არასკანდალურმა არჩევნებმა პრესაც გულგრილი დატოვა

არასკანდალურმა არჩევნებმა პრესაც გულგრილი დატოვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს  მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.   

პროექტში დაკავებული ექსპერტები ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს  გასაშუქებლად.

აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა:  „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“

არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 71 სტატია და ნიუსი მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 35-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 29 სტატია, დადებითი განწყობა კი შვიდ პუბლიკაციაში იგრძნობოდა.

მხოლოდ ინფორმაციები... ანალიზის გარეშე

თამარ მჭედლიშვილი

წინა პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას გაზეთებმა და ინტერნეტგამოცემებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმრავლით ნამდვილად გამოიჩინეს თავი.  ინფორმაციას არჩევნების დღის შესახებ თან ახლდა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების თუ ექსპერტების შეფასებებიც. ყველა ცალსახად აღნიშნავდა, რომ გასული საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდი და მოსაწყენიც კი იყო.

ერთ სიტყვით, წინა პერიოდთან შედარებით, მედიამ არჩევნების თემატიკისადმი დაინტერესება გაამძაფრა, თუმცა, სულ ეს იყო და ეს: მოვლენა, რომელსაც მედიის ყურადღება მაქსიმალურად უნდა დაეტვირთა, მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ შეთავაზებული სტილით - მათ შეფასებებზე, გამონათქვემებსა და მისწრაფებებზე დაყრდნობით გაშუქდა. ინფორმაციულ შენიშვნებს (ე.წ. “ნიუსებს”) ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერებთან ინტერვიუები დაერთო და საარჩევნო სურათიც საკმაოდ მდორედ და ერთფეროვნად დაიხატა.

ინფორმაციის სიუხვის მიღმა არ იკითხებოდა მთავარი რამ - მცდელობა იმის გაანალიზებისა, თუ რატომ მივიდა საარჩევნო ყუთებთან ასე ცოტა ამომრჩეველი და რატომ არჩია მოსახლეობის უმრავლესობამ სახლში დარჩენა.

გაზეთებმა ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს კენჭისყრის დღის მიმდინარეობა, ჩამოთვალეს დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიერ აღმოჩენილი დარღვევები, შემოგვთავაზეს რეპორტაჟები ფავორიტ კანდიდატთა საარჩევნო შტაბებიდან, ოპერატიულად დაბეჭდეს პოლიტიკოსთა შეფასებები... („რეზონანსი, „ვერსია“, „PRIME-TIME”), მაგრამ არც ჟურნალისტებს და არც პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს არ გაუჩნდათ სურვილი იმის გაანალიზებისა, თუ რატომ შეიცვალა ასე ამომრჩეველი - განსაკუთრებით, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რამ გამოიწვია მისი ასეთი პასიურობა.

როდესაც ამომრჩეველი პასიურია, პოლიტიკურ ძალებს უფრო მეტი ბერკეტი აქვთ საარჩევნო ყუთებთან ბიულეტენებით მანიპულირების და ერთმანეთთან გარიგების. ნამდვილად სასურველი იქნებოდა, ეს უდავო ფაქტი გაზეთებს მუდმივად შეეხსენებინათ საკუთარი მკითხველისთვის. სამწუხაროდ, მათ ეს არ გაუკეთებიათ, რაც უდავო ნაკლად შეიძლება ჩავუთვალოთ მედიას. და კიდევ - მართლა საინტერესო იქნებოდა იმ ამომრჩევლის პოზიციის გაგება, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. ადრე გაზეთები ხშირად ბეჭდავდნენ მოსახლეობის გამოკითხვებს აქტუალურ თემემზე და ამ გამოკითხვებს საკუთარი ძალებით ატარებდნენ. გასულ კვირას კი არც ერთ გაზეთს თუ ინტერნეტ-გამოცემას ამის სურვილი არ გასჩენია. არადა, ჟურნალისტებს პასიური ამომრჩევლის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. შესაძლოა, მათი პასუხები საკმაოდ კარგი ანალიზის საფუძველიც გამხდარიყო როგორც ჟურნალისტებისათვის, ასევე პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტებისათვის.

