გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა ხუდონჰესის გზშ-ს ანგარიშზე

გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა ხუდონჰესის გზშ-ს ანგარიშზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენიშვნები მდინარე ენგურზე 702 მგვტ სიმძლავრის ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე:

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მითითებულია, რომ განსახლება უნდა განხორცილედეს მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის OP4.12 შესაბამისად. ამ პოლიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კაშხალთა მსფლიო კომისია (WCD). განსახლების გეგმა არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და არ არის ცნობილი სოციალურ -ეკონომიკური რეაბილიტაციის დეტალები, შესაბამისად არ არის გათვლილი კონკრეტული ფინანსური მონაცემები (თავი 27.1 გვ 620). არ არის ცნობილი სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შემარბილებელი ღონისძიებების (გვ 651) ფინანსური ხარჯები, წარმოდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მშენებლობაზე (3000 დასაქმებული) გათავლისწინებულია 900-1200 უცხოელი მოქალაქის ჩამოყვანა და დასაქმება, რაც გარკვეულ სოციალური (ჯანდაცვის) და კონფლიქტური სიტუაციების რისკს წარმოქმნის. აღნიშნული საკითხების დეტალური განხილვა და ანალიზი წარმოადგენს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობის მთავარ საფუძვლებს.

გზშ-ს ანგარიშის ძირითადად შეიცავს მხოლოდ თეორიულ გათვლებს მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეულ ტექნიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ზიანზე. შესაბამისად, მეტი კონკრეტიკისათვის საჭიროა მსოფლიო გამოცდილების შესწავლისა და საქმიანობის განხორციელების ადგილის რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმოს მაღალი მთის პირობებში ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელება;

 სოციო- ეკონომიკური საკითხები:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მე-3-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და მე-5-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ა.დ” ქვეპუნქტის თანახმად გზშ-ს ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული ობიექტის განთავსების ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე შესაძლო ცვლილებების პროგნოზი დეტალური ეკონომიკური გათვლებით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით:
აუცილებელია პროექტის მასშტაბიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, გზშ-ს ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის ეკონომისტები; (გზშ-ს ანგარიშის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის დროს დადგინდა რომ, მიუხედავად იმისა, მოცემული ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა შესაბამისი სფეროს 32 სპეციალისტი, არცერთ მათგანს არ გააჩნდა ეკონომიკური განათლება).
საჭროა ანგარიშში მოყვანილი ძირითადი ეკონომიკური პარამატრები გადაანგარიშდეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად (დოკუმენტში მითთებული 2007 წელს გაკეთებული გათვლები მოძველებულია).

აუცილებელია ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში ცალკე თავად იყოს მოცემული პროექტის ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასება, რაც ითვალისწინებს მოსალოდნელი ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგის ეკონომიკურ ანალიზს, ეგრეთ წოდებული „ხარჯისა და სარგებლის ანალიზის“ (Cost-effective Analysis) მეთოდის გამოყენებით;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნას დაზუსტებული ინფორმაცია ჰესის საინვესტიციო ღირებულების შესახებ.
აუცილებელია ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში მოცემული იქნას სწორი ეკონომიკური გათვლები და დასაბუთება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უნდა განხორციელდეს „ცემენტის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომელი მწარმოებელიც დააკმაყოფილებს პროექტისათვის მისაღებ ხარისხსა და ფასს. ასევე შესაბამის დასაბუთებას საჭიროებს ფოლადის იმპორტის საკითხებიც, ვინაიდან საქართველოში არსებობს აღნიშნული სამშენებლო მასალების ადგილობრივი ბაზარი რომლის ათვისების შემთხვევაში აღარ მოხდება დიდი მოცულობის ინვესტიციის ქვეყნიდან გადინება;

ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული 1 კვტ.საათის წარმოებული ელ.ენერგია და ჰიდროელექტროსადგურის ამოსყიდვის ვადები. ასევე, მითითებული უნდა იყოს 1 კვტ დადგმული სიმძლავრის მშენებლობის ღირებულება;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში დასაბუთებას საჭიროებს მტკიცება იმის შესახებ, რომ ,,პროექტის დაუყოვნებლივ განხორციელებას“ ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისი დასაბუთებაა საჭირო, საქართველოს ეკონომიკის როგორ განვითარებას ეყრდნობა ეს პროგნოზი; როგორი იქნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი;

ü არ არის გათვალისწინებული საქართველოს მაღალი ენერგოინტენსივობა და ენერგოეფექტიანობის ზრდის პოტენციალი;

ü არ არის გათვალისწინებული ელექტროგადაცემებსა და დისტრიბუციაში დანაკარგების მაღალი დონე და მისი შემცირების ეკონომიკური ეფექტი;

ü არ არის გათვალისწინებული მოხმარების დარგობრივი სტრუქტურის სტრატეგია; შესაბამისად აღნიშნული საკითხები საჭიროებს დაზუსტებას და ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში ასახვას.

 რისკები:

გზშ–ს ანგარიშში ასახულია ხუდონჰესის კაშხლის რღვევის გამო წარმოქმნილი კატასტროფული ნაკადის ენგურის წყალსაცავში შემოდინების შედეგად მასში წარმოქმნილი ისეთი მსხვილმაშტაბიანი, ინტენსიური ჰიდრადინამიკური პროცესები, როგორებიცაა წყლის შეტბორვა, ტალღური რყევები, ტალღების არეკვლები, უკუდინებები, ტალღების პერიოდული გადაღვრა კაშხლის თხემზე. პირველი ყველაზე ინტენსიური გადაღვრის შედეგად გადაღვრილი წყლის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით 170 მლნ მ3 ––ს (წყალსაცავის 100 % შევსებისას). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოდელირებაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ,,ნენსკრა ჰესის“ კაშხალზეც. აღნიშნული მოდელირების საკითხები წარმოდგენილი უნდა იქნას გზშ–ს ანგარიშში .

ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში გაანგარიშებული უნდა იყოს კაშხლის წარუმატებლობის (კატასტროფის) შემთხვევაში სოციალურ–ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი.

ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ხუდონჰესის პროექტის შეჩერებამდე (1989 წლამდე) აგებული შენობა-ნაგებობათა ვარგისიანობისა და რეაბილიტაციის საჭიროების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 სეისმური პირობები:

გზშ–ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაქსიმალური შესაძლო მიწისძვრა (MCE ალბათური შეფასებით) მაქსიმალური ჰორიზონტული აჩქარებისათვის არის 0.36g, ხოლო სეისმური დარაიონების მიხედვით ხუდონჰესის ტერიტორია 9 ბალიან სეისმურ ზონაში ხვდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ხუდონჰესის კაშხალი რამდენ ბალიანი სეისმური დარაიონების ზონისთვის საჭირო პირობებზეა გათვლილი.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოსადგენ დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იქნას ხუდონჰესისათვის დამატებით კვლევების ჩატარება ალბათური და დეტერმინისტული სეისმური საშიშროების შეფასებისათვის, რათა გზშ–ს ანგარიშში გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ,,მიწისძვრა ხუდონის კაშხლის ტერიტორიის ფარგლებში არ განმეორდება“ იქნას დასაბუთებული.

გეოლოგია, გეოდინამიკური პროცესები:

