რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის უმჯობესი იქნებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყოს, და არა დონალდ ტრამპი. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბაიდენი უფრო გამოცდილი, პროგნოზირებული, ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს“, - აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. პუტინის თქმით, ამ თემის წინ წამოწევა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.
„ჩემი აზრით, აშშ-ში ძლიერდება წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც უფრო და უფრო მწვავე ფორმებს იღებს. ჩვენი მხრიდან ამ პროცესში ჩარევა არაკორექტული იქნებოდა. სამი წლის წინ შვეიცარიაში ბაიდენს შევხვდი. მაშინაც ამბობდნენ, რომ მას მოვალეობის შესრულება არ შეუძლია. ასეთი არაფერი არ მინახავს. კი, თავის ჩანაწერებში იყურებოდა, მეც ვიყურებოდი ჩემს ჩანაწერებში. არაფერი განსაკუთრებული“, - აღნიშნა პუტინმა.