ერთი სიტყვით, გასულ კვირას მედიას ნამვილად ვერ დავუწუნებთ ოპერატიულობას. პრეტენზია მხოლოდ ამ არჩევნებისათვის დამახასიათებელი თავისებურების - ანუ ამომრჩეველთა პასიურობის იგნორირებასთან დაკავშირებით ჩნდება. მხოლოდ ორმა გაზეთმა - „ახალმა თაობამ“ და „რეზონანსმა“ დასვეს კითხვა, თუ რატომ არ იაქტიურეს ამომრჩევლებმა. პირველმა თავადვე გასცა საკმაოდ ზოგადი პასუხი:  „ამომრჩევლის პასიურობა ხალხში აშკარა იმედგაცრუებით არის გამოწვეული“. რაც შეეხება „რეზონანსს“, მან გია მაისაშვილის არგუმენტები ამცნო მკითხველს: „როგორც შედეგმა აჩვენა, საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის 60 პროცენტის აზრს არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოხატავდა".

ამ ფონზე ერთობ საინტერესო აღმოჩნდა ნაკლებადრეიტინგული კანდიდატების შეფასებები, რომელიც „ვერსიამ“ შემოგვთავაზა. ასე, მაგალითად, ნესტან კირთაძე საკმაოდ კმაყოფილიც კი დარჩა წინასაარჩვენო კამპანიით, რადგან „მაქსიმალურად გამოიყენა მთავარი მიზნის მისაღწევად: ,,ჩვენი მართალი სიტყვა, პროგრამა, პლატფორმა, გულწრფელი დამოკიდებულება გავაცანით ხალხს“, ხოლო სერგო ჯავახიძე იმით ხარობდა, რომ ცნობადობა აიმაღლა.

გასულ კვირას ექსპერტებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა კვლავ გამოიჩინეს თავი საკუთარი „ფასდაუდებელი“ ანალიზით. ასე, მაგალითად, „რეზონანსის“ ფურცლებიდან დემურ გიორხელიძემ გვამცნო, რომ „ამ არჩევნებში მთავარი არა მარგველაშვილის გამარჯვებაა, არამედ ის, რომ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეაბილიტაცია. ცხხადია ამაში გარკვეულად ახალი ხელისუფლების სერიოზული წვლილიც დევს“, ხოლო ჯონდი ბაღათურიამ, იმავე გაზეთის საშუალებით, ასეთი ვარაუდი გამოთქვა: „ჩემთვის ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არადამაჯერებელია და არ გამოვრიცხავ , რომ მათ ეს არჩევნებიც გააყალბეს. ამის დამადასტურებელია ის ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი აქვთ დაბეჭდილი“.

ცალკე გამოვყოფდი „ასავალ-დასავალს“, რომელმაც ჟურნალისტური ეთიკის ყველანაირი ნორმა დაარღვია, როცა „გამხსნელი„ სტატიის სათაურად მკითხველს ეს სიტყვები შესთავაზა: „წაეთრა ! წაშავდა! წაბნელდა!“

კენჭისყრის დღეს საკმაოდ ოპერატიულები იყვნენ ინტერნეტ-გამოცემებიც. თუმცა ანალიზის მცდელობა აქაც ნაკლებად იგრძნობოდა.

დასკვნის სახით კი მინდა სურვილი გამოვთქვა, რომ თუნდაც ახლა, დაგვიანებით მაინც,  შეძლებს პრესა იმ თემებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც ამომრჩეველს აინტერესებს. მედიას ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საქმეში განსაკუთრებული ადგილი აქვს და იმედია, მომავალი ადგილობრივი არჩევნების წინ იგი ამ ფუნქციას  დაიბრუნებს.

არასკანდალურმა არჩევნებმა პრესაც გულგრილი დატოვა

როზი ჯღამაია

არჩევნების მომდევნო კვირა ქართულ პრესაში წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, ნაკლებაგრესიული და ნეიტრალური იყო. სხვაგვარი მოლოდინი, ალბათ, არც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ეს იყო არჩევნები, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა - არჩევნები იყო იმდენად მშვიდი და თავისუფალი, რომ დაძაბულ გარემოს შეჩვეულმა საზოგადოებამ, შეიძლება ითქვას, ინტერესიც კი დაკარგა ამ არჩევნების მიმართ - ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად დაბალი იყო.

