დღეს საქართველოში ხშირად გაიგონებთ ერთ ფრაზას - „წავიდა გედია თავის მარიტასთან“... ყველა ფიქრობს, რომ მარიტამ გაიყოლა გედია...
სოსო ჯაჭვლიანისა და ლიკა ქავჟარაძის ეკრანული დუეტი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მაყურებლის უკიდეგანო ფანტაზიამ ქართული სილამაზის ეს ორი გმირი მიწიერ და არამიწიერ სამყაროშიც ერთმანეთს დაუკავშირა და მათი დაშორება წარმოუდგენლად მიიჩნია. ისევე, როგორც წარმოუდგენელია ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის ეკრანული წყვილის დაშორება, ან კიდევ ორნელა მუტისა და ადრიანო ჩელენტანოს დაშორება. თუმცა ცხოვრებაში სოსო ჯაჭვლიანი თავისი ოჯახის ერთგული იყო.
„სოსოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, 10-15 წლის შემდეგ გავიგე, თურმე მოვწონდი“, - იხსენებდა ლიკა ქავჟარაძე. სოსო კი არ მალავდა, რომ ლიკასთან სერიოზული ურთიერთობა მაშინ გადაიფიქრა, როცა გაიგო, რომ მას საქმრო ჰყავდა.
„მართლაც საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!“ - ეს გოგლა ლეონიძის სიტყვებია „ნატვრის ხის“ ფინალში მარიტას დასახასიათებლად. როცა სოფელს თავისი თამარ დედოფალი, ანუ მარიტა მოუკვდა და ხეებიც კი ტიროდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა მარიტას შეურაცხმყოფელი ბრბო, რაც ჩაიდინა. სამარის პირას, როცა დადგა უკანასკნელი წუთები გამოთხოვებისა და მიწის მიყრისა, შეშინებულმა ხალხმა უკან დაიხია, კინაღამ ერთმანეთი გადათელეს, რადგან ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ ღვთიურ სილამაზეს.
და როდესაც ღვთიურ სილამაზეზეა საუბარი, იქნებ, მართალი იყოს „ნატვრის ხის“ ავტორი, რომ სილამაზე კი არ იკარგება, არამედ დროებით მიეფარება თვალს. მარიტას მსგავსად, რომელიც ქართველი ქალის სილამაზის ეტალონი გახდა, სოსო ჯაჭვლიანსაც ქართველი მამაკაცის ეტალონად მიიჩნევენ, რომლითაც მსოფლიოში ქართველმა ერმა უნდა იამაყოს.
ვინც მას იცნობდა, ყველა გრძნობდა, რომ სოსო იყო ნამდვილი სვანი, დინჯი ლაპარაკის მანერით, უღალატო, თავისი ქვეყნის პატრიოტი, ყოველთვის იდგა იქ, სადაც მისი ერის ბედი წყდებოდა. თითქოს მისი კინოროლებიც სწორედ მასზე იყო თარგივით გამოჭრილი.
„თქვენ შეგეშალათ, ბატონო, მე მენაგვე არ ვარ“, - ქართველი ემიგრანტის ეს სიტყვები ფილმიდან „ფესვები“ მის ბუნებას მიესადაგებოდა, როცა გაჭირვების მიუხედავად, არ დახარბდა მდიდარი კაცის ფულს, არ შეისვა ზურგზე და მანდილოსნების წინ თავმომწონედ „ჰოპლა“ არ დააძახებინა.
ჯაჭვლიანების გვარი თამარ მეფის ოქროს ჯაჭვს უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, სვანეთში მყოფი თამარ მეფე ახალგაზრდა სვანს საცეკვაოდ გამოუწვევია, ცეკვის შემდეგ თამარს ოქროს ჯაჭვი შეუხსნია და მეწყვილე სვანისთვის უჩუქებია. სხვათა შორის, ჯაჭვი გახდა სოსო ჯაჭვლიანის ერთ- ერთი სიმბოლო, როცა მან, მერაბ შათირიშვილთან და ლუკა კურტანიძესთან ერთად, მხრებზე ჯაჭვი მოიგდო და გელათიდან სამებამდე გზა, ანუ ქუთაისიდან თბილისამდე მარშრუტი თოვლსა და სიცივეში ფეხით დალაშქრა, ნიშნად იმისა, რომ სააკაშვილის დროს ქართველი ხალხისთვის დადებული ბორკილები და მონობის უღელი უნდა დასრულებულიყო.
„ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, - განაჩენივით გაისმა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ფრაზა ნაციონალი გიორგი ბარამიძის მიმართ და თითქოს ეს იყო პასუხი აფრასიძეების ამოხოცვის, გირგვლიანის წამებით მოკვლის, და-ძმა ნორა და ემზარ კვიციანების დევნის, ცინდელიანის გაუჩინარება-მკვლელობისა და მთელი იმ ანტისვანური პოლიტიკის გამო, რაც კოდორის ხეობამ და შემდეგ უკვე მთელმა საქართველომ იწვნია სააკაშვილის რეჟიმის დროს.
2011 წლის 26 მაისს მაშინდელმა რეჟიმმა სოსო ჯაჭვლიანიც დააპატიმრა, როგორც „სახალხო კრების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, სოსომ პროტესტის ნიშნად იშიმშილა 30 დღე და, როგორც თვითონ ამბობდა, 31 კილო დაიკლო. სწყინდა, რომ მისთვის კრიტიკულ პერიოდში „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭომ მისი გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი არ მოაწერა, როგორც თავად ამბობდა, „ჩაისვარეს, ვაჟკაცობა არ ეყოთ“.
„თუ 26 მაისს სამძიმარს არ მეუბნები, წყალსაც წაუღია ყველაფერი“, - ამბობდა ჩვენთან ადრინდელ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი და მიაჩნდა, რომ 26 მაისს დატრიალებული ტრაგედიის გამო ტაშ-ფანდურის ადგილი არ იყო, მოითხოვდა, ადამიანებს ბრძოლისუნარიანობა გამოევლინათ.
მსახიობობის გარდა რეჟისორობაც მოსინჯა, თუმცა მიაჩნდა, რომ ნაცებმა, იმ „ნაძირალტრესტებმა“, ამ სფეროშიც თავიანთი ბილწი კვალი დატოვეს. ნაცსექტის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის განმავლობაში „ირეჟისორეს“, 12 ათასზე მეტი ფაილი გადაიღეს, რაღაც ახალი სექსუალური მიმდინარეობა ჩამოაყალიბეს იმ დონეზე, რომ ამ ჯალათ ავადმყოფებს შეეძლოთ ახალი იდეებიც მიეწოდებინათ სექსინდუსტრიისთვის... ასეთი საშინელება ფაშისტებსაც არ გაუკეთებიათ. მიაჩნდა, რომ სამეგრელოს ტყეებში კასრებში აღმოჩენილი ფაილების შემდეგ ნაცები პოლიტიკას უნდა ჩამოსცილებოდნენ, ისინი სვანური სამართლით უნდა მოეკვეთათ, ხელი არავის ჩამოერთვა, სალამი არ მიეცათ და წყალი არავის მიეწოდებინა. „ჯალათები ფურთხის ღირსები არიან. მათ მეუღლეებსა და შვილებს, თუკი სულიერი გადარჩენა უნდათ, ასეთი ქმრები და მამები სახლში არ უნდა შეუშვან“.
ორი სვანის მეგობრობა მართლაც საინტერესო იყო. ემზარ კვიციანის გათავისუფლებას ითხოვდა და უკვირდა, რატომ მიესაჯა ბაჩო ახალაიას და მერაბიშვილს 7 და 4 წელი, ხოლო ემზარ კვიციანს 12 წელი.
სვანებზე იუმორით ყვებოდა და ამ იუმორში ემზარისთვისაც იყო ადგილი. განსაკუთრებით, მოსწონდა, როცა ემზარ კვიციანი მოულოდნელად მთელი მსოფლიოს თვალწინ სოციალურ ქსელში ჩაერთო „ერმილე, ერმილეს“ ძახილით და ამ ფაქტს ერთი ანეგდოტიც მიუძღვნა: „კოსმოსში გაფრინდნენ ბელკა, სტრელკა და ემზარი. კოსმონავტთა ცენტრიდან კარნახობენ ბელკას, შენ ამ ღილაკს დააჭირე თათი, სტრელკასაც დავალებას აძლევენ, მეორე ღილაკს დააჭირე თათიო. გაბრაზებულა ემზარი, მეც მომეცით დავალებაო, მაგრამ ცენტრიდან უთხრეს, ოღონდ შენ არაფერს დააჭირო თითი და ეგ იქნება შენი დავალებაო“.
სოსო ჯაჭვლიანი ძალიან განიცდიდა, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ არ წავიდა და ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხმა გადამწყვეტი არ იყო და 104 დეპუტატს უკვე ჰქონდა ხმა მიცემული ამ კანონისთვის. ამიტომ საჯაროდ მოინანია ამ კანონპროექტის მხარდაჭერა და თვლიდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მამათმავლობის პროპაგანდას ნიშნავდა.