გზშ–ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კაშხლის მდ. ენგურთან მარცხენა შეუღლების ადგილზე, ზედაპირიდან 10-40 მ-ის ინტერვალით გავრცელებულია კლდოვანი გამოფიტული და ნაპრალოვანი გრუნტები, რომელთა ქვეშ განვითარებულია მცირედ ნაპრალოვანი ქანები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს 55-56 მ-ის ინტერვალში მიწისქვეშა წყლის მძლავრი ნაკადის გამოვლინება (10-15 ლ/წმ დებიტით)“. გზშ-ს ანგარიშის თანახმად „მეთოდი, რომელიც შეირჩა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ანუ გრავიტაციული ბეტონის მასიური შეუღლების მშენებლობა, შესწავლილ იქნა მოდელირების საშუალებით”. აქედან გამომდინარე, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში დეტალურად უნდა იქნეს ასახული ინფორმაცია აღნიშნულ მოდელლირებასთან დაკავშირებით და მიღებული შედეგების შესახებ;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში ასახული უნდა იყოს მეწყერების, ღვარცოფების იდენტიფიცირების და ფერდობების სტაბილურობის შესწავლის მიზნით ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგები;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში დასაბუთებულად უნდა იქნას წარმოდგენილი ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, კერძოდ, წყალსაცავზე ბუნებრივი სტიქიების (ღვარცოფი, მეწყერი, თოვლის ზვავი) შესაძლო ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში განხილული უნდა იყოს, წყალსაცავის მიმდებარე სენსიტიურ უბნებზე თოვლის ზვავისაგან და ღვარცოფული ნაკადისაგან დასაცავად შესაბამისი დამცავი ნაგებობების მოწყობის აუცილებლობა (ღვარცოფდამჭერი და ზვავდამჭერი ნაგებობები), რათა თავიდან იქნას აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება წყალსაცავში მოსალოდნელი ტალღის წარმოქმნაზე;
გზშ–ს ანგარიშის თანამხად, მდ. ნენსკრას ხეობაში ჩატარებული ვიზუალური კვლევების საფუძველზე, ერთ-ერთ მეწყრულ უბანთან მიმართებაში წარმოდგენილია დასკვნა, რომლის შესაბამისად ,,მეწყრული ცირკის რკალური მონაკვეთის სიგრძე მდინარის კალაპოტიდან თითქმის 70 მ სიმაღლეზეა, რაც აუცილებლად გამოიწვევს მიწის დიდი მოცულობის წყალსაცავში ჩამოცურებას”, ასევე ,,წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მეწყრის მოწყვეტის სიბრტყე კიდევ უფრო მაღლა გადაიწევს, რასაც მოყვება მიწის დამატებითი მასების ჩამოშლა-ჩამოცურება”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღწერილ და სხვა მეწყრულ უბნებთან დაკავშირებით, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიში უნდა შეიცავდეს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩამონათვალსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში უნდა იყოს განხილული საპროექტო გზების (18.5 კმ), მათ შორის ,,ხაიში-მესტიის“ საავტომობილო გზის გასწვრივ მიმდინარე მიწის სამუშაოების გავლენის შეფასება ფერდობის მდგრადობაზე. ამასთანავე, აღწერილი უნდა იყოს არასტაბილურ ფერდობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებაზე დაგეგმილი ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გრუნტის მასების მოხვედრა წყალსაცავში;
წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თავი 4.1.11 გვ 138 მითითებულია, რომ ,,პროექტის განხორციელების შედეგად იტბორება ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის საავტომობილო გზის კმ63–კმ78 მონაკვეთი, რომლის გადატანა მდ.ენგურის მარჯვენა ნაპირზეა დაგეგმილი“. ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის საავტომობილო გზა ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეკუთვნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის გზას. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ხუდონის ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტისაგან დამოუკიდებლად კონკრეტულად აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობისათვის მომზადოს და სამინისტროში ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ_ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია წყალსაცავში ნაპირების შესაძლო გადამუშავების პროცესის შესახებ.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ_ს ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი ჰიდროგეოლოგიური პირობების ცვლილების შესახებ მონაცემები, მათ შორის უშუალოდ წყალსაცავის აკვატორიაში მიწისქვეშა წყლების განტვირთვის პირობები.
კაშხლის საფუძვლის ქანები ჰეტეროგენული აგებულებით და მათი დეფორმაციის მოდულები მნიშნელოვანი ცვალებადობით ხასიათდებიან, აქედან გამომდინარე აუცილებელია დადგინდეს დეფორმაციის მოდულთა მნიშვნელობები ქანების ცალკეული სახეობებისათვის და შესაბამისი ინფორმაცია იქნეს მოცემული ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში.
აუცილებელია ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში მოცემული იქნას მონაცემები ქანების მეტამორფოზის (მეორადი შეცვლების) შესახებ.

