაჟა ბერიძე ანგარებას ხედავს და მიიჩნევს, რომ გასაყიდი და საბაზრო ღირებულების მქონე ქონების გასხვისება ერთ ლარად დანაშაულია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ადასტურებს, რომ, თუ ვინმემ დანაშაულებრივი გზით გადასცა სახელმწიფო ქონება კერძო პირს და კერძო პირიც ამ უკანონობაშია ჩართული, მაშინ ამ ქონების დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, თუ ქონებას ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი, ან მყიდველმა ქონება უკვე გადაყიდა და ახალი შემძენი დანაშაულებრივ სქემასთან არაფერ კავშირში არ არის, მაშინ სახელმწიფო ვეღარ დაიბრუნებს იმ ქონებას. თუმცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ექნება იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულებრივად, უკანონობით მიიღო ქონება და ამის შესახებ ყველაფერი იცოდა.

„რატომაც არა, შეიძლება, გამოძიება დაინტერესდეს ქონების ერთ ლარად გადაცემის შემთხვევებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ერთ ლარად ქონების გადაცემის საშუალებას იძლევა, ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ქმედება ჩარჩოში არ ჩაჯდეს, ულიმიტო იყოს და ვისაც უნდა, სახელმწიფო ქონება მას გადასცეს. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინტერესი და ნებისმიერი თანამდებობის პირი, როცა მსგავს ქმედებას ახორციელებს, უნდა მოქმედებდეს საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთბალანსის საფუძველზე. ანუ, საჯარო სარგებელიც უნდა იყოს გამოყოფილი. თუ ასეთი სარგებელი არ არსებობდა, ასეთი მასშტაბის ქონების გადაცემისას ჩნდება ეჭვები, ხომ არ აიხსნება ეს პრეზიდენტის მეგობრულ-ნათესაური კავშირით?!“ - აცხადებს კახა კოჟორიძე ჩვენთან საუბარში.

ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის შემთხვევები უამრავია. ამ მხრივ ილიას უნივერსიტეტიც გამოირჩევა. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ნოემბრის განკარგულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა 42 დასახელების უძრავი ქონება თბილისში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, წალენჯიხაში, მარტვილში, ზუგდიდში, ონში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ლანჩხუთში, ჭიათურაში, ყაზბეგში, ვანში, ლაგოდეხში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახმეტასა და ბორჯომში – სულ 283,000 კვ.მ-ზე მეტი ფართი. ამას გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა მოძრავი ქონება, სულ 12.500-ზე მეტი დასახელების ნივთი. ჩვენ დავუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიგი თევზაძეს და დავინტერესდით, რამდენად აისახა ამ ქონების გადაცემა მათ უნივერსიტეტზე და, თუ გაანებივრა სააკაშვილმა სხვა უნივერსიტეტებიც ასეთივე „საჩუქრით“?

გიგი თევზაძის აზრით, საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც პრეზიდენტი უნივერსიტეტს აძლევს ქონებას, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი თავის უძრავ ქონებას ვერ გაასხვისებს სახელმწიფოს გარეშე. თუმცა ვერც სახელმწიფო გაასხვისებს უნივერსიტეტის ქონებას თავად უნივერსიტეტის გარეშე. ამდენად, ეს არის, უბრალოდ, ქონების დაცვა და ილიას უნივერსიტეტის პრეცედენტი უნდა განხორციელდეს ყველა უნივერსიტეტში.

„სააკაშვილმა ამით დაიცვა ეს ქონება არაბუნებრივი ჩარევისგან. ფაქტობრივად, ჩვენი უნივერსიტეტისთვის გადაცემული ქონების დიდი უმეტესობა გავარემოტეთ. ამ უძრავი ქონების გარდა, გვაქვს მოძრავი ქონებაც, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტმა შეიძინა. ამიტომ ეს იყო მიზანშეწონილი. სწორედ ქონების დაცვა და ხელშეუხებლობა არის განვითარების საფუძველი“, - აღნიშნა გიგი თევზაძემ.

მანვე განმარტა, რომ, საერთოდ, გეგმა ითვალისწინებდა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება საკუთრებაში გადასცემოდა. უბრალოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეს მოასწრო სწრაფი ადმინისტრირების გამო. უფრო მეტიც, გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ისეთი ქონება, რომელსაც მათ გარეშე ვერავინ განკარგავს.

ცნობისთვის, პრეზიდენტისგან დასაჩუქრებულთა შორის არიან პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი თემურ კოხოძე, მას კურორტი „საირმე“ 1 ლარად „აჩუქეს“. „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას“ სიმბოლურ ფასად, ანუ ერთ ლარად მიჰყიდეს ბათუმში, ჯავახიშვილის N5-ში მდებარე 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 987კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი გიული ალასანიაა. სააკაშვილმა მის მიერ, წამების ორგანიზებაში დადანაშაულებულ ლევან ქარდავას, რომელსაც თურმე არ იცნობდა, 2011 წელს ერთ ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა. ასევე, დასაჩუქრებულთა შორის არიან გიგი უგულავას ძმა - ირაკლი უგულავა, გიგი კალანდაძე და სხვები.