მკლავჭიდელის გარდა საკუთარ თავს ძიუდოისტად თვლიდა. თუმცა მკლავჭიდის ფედერაციიდან დიდი ტკივილით წავიდა. მას ბევრ სფეროში მოუსინჯავს ძალები, პოლიტიკოსიც იყო, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატიც და სპორტსმენიც, მაგრამ სკამს გამოკიდებული არასდროს ყოფილა, ყველა ადგილიდან შეეძლო წასვლა, სადაც თვლიდა, რომ მისი ადგილი არ იყო. თუმცა ყველაზე დიდი კვალი მაინც ქართულ კინოში დატოვა. იმ კინოში, სადაც ფიზკულტურის აკადემიიდან რეზო გაბრიაძის წყალობით მოხვდა.
იხსენებდა, რომ რეჟისორები აუდიტორიაში ბიჭებს ათვალიერებდნენ, ჯერ ფიზკულტურის აკადემიის დერეფანში მოეწონათ იგი, შემდეგ აუდიტორიაში შევიდნენ, სოსო ყოველთვის უკანა რიგში იჯდა და თქვეს, ეს ბიჭი არ არის, დერეფანში რომ შევნიშნეთო, ამის შემდეგ დაუძახეს, რომ იკრიჭები მანდ, წამოდიო. გვერდით მჯდომმა მეგობარმა რეჟისორებს მასზე მიუთითა, ეს სვანი ბელმონდოაო და ენამ უყივლა, ოთხ წელიწადში 8 ფილმში გადაიღეს „სვანი ბელმონდო“, რომელიც კინოსტუდიის ეზოში აღვირის გარეშე ზუსტად იმ თეთრი ცხენით დაჯირითობდა, რომელზეც მანამდე თარაშ ემხვარი იყო ამხედრებული „მთვარის მოტაცებაში“ და რომელი ცხენიც „ნატვრის ხის“ ფინალში კვდება.
სხვათა შორის, ლიკა ქავჟარაძის არ იყოს, კინოდანაც გულნატკენი წავიდა სოსო ჯაჭვლიანი, 40 ფილმში გადაიღეს და, ნაცვლად იმისა, რომ აფრენილიყო, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ 40 ფილმის შემდეგ ჭაობში აღმოჩნდა. მისი შესაძლებლობები აღარ გამოიყენეს. მართალია, თავად გადაიღო ფილმი „სვანი“, „მაიტა ნასოსი“, მაგრამ ძალიან უნდოდა ფილმის „ვისია უშბა?“ გადაღება. ისტორია იმაზეა, რომ უშბა დადეშქელიანმა უცხოელ ქალს აჩუქა, თუმცა კონკურსში ფილმის გამარჯვების მიუხედავად, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს. სხვათა შორის, ლიკა ქავჟარაძეზეც ჰქონდა სცენარი დაწერილი, ლიკას გმირი აეროპორტში მიდის უცხოეთში წასასვლელად, მაგრამ უკან ბრუნდება, სამშობლოში. არც ამ ფილმის მიმართ გამოხატეს ყურადღება და ეს ფილმიც არ დამტკიცდა.
65 წლის ასაკში მძიმე სენით დაღუპულ სოსო ჯაჭვლიანს მეგობრები და თანამებრძოლები ემშვიდობებიან.
მწერალი მერაბ შათირიშვილი, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ დროს პროტესტის ნიშნად მხრებზე დადებული ჯაჭვით გელათიდან სამებამდე გზა სოსო ჯაჭვლიანსა და ლუკა კურტანიძესთან ერთად დალაშქრა, for.ge- სთან საუბრისას იხსენებს გარდაცვლილ მეგობარს. მერაბ შათირიშვილის თქმით, 2011 წელს, როცა ქართულ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვიტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილის რეჟიმმა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, ერეკლე საღლიანის დახმარებით შეხვდა სოსო ჯაჭვლიანს და შესთავაზა, ჯაჭვებით წამოსულიყვნენ ქუთაისიდან თბილისამდე, ამ აქციით გამოეღვიძებინათ დაშინებული, დატერორებული საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა მოეთხოვათ.