 ჰიდროლოგია:

გზშ-ს ანგარიშის თანახმად, გზების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელია ეროზიულ–დენუდაციური პროცესების გააქტიურება, რაც არანაკლები ზეგავლენის მქონეა ბუნებრივად მიმდინარე ფერდობული პროცესების მასშტაბებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენამდე უნდა დადგინდეს წყალსაცავში მყარი მასალის აკუმულაციისა და სედიმენტაციის ტიპები.
გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს, ხუდონ ჰესის დღე-ღამური დატვირთვის გრაფიკი და მისი ცვალებადობა სამომავლო დინამიკაზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი წარმოადგენს ჰესის სიმძლავრის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ხუდონის წყალსაცავის წყალსამეურნეო ბალანსის სქემა, ჯვრის წყალსაცავთან მიმართებით;
გზშ-ს ანგარიშის 317-ე გვერდზე უნდა დაზუსტდეს, მდ. ენგურის წყალშემკრების დაკალიბრებისათვის, რატომ იქნა გამოყენებული სადგურებისა და საგუშაგოების დაკვირვებაზე დაყრდნობით 1963-1971 წლების კლიმატური და ჰიდროლოგიური მონაცემები წყალშემკრების სამივე ზონისათვის და რატომ არ იქნა გამოყენებული შედარებით უფრო ახალი, შემდგომი წლების მონაცემები. შესაბამისი უახლესი ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, გზშ-ს ანგარიშში საჭიროა სათანადო მითითების გაკეთება;
გზშ-ს ანგარიშის 485 გვერდზე აღნიშნულია: „წყალსაცავის შევსების პერიოდში მის ქვედა ბიეფში გასატარებელი ეკოლოგიური ხარჯი ტოლი უნდა იყოს ხუდონის კაშხლის კვეთში მდ. ენგურის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის, ე.ი. 11.4 მ3/წმ-ის“. ეკოლოგიური ხარჯის მსგავსი გაანგარიშება არ არის გამართლებული, რადგან ის სრულიად არ ასახავს მდინარეში ბიომასისა და ცოცხალი ორგანიზმების არსებობისა და განვითარების პირობების ცვლილებას. შესაბამისად, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს რომელი მეთოდიკა იქნა გამოყენებული ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების დროს და წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დასაბუთება გამოყენებული მეთდის მიზანშეწონილობის შესახებ;
გზშ–ს ანგარიშის 6.1.8. ქვეთავში მითითებულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროლოგიური დაკვირვებები მდინარეებზე საქართველოში შეწყდა 90-იანი წლებიდან, არსებული მონაცემები საკმარისად მიიჩნევა შეფასებისათვის“. აღნიშნული საკითხი საჭროებს დასაბუთებას და გზშ–ანგარიშში ასახვას, ვინაიდან, ბოლო ათეული წლების განმავლობაში შესამჩნევად შეცვლილი კლიმატური პირობების ფონზე, გასული საუკუნის 90 წლებამდე არსებული ჰიდროლოგიური რიგი არ შეიძლება იყოს ზუსტი. ასევე გასათვალისწინებელია და შესაბამის დასაბუთებას საჭიროებს საკითხი თუ რატომ არ არის ჩართული ანგარიშში, 1987-1991 წლების დაკვირვების მონაცემები რომელმაც გამოიწვია მონაცემებს შორის სხვაობა 44 მ3/წმ-ით;
საჭიროა ძირითად მდინარეზე და ყველა საკვანძო კვეთში მოეწყოს ჰიდრომეტრული კვეთები, სადაც მოხდება დონეების სისტემატიური აღრიცხვა ელექტრონული თვითმწერების საშუალებით და სეზონურად - წყლის ხარჯების გაზომვა;
6.1.8.3. ქვეთავში აღნიშნულია, რომ „მდ. ენგურის წყლის დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად მდინარის მიმართულებით განხილულ იქნა დაკვირვების 8 კვეთი, სადაც 1980-1989 წლებში ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოს მიერ ტარდებოდა რეგულარული მონიტორინგი. შერჩეული 8 კომპონენტიდან (ნიტრიტის აზოტი, ნიტრატის აზოტი, ამონიუმის აზოტი, ფენოლები, ნავთობპროდუქტები, რკინა, სპილენძი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები) ამონიუმის იონისა და ფენოლების კონცენტრაციები თითქმის ყველა კვეთში აღემატება შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს (ზდკ). 