საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ესტუმრნენ. სამხედროებთან ერთად იმყოფებოდა, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უწმინდესსა და უნეტარესს, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის სახელით, სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს სახელწმიფო დროშა გადასცეს. ქართული დროშა ISAF-ის მისიის შესრულებისას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე ფრიალებდა.
ოფიცრებმა, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების სახელით, საქართველოს სახელწმიფო დროშა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც გადასცეს.
ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ოთხი თვის განმავლობაში მისივე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სამხედროებთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა და სამშობლოში მათთან ერთად დაბრუნდა.
პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენლის რანგში 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდა.