უჯრები და უჯრედები

უჯრები და უჯრედები

ჩემი სტუდენტობის დროს თბილისში სულ რამდენიმე სახინკლე იყო, „ლეწე“ - გადასასვლელ ხიდთან, „წუმპე“ - რუსთაველზე, „საღორე“ - კოლმეურნეობის მოედანზე, „გემო“ - ვარანცოვზე, „ნიავი“ - სოფელ დიღომში, „სამარე“ - საბურთალოს სასაფლაოსთან, „ველიამინოვი“ და ა.შ. მხოლოდ ძირითადები ჩამოვთვალე. ერთი ამდენი იყო მეორეხარისხოვანი. „წუმპეში“ არასოდეს არ ქონდათ შავი პილპილი, „ლეწეში“ სულ ჩხუბი იყო. მეტ-ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდნენ „გემო“ და „ნიავი“. „გემოში“ დინამიკებში გამოცხადებას ველოდებოდით - „გია, ორმოცი ხინკალი“, „კობა, შვიდი ქაბაბი“...

ასევე, იყო სალობიე პეკინზე, საკუპატე - მალაკნებზე და საჩებურეკე - „აჭარაში“ (იგივე მეცხრე კორპუსი) და „ივერიაში“.

იყო, რამდენინე სასოსისეც, მათ შორის ერთი - მალაკნებზე. მებუფეტეს დიდი წითელი ცხვირი ქონდა (და ილარიონა შევარდნაძისავით კეთილი იყო), ბოჩკიას ეძახდნენ.

ლუდის კათხაზე, სატუჩეზე მარილს ვაყრიდით... „არაგვის“ ლუდხანაში ჩეხური ლუდი მოქონდათ ხოლმე, კათხა - მანეთი, და სატუჩეს მარილი არ ჭირდებოდა.

მახსოვს, 1987 წლის მარტი იყო - გაგანია მშრალი კანონი, ლიმონათით გადახდილი კომკავშირული ქორწილები, რესტორანში, მაგიდის ქვეშ ჩამალული ღვინის ბოთლები, „ბორჯომის“ ბოთლში ჩასხმული არაყი, რეიდები. შვიდი კაცი, გეპეის სტუდენტები, „წუმპეში“ რეიდში მოვყევით, ნახევარი ლიტრი არაყი გვქონდა (მეცნიერული კომუნიზმის ორ ლექციას ვაცდენდით, მესამეზე - მასალათა გამძლეობაზე, უნდა შევსულიყავით) და მაგაზე დაგვიჭირეს მაიორმა გია სალუქვაძემ (ძნელაძის ქუჩაზე რომ მილიცია იყო, გრიშა შონია და ძმანი მისნი), კომკავშირის რაიკომის რომელიღაც მდივანმა და პარტიის რაიკომის ერთ-ერთმა ვირთხამ...

ეს სად წავედი!..

მოკლედ, ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ ჩემი სტუდენტობის იმ ადგილებიდან, სადაც „კუჭის კანონი“ ისწავლებოდა, დღეს აღარც ერთი არ არის დარჩენილი, პიცის, შაურმის და ჰამბურგერის ჟრიამული ისმის ყველგან, გარდა ერთისა.

ეს ერთი არის სახელგანთქმული „მცხეთის სალობიე“. აი, ეგ იყო მართლა პრესტიჟული („ქალაქური“ და „დარიალი“ სხვა თემაა. „მწვანე ველიც“) - მასალათა გამძლეობით, დრეკადობის თეორიით და გეპეის სტუდენტებზე მოსმენილი ანეკდოტებით „გაწამებული“ გეპეის სტუდენტებისთვის ერთ რამედ ღირდა ქალაქგარეთ გასეირნება და „კუჭის კანონის“ საზეპიროების სწავლა.

ისიც წავიდა (ჰეეე...) და მეც ისევ წავედი. ხანდახან შესავალი უფრო ვრცელი გამოდის, ვიდრე ის, რისთვისაც შესავალი გინდა.

ერთ-ორი წლისა და ერთი-ორი თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა მცხეთის სალობიეს ხარისხის სერთიფიკატი გადასცა, ჩვენებურად - ქების სიგელი. იმათაც, ჩარჩოში ჩასვეს და იმ სარკმელის თავზე მიუჩინეს ადგილი, საიდანაც ღვეზელებით ვაჭრობენ. ისე გადასცა და ისე აქო, თითქოს ეგ არის და, უგრძვნია კაცსო, მაგრამ კაციც არის და - კაციც, გრძნობაც და - გრძნობაც.

პრეზიდენტი რომ გახდა, პირველი, თურმე, რაც ქნა - ბრძანება გასცა, ამა და ამ ეზოში ესა და ეს ხე მოჭერითო. იმ ხეზე იმალებოდა ბავშვობაში. როცა ერთს მოუთმენდნენ, მეორეს მოუთმენდნენ, მესამეს და მეოთხეზე უკვე გამოეკიდებოდნენ, იმ ხეზე აძვრებოდა, ის იყო მისი ერთადერთი მეგობარი. სწორედ ის ხე მოჭრა, ერთადერთ მეგობარს მოუღო ბოლო მაღალმა, მაგრამ - პატარამ.

ასეთისგან არც შექება გინდა და არც ქების სიგელი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, სალობიეს მესვეურებმა ყველაზე თვალსაჩინო ადგილი მიუჩინეს. მეწყინა, მაგრამ რა უნდა ექნათ?

შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მცხეთის სალობიეში ღვეზელებზე შევიარე, სერთიფიკატს ავხედე, მაგრამ სერთიფიკატი აღარ იყო. მოვიკითხე - სად არის-მეთქი. მიმტანებმა გადაიკისკისეს - მიშას ქების სიგელი ვის რაში ჭირდებოდაო!

დრონი პრეზიდენტობენ და არა პრეზიდენტები. ახლა, ალბათ, ვიღაც-ვიღაცეები სირცხვილით იხსენებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ თვეებს, როცა მედია აჭრელებული იყო სააკაშვილის ბავშვობის შემსწრეთა მონათხრობით, რომ მიშა იყო ჭკვიანი, კეთილი, გულისხმიერი, გამგები, მუყაითი... რომ ასეთი მოსწავლე არც მანამდე ყოლიათ და არც აწი ეყოლებათ. ტიპები ყვებოდნენ, როგორი კარგი მეგობარი იყო მიშა, გოგოები იხსენებდნენ, როგორი ჯენტლმენი იყო და, ალბათ, სკოლის მებუფეტეც გაიხსენებდა, თუ როგორი მოზომილი იყო ჭამაში მიშა - ჭამდა ცოტას, ჩუმად, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მის გარშემო არავის შიოდა. პირიდან ლუკმას გამოიღებდა და სხვას უწილადებდაო...

ახლა ირკვევა, რომ მისი ნაპირალი... ნაპირალი კი არა და, მისი გამონასუნთქი ნახშიროჟანგი ბევრად მომწამვლელი იყო, ვიდრე ყველაზე მკაცრი მასწავლებლისა.

ისე, ყველაზე მკაცრი მასწავლებელი არის დრო. დრო გვასწავლის, რომ გაივლის დრო და შეიძლება საკუთარი სიტყვების შეგრცხვეს.

...იმ ამბიდან ზუსტად ხუთი წლის შემდეგ გადავეყარე მაიორ სალუქვაძეს და ნახევარ ლიტრა არაყზე დაჭერილი გეპეის შვიდი სტუდენტი გავახსენე. ძალიან შერცხვა, თავი იმართლა, კომკავშირს გადააბრალა, პარტიას აგინა... ცოტაც და, ხინკალსა და არაყზე დამპატიჟებდა.

არ ვიცი, ახლა რამდენს რცხვენია იმ არჩევანის, რომელიც 2003, 2004 და 2008 წლებში გააკეთეს. მანამდეც ბევრი იყო სამარცხვინო, ზოგი ნანობს, ზოგი - არა. ყველაზე ხმამაღლა ყველაზე ურცხვები ნანობენ და ახალი რეალობის გათვალისწინებით მიგვიძღვიან უკეთესი მომავლისკენ. ხოლო ის აღარ არის, ის წავიდა, გაფრინდა და როგორც ძველები იტყვიან ხოლმე - უკან ნუღარ მოიხედავს.

და ახლა, როცა ის აღარ არის, თითქოს არც მჯერა, რამდენიმე დღე უნდა გავიდეს, საბოლოოდ რომ დავიჯერო - ის აღარ არის. მანამდე კი, ისე ვიქნები, საშინელი სიზმრის შემდეგ რომ გეღვიძება და გიხარია, ყველაფერი რომ დამთავრდა. არის სიზმრები, რომლებიც არასოდეს გავიწყდება, ყოველთვის გაიხსენებ, თავიდან ხშირად, შემდეგ იშვიათად და სულ უფრო იშვიათად, მაგრამ მთლიანად არასოდეს გაქრება, სულ რაღაცას უკავშირებ და იქნებ, ცუდი რამ რომ ხდება, იმ სიზმარს იხსენებ და ისევ იმას უკავშირებ. რას გაუგებ ტვინის უჯრედებს? ეს ხომ საწერი მაგიდის უჯრა არ არის, რომ გამოწიო, სასურველი ნივთი ამოიღო და შემდეგ უკანვე შეწიო.

ტვინის ეს უჯრედი იმ ხალხით არის გამოტენილი, ვისაც „ნერგები“ უნახავს და ვერ გაუგია.

გვინდა, ახლა, ჩვენ, ტვინში ასეთი ხალხი? თუნდაც, მხოლოდ ერთ უჯრედში?! მაგრამ, აბა ჩვენ ვინ გვეკითხება?