2011 წლის 21-24 ოქტომბერს მდ. ენგურის ხეობაში ჩატარდა წყლის ქიმიური ანალიზი და განისაზღვრა 24 კომპონენტი. განსაზღვრული ინგრედიენტებიდან, ძირითადად, ყველა ელემენტის მნიშვნელობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე ნაკლებია. გამონაკლისია №5 ხაიშურა-ხაიში და №7 ნენსკრა-ხაიშის ზემოთ მდ. ენგურის შესართავთან აღებული სინჯები, სადაც რკინის შემცველობა, შესაბამისად, 1.75-ჯერ და 1.2-ჯერ აღემატება ზდკ-ს”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მდინარის წყლის ხარისხზე დაკვირვების მხოლოდ ორი დღის მასალებით რაიმე სახის დასკვნების გაკეთება, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში უნდა აისახოს მდ.ენგურის წლის ანალიზების წლიური ციკლის ჩატარების შედეგები.
გზშ-ს ანგარიშში მითითებულია, რომ „პროექტის პროპონენტი გამოთქვამს მზადყოფნას აიღოს სანებართვო ვალდებულება და განხორციელოს კაშხლის კვეთში წყლის ანალიზები სეზონურად – წყალდიდობის, წყალმოვარდნისა და წყალმცირობების პირობებში (სულ მცირე წელიწადში 6 ანალიზი)“. აღნიშნული რაოდენობის ანალიზი გარემოს ფონური დაბინძურების შესაფასებლად არ არის საკმარისი. შესაბამისად, წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა დაზუსტდეს, ვინაიდან ფონური დაბინძურების განსაზღვრა აუცილებელია მომავალში დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად და წარსულში არსებულ სიტუაციასთან შესადარებლად;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ისტორიული დაკვირვების მონაცემების გამოყენებით კორელაციური კავშირების დამყარების მცდელობა, სააბლაციო პერიოდის ჩამონადენსა და მეტეოროლოგიური მონაცემებს შორის (ჰაერის ტემპერატურა, დადებითი ტემპერატურების ჯამები).
უნდა განხორციელდეს და ანგარიშში აისახოს კორელაციური კავშირების გამოვლენის მცდელობა მდინარის ჩამონადენსა და მყინვარის დნობას შორის სააბლაციო პერიოდში.
მყინვარის მოდნობა უნდა განისაზღვროს დადებითი ტემპერატურების ჯამების სიმაღლებრივი განაწილებისა და დნობის ტემპერატურული კოეფიციენტის მონაცემების გამოყენებით (ან ნებისმიერი სხვა აღიარებული მეთოდით);
გზშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მდ. ენგურის აუზის მდინარეთა საზრდოობაში მყინვარების ნადნობი წყალი მხოლოდ ზაფხულის ჩამონადენში მონაწილეობს (ძირითადად, ივლის-აგვისტოში). ამ პერიოდისათვის მდ. ენგურის ჩამონადენში მყინვარული წყლის წილი 25-30% მერყეობს. წლის დანარჩენ დროს მდ. ენგურის წლიურ ჩამონადენში, დაახლოებით, 60% თოვლის ნადნობ წყალზე მოდის, დანარჩენი კი - წვიმისა და გრუნტის წყლებზე.“ ვინაიდან, მყინვარული საზრდოობის მდინარეების ჩამონადენის სეზონური განაწილება მეტად არათანაბარია, თოვლყინულოვანი საზრდოობის მქონე მდ. ენგურის სეზონური ჩამონადენის რყევის ამპლიტუდა, სააბლაციო პერიოდის ჩამონადენის ყოველწლიურად მზარდი მნიშვნელობების გამო, უკანასკნელი 27 წლის განმავლობაშიც გაიზრდებოდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. შესაბამისად, მდინარის ჩამონადენის (განსაკუთრებით მაქსიმალური ჩამონადენის) გამოანგარიშებისას, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული და დეტალურად ასახული უნდა იყოს ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში.
გზშ–ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ,,ხაიში A–ს ქვედა ბიეფის კვეთი ერათადერთი ადგილია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა აშენდეს 200–დან 250 მეტრამდე სიმაღლის კაშხალი. მდინარის კალაპოტის ნიშნული ამ კვეთში 670 მ–ია. თუმცა აუცილებელია ჩატარდეს კვეთის დამატებითი კვლევა იმისათვის, რომ დადასტურდეს ამ კვეთის ხელსაყრელობა“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით საჭიროა ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში გათვალისწინებული იყოს კვეთის დამატებითი კვლევის შედეგები.