„სოსო მაშინვე დამთანხმდა, ლუკას დაელაპარაკა, წავედით გელათში და გელათიდან თბილისისკენ ფეხით წამოვედით. სოსოს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. წარმოიდგინეთ თემურ ბაბლუანი, თავისი სვანური სერიოზულობით და სოსო ჯაჭვლიანი, რომელმაც აბსოლუტურად სხვანაირად დაგვანახა სვანეთი თავისი ფილმით - „მაიტა ნასოსი“. სოსომ ტაბუ ახსნა ისეთ თემას, თითქოს სვანთან ვერ იხუმრებ. ამ ფილმში ჩანს, როგორი იუმორი აქვთ სვანებს. მე, სოსო და ლუკა ჯაჭვებით რომ დავეშვით გელათიდან, სანამ მოწამეთას გამოვცდებოდით, გზაში სულ ვეუბნებოდი სოსოს და ლუკას, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია ეს აქცია ჩაგვიშალოს ამ მეთოდით, წამოვიდნენ პროვიკაციაზე, ჩამოგვიარონ მანქანით, გვაგინონ, გვლანძღონ, გვესროლონ ბოთლები“, სოსო გაკვირვებული მიყურებდა, ბოლოს რომ მოვაბეზრე თავი დარიგებებით, მკითხა, „აბა, როგორ უნდა მოვიქცეთო?“, ვუთხარი, „ნებისყოფა გამოვიჩინოთ“- მეთქი, ამაზე მიპასუხა, „როგორ, დაჩინჩლულებმა ვიაროთ თბილისამდეო?!“ ამაზე ხარხარი აგვიტყდა. ლუკა და სოსო მეგობრები იყვნენ მანამდეც და სულ ერთად მოდიოდნენ, მე სულ წინ ვიყავი. რომ ვეტყოდი, წავიდეთ მარჯვნივ, მაინც მარცხნივ მიდიოდნენ და ქაშუეთში რომ ჩამოვედით, ვხუმრობდი, არ დამიჯერეს და ბორჯომის ხეობიდან მოაბრუნეს ორივენი-თქო. მუხლებამდე თოვლი იყო მაშინ, ქარაშოტი, წარმოიდგინეთ, „პერევალზე“ ნებისმიერ ტრაილერს ერთი კუდი რომ მოექნია, სამივეს გადაგვყრიდა ხეობაში. იმ პერიოდში დაგვდევდნენ უშიშროების მანქანები, მაგრამ სამივეს თავი გადადებული გვქონდა. სოსო იყო გმირობის მაგალითი“, - იხსენებს მერაბ შათირიშვილი.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე იმ პერიოდს იხსენებს, სოსო ჯაჭვლიანთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ რომ იბრძოდა. ნანა კაკაბაძე დანანებით აღნიშნავს, რომ ისეთი თაობა მიდის ამ ქვეყნიდან, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის, იყო სოსო ჯაჭვლიანიც. სოსო მის მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც ჭეშმარიტად ქართველი კაცი. ქართველობაში, რასაც ჩვენი იდენტობა ჰქვია, სოსოს არასდროს არ შეშლია.
„ყოველთვის იდგა იქ, სადაც საქართველოს გული ფეთქავდა. მას არ შეშლია და საქართველოს საწინააღმდეგო მხარეს არ დამდგარა. ამან კიდევ უფრო ჩამწყვიტა გული მაშინ, როცა დღეს ასე ბობოქრობენ რაოდენობრივად მცირე, მაგრამ აქტიური ანტიქართული ჯგუფები, თავის თავს ლიბერალებს რომ ეძახიან, სინამდვილეში კი ფაშისტები არიან. მათ ფონზე სოსოსნაირი ადამიანების გამოკლება ძალიან დიდი დანაკლისია. ხშირად ადამიანები რაღაც პოზაში არიან, ეროვნულობას იჩემებენ, აგერ, გიგა ბოკერიას აქვს ილია ჭავჭავაძის სურათი გაკრული, საზიზღობას ვაწყდებით ხოლმე, სოსო ამას აკეთებდა ისეთი შეგნებით, რომ განცდა მრჩებოდა, ამ კაცს უნდოდა საქართველოს შესწირვოდა, როგორც გმირები ეწირებოდნენ თავიანთ ქვეყანას, მას უნდოდა, გამხდარიყო თავისი ქვეყნის მსხვერპლი და ქვეყნისთვის სიკეთე მოეტანა. ეს მის ყველა ქმედებაში ჩანდა, ჯერ თვითონ ფილმებში, რომლებშიც სოსო თამაშობს გმირებს, როგორი ქართული სული იკითხება“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, სოსო ჯაჭვლიანი ასეთივე იყო პოლიტიკაშიც, რისიც სჯეროდა, იმას აკეთებდა, გუნდს რომ მცდარი გადაწყვეტილება მიეღო, სოსო ჯაჭვლიანი არ გაიზიარებდა. ასე მოხდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებით, ის გრძნობდა და იბრძოდა იმისთვის, რაც ქართული იყო. არავითარ შემთხვევაში, არ იხრებოდა ანტიქართული მოვლენებისკენ.
„მინდა, მისი მოგონება ძალიან დიდხანს იყოს ამ ქვეყანაში, ღმერთი მას დაუმკვიდრებს სასუფეველს, ცხოვრებაში გაწეული თავისი დამსახურება მას იმ ქვეყნადაც დახვდება. თავისი ქვეყნისთვის მას არასდროს უღალატია“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.