გუშინ აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველობაზე მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულიას „მილუოკი“ სტუმრად „ბოსტონს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელი გუნდის უპირატესობით დაიწყო. მეორე ნახევრის დასაწყისში „ბოსტონი“ 22 ქულით დაწინაურდა და წესითა და რიგით „მილუოკის“ ზედიზედ მეორე მარცხი უნდა მიეთვალა.
სტუმრებმა ზაზა ფაჩულიას კარგი თამაშის წყალობით თამაშის ბედი თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს - 105:98.
ქართველ კალათბურთელს მატჩი „მილუოკის“ სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია. ამის მიუხედავად მოედანზე ყველაზე მეტი დროის გატარება მოუწია - 29,36 წუთი.
ზაზას პირად ანგარიშზე 20 ქულაა და ამ მაჩვენებლით საკუთარ კლუბში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. რასაკვირველია ქართველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მომდევნო თამაშს „მილუოკი“ ხვალ ჩაატარებს და კანადურ „ტორონტოს“ უმასპინძლებს.