გუშინ იტალიურმა გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს დღეებში კლუბ „მილანს“ 37 წლის კლარენს ზეედორფი ჩაიბარებს.
ბოლო პერიოდში მილანური გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს და იტალიის პირველობის სატურნირო ცხრილის მეათე საფეხურზე იმყოფება.
ორი დღის წინ გავრცელდა ცნობა რომ „მილანის“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებას აპირებს.
კლარენს ზეედორფი ამჟამად ბრაზილიურ „ბოტაფოგოში“ ასპარეზობს. მოთამაშე 2002-2012 წლებში „მილანის“ რიგებში გამოდიოდა და ამ გუნდის მაისურით 300 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
იმ შემთხვევაში თუ ზეედორფი „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, მუშაობა მაურო ტასოტისთან ერთად მოუწევს. ეს უკანასკნელი ამჟამად მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე გახლავთ.