ამდენად, პოსტ-საარჩევნო პერიოდში ქართული პრესა, ძირითადად, არჩევნების შედეგების ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა. თუმცა, აქა-იქ მაინც ვხვდებით ინფორმაციას „დაჩაგრულ“ კანდიდატთა მუქარის შემცველი კომენტარებით.

იმდენად, რამდენადაც წინასაარჩევნო პერიოდში მთელი აქცენტი გადატანილი იყო მეორე ადგილზე გამსვლელ ძალაზე, პრესამ არჩევნების შემდეგაც არ დატოვა ეს ტენდენცია უყურადღებოდ. ისიც ფაქტია, რომ არ გამართლდა პრესის პროგნოზები, რომელიც მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძის გასვლას წინასწარმეტყველებდა და ამით კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომ პრესა, ძირითადად, მხოლოდ ზედაპირულად, გაანალიზების გარეშე, სხვისი აზრების „კოპირებით“ არის დაკვებული.

იგივე მდგომარეობაა პრესაში არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. პრესა მხოლოდ ინტერვიუებს (კითხვებიც ზოგადი ხასიათისაა, რომელშიც ჟურნალისტები არსში ჩაწვდომას არ ცდილობენ) და პოლიტიკოსთა განცხადებებს გვთავაზობს.   

განცხადებები, ძირითადად, არჩევნებში დამარცხებული  კანდიდატების მხრიდან კეთდება, სადაც თითოეული მათგანი ხელისუფლების მიმართ მუქარას ახმოვანებს არჩევნების „გაყალბების“ გამო. პრესა ისმენს და არ ცდილობს კონტრშეკითხვით დააკონკრეტებინოს რესპოდენტებს, რის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ კვლავ ძველი ინერციით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ არჩევნებში მეორე ადგილს ნინო ბურჯანაძე მოიპოვებდა - მამუკა არეშიძე: „ამ ნომრის გამოსვლის დღეს საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი იქნება, ხოლო მეორე ადგილს ნინო ბურჯანაძე მოიპოვებს“.

გაზეთი „ახალი თაობა“ არჩევნების დღის შეფასებას აქცევს ყურადღებას, თუმცა ინფორმაციები ძირითადად, სააგენტოების მიერ არის მომზადებული. თავად გაზეთი არჩევნების თემატიკაზე გვთავაზობს ინტერვიუს ნანადევდარიანთან, რომელიც მიიჩნევს: „არჩევნებში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნაციონალებმა მეორე ადგილი აიღეს“. რესპოდენტი, ასევე მინიშნებას აკეთებს, რომ არჩევნების შედეგზე პრემიერის განზრახვამ ითამაშა დიდი როლი: „ძალიან უცნაურად გამოიყურება შედეგები, ციფრები ზუსტად ისე დაჯდა, როგორც პრემიერმა თქვა“.

გარდა ამისა გაზეთი გვთავაზობს ინტერვიუს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერთან გიორგი გუგავასთან: „არჩევნების გაყალბებას ნაციონალებსა და „ოცნებას“ ცხვირში ამოვადენთ!“ რას აპირებს გუგავა და რა რესურსით, ამაზე გაზეთი ანალიზს არ აკეთებს.

და კიდევ, გასული კვირის გამოცემაში ვკითხულობთ ინტერვიუს

კობა დავითაშვილთან: „ვტოვებ ქართულპოლიტიკას, არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ“. რა თქმა უნდა, გაზეთი არ აანალიზებინებს დავითაშვილს იმ მიზეზებს, რამაც იგი პოლიტიკის მიღმა დატოვა.

სანდრო ბრეგვაძე კი „ახალ თაობასთან“ ნაციონალების მეორე ადგილის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას:„დამნაშავე ძალა, ფაქტობრივად დაკანონდა, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია“.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ გვამცნობს ხელისუფლების მხარდამჭერთა მოსაზრებას: „უპირველესად მოსახლეობას უნდამივულოცოთ კოაბიტაციის დასრულება“.

გაზეთმა „Prime time“-მა ჩვეულებას არ უღალატა და კვლავ ნინო ბურჯანაძეს მიუძღვნა სტატია: „ეს არის ტოტალური სიყალბე. საგანელიძესა და სხვებს მოუწევთ, კარგად გადახედონ თავიანთ შედეგებს და ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა“, - იგრძნობა, რომ გაზეთის მიზანია ნინო ბურჯანაძე უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს, ვინაიდან პირადად მასთან არ ცდილობს ინფორმაციიის გადამოწმებას.

რაც შეეხება გაზეთ „ქრონიკას“, იგი კვლავ ცდილობს ყოველი ინფორმაცია სკანდალად აქციოს და ბუნებრივია, განაწყენებული პოლიტიკოსების პოზიციებს გვთავაზობს.

ნინო ბურჯანაძე: „პირდაპირ გეტყვით, ვიცი ამ ქვეყანას რა ელის, თუ, იმ სცენარით წავიდა ყველაფერი, რომელიც აქვთ“.

და აქვე გვთავაზობს სტატიას: „შალვა ნათელაშვილმაგანაცხადა, რომ ქართველი ხალხის მასხრად აგდებას და მოტყუებას არავის არ აპატიებს“. გამოცემაში ინტრიგის გარდა სხვა საინტერესო არაფერი იკითხება და, რა თქმა უნდა, ნომერი მხოლოდ სეირის მოყვარულთათვის არის განკუთვნილი.

გაზეთი „რეზონანსიც“ გასულ კვირას არჩევნების შედეგებს უთმობს ყურადღებას და გვთავაზობს ინტერვიუებს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან და მათ მხარდამჭერებთან. გაზეთი გვამცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას: „ხალხმა გადაწყვიტა, ჩვენ დავრჩეთ მთავარ ოპოზიციურ ძალად“.

და იქვე ვკითხულობთ ნინო ბურჯანაძის პოზიციასაც: „ოცნების“ ზეიმი პირეველივე ტურში ნაადრევია. ქვეყანაში, სადაც სოციოლოგია არ მუშაობს, ეგზიტპოლების შედეგებიც არასანდოა“.

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლევანვეფხვაძე კი მიიჩნევს: „არჩევნებზე იმ შედეგების პოლიტიკური ლეგიტიმაცია მოხდა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა“ და სწორედ ამ თემას ეხმაურება ეკონომიკური ექსპერტის დემურ გიორხელიძის კომენტარიც: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ რეანიმაციაში ახალი ხელისუფლების სერიოზული წვლილი დევს“.

გაზეთი „ვერსია“ ყურადღებას იმ დარღვევებზე ამახვილებს, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდა და ასევე გვთავაზობს ინტერვიუებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებთან თუ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მაგალითად, დავით ზურაბიშვილთან, რომელიც აღიარებს: „ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის “მხარდამჭერების „გადაბირება“ ვერ მოახერხა!“ და იქვე ვკითხულობთ კიდევ ერთი დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის ნესტან კირთაძის პოზიციას: „27 ოქტომბრის არჩევნებზე დაიდო წინასწარ განსაზღვრული შედეგი“.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ სკანდალებს მოწყურებულ ქართულ პრესას, 27 ოქტომბრის არჩევნებმა არ მისცა საკბილო, რომ ჩვეულ ამპლუაში წარმოჩენილიყო. შესაბამისად, პრესაში არჩევნებზე ინფორმაცია იმდენად მწირი და უსახური იყო, რომ შეიძლება დავასკვნათ - ამ მშვიდი და არასკანდალური არჩევნების შემდეგ, მის მიმართ პრესამ დაკარგა ინტერესი და სამომავლოდ, ამომრჩეველს თავად მოუწევს დასკვნის გაკეთება - რა მოიგო ქვეყანამ და რა წააგო იმით, რომ არჩევნები ამგვარი შედეგით დასრულდა.