სედიმენტაცია: 

დალამვის მრავალწლიური ჯამური მნიშვნელობები ვერ ასახავს ნატანი მასალის წლიური და მითუმეტეს სეზონური მსვლელობის დინამიკას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გზშ–ს ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენამდე საჭიროა ჩატარდეს ფაქტიური დაკვირვებები ჩამონადენის ამ კომპონენტზე და მიღებული შედეგები აისახოს გზშ–ს ანგარიშში.
საკვანძო წერტილებში მოწყობილ ჰიდრომეტრულ კვეთებში სეზონურად გაიზომოს ატივნარებული ნატანი მასალის ხარჯები და შესაბამისი ინფორმაცია იქნას წარმოდგენილი ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში განხილული უნდა იყოს ხუდონჰესის წყალსაცავის ნატანისგან პერიოდული გაწმენდის საკითხი, ჯვრის წყალსაცავში ნატანის ზალპური ჩაშვებები და მათგან გამოწვეული შესაძლო შედეგების სცენარები;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია ნატანის ხარჯებსა და დონეებს შორის დამყარებული კორელაციური კავშირის შესახებ.
იმის გამო, რომ დღეისათვის მდ.ენგურს შავ ზღვაში უმნიშნელო მყარი ნატანის რაოდენობა შეაქვს (დღეისათვის 0,0227 მლნ მ3 ) საჭიროა მდინარეთა მყარი ნატანის დარეგულირება ისეთი სახით, რომ დამყარდეს წონასწორობა ზღვის ტალღურ გარეცხვასა და მდინარის მიერ შეტანილ მყარ ნატანს შორის. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია საქმიანობის განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს სანაპირო ზოლში მყარი ნატანის ხელოვნური შეტანა.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს და წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია მდ.ენგურის გვერდითი შენაკადების ნატანის რეჟიმზე, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სელური ხასიათისაა და მათი გამოზიდვის კონუსს შეუძლია წყალსაცავის გარღვევა.

კლიმატი:

ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში განხილული უნდა იყოს ხუდონის წყალსაცავში წყალდიდობის ჩამონადენთან შედარებით, მცირე (10-ჯერ ნაკლები) მარეგულირებელი მოცულობის მიერ ე.წ. „ცივი წყალსაცავის” შექმნის შესაძლებლობა და მისი ზეგავლენა 0,2-0,3 კმ-დე მდებარე ხმელეთზე.

 ფლორა, ფაუნა, იქტიოფაუნა:

ვინაიდან, ხუდონჰესის გავლენის არეალში აღრიცხული ენდემური და იშვიათი მცენარეების ბიოეკოლოგია და, საერთოდ, მათი პოპულაციების სიცოცხლის უნარიანობა დღემდე შეუსწავლელია. არ არსებობს აგრეთვე ამ მცენარეთა თესლების ბანკი და არ არის განხორციელებული მათი in situ და ex situ კონსერვაცია. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემა უნდა იყოს განხილული ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში;
გზშ-ს ანგარიშში ასახულია მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე მცენარეები (ბალახოვანი), რომლებიც იშვიათ და ენდემურ სახეობებს წარმოადგენენ, თუმცა არ არის მოცემული საქართველოს „წითელი ნუსხის” მცენარეთა სახეობები რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგას და ძალზედ მნიშვნელოვანია მათზე ზემოქმედების შემთხვევაში სათანადო საკონსერვაციო, აღდგენის და საკომპენსაციო ქმედებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, გზშ-ს ანგარიშის ამ კონკრეტულ ნაწილში უნდა დაზუსტდეს ანგარიშში მითითებულ და სამომავლოდ მოსამზადებელ გეგმებში კომპლექსური აღდგენის, საკომპენსაციო, ბიოაღდგენის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმები და ფლორის მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობების კონსერვაციის პროგრამა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ანგარიშში ასახული იყოს საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილ მცენარეთა სახეობებზე ზემოქმედება და აღდგენის ღონისძიებები.
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში დეტალურად უნდა იქნას განხილული დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის ზეგავლენის საკითხი გარემომცველ და საერთოდ, ენგურის აუზის მცენარეულობაზე (ე.წ. არაპირდაპირი ზემოქმედება და მოსალოდნელი შედეგები);
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშის ბოტანიკურ ნაწილს და დანართებს უნდა დაემატოს საკვლევ ტერიტორიაზე ჩატარებული საველე კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაცია იდენტიფიცირებული ტიპიური ფიტოცენოზების გეობოტანიკური აღწერების და სრული ფლორისტული სიების სახით (რამდენიმე ტიპიური მაგალითი მაინც), რომ შეიქმნას სრული წარმოდგენა, უშუალო და არაპირდაპირი ზემოქმედების არეალში მოქცეული ეკოსისტემების მოსალოდნელი მოდიფიცირების, მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობების მდგომარეობის და მათი შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ. შესაბამისად უნდა გამდიდრდეს მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობათა და ფიტოცენოზთა ამსახველი ფოტომასალაც;
გზშ-ს ანგარიშში საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილ მცენარეებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ „დეტალური საველე ბოტანიკური კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ საპროექტო დერეფანში იზრდება საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეთა ექვსი სახეობა”. ამასვე ადასტურებს ანგარიშში მოტანილი ინფორმაციაც, საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეთა სახეობების შესახებ. თუმცა შემდეგ, მითითებულია საპირისპირო მოსაზრება, კერძოდ: „ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ საპროექტო დერეფანში არ იზრდება საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეთა სახეობები”. აღნიშნულიდან გამომდინარე გზშ-ს ანგარიშის ეს ნაწილი დაზასუტებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპროექტო დერეფანში იზრდება თუ არ იზრდება საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეთა სახეობები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს ”წითელი ნუსხის” მცენარეთა სახეობებზე ზემოქმედების და სათანადო ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილების და საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე;
გზშ-ს ანგარიშში მითითებულია კონკრეტულ ფართობზე ქართული მუხის (Quercus iberica) არსებობა, რომელიც არ არის საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილი. შესაბამისად, არ ფიგურირებს საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებულ, საქართველოს „წითელი ნუსხის” მცენარეთა ჩამონათვალში. თუმცა შემდეგ ტექსტში რამდენიმე ფართობის აღწერისას ნახსენებია მუხნარების არსებობის შესახებ, სადაც მათი ლათინური დასახელება არ არის მითითებული (რაც მუხის სახეობის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა). იმის მიუხედავად, რომ სავარაუდოდ აღნიშნული მუხნარების შემადგენელი ინდივიდები არ წარმოადგენენ საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილ სახეობებს, ბოტანიკურ კვლევებში, სხვადასხვა ფართობის აღწერისას მითითებული უნდა იყოს მუხების (მუხნარების) ლათინური დასახელებების აღნიშვნა, რადგან ამ მცენარის 5 სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში”;
გზშ-ს ანგარიშში, მცენარეულ საფარზე ზემოქმედების ნაწილში მითითებულია, რომ „იმ ტერიტორიებიდან, სადაც განადგურდება მცენარეული საფარი, დეგრადირებული და დაბალი სიხშირის ტყის უბნებიდან, დამეწყრილი ფერდობებიდან და ეროზიული ღარებიდან მყარი ნატანის ჩადენა წყალსაცავში. აღნიშნული უარყოფითად იმოქმედებს წყალსაცავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით საჭირო იქნება ტყის ჭრის და საქონლის ძოვების რეგულირება, მაღალი სიხშირის ტყის საფრის შექმნა, დაცვითი ხასიათის სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში დაკონკრეტებული უნდა იყოს: როგორ იგეგმება და ვის მიერ უნდა განხორციელდეს საქონლის ძოვების რეგულირება. აგრეთვე, მითითებული უნდა იყოს რა მოიაზრება დაცვითი ხასიათის სხვადასხვა ქმედებების განხორციელებაში;
გზშ-ს ანგარიშში განხილულია ცხოველებზე მოსალოდნელი ზემოქმედების და მათი ჰაბიტატების აღდგენის სცენარები, დროის სავარაუდო მონაკვეთების და ცხოველთა სახეობების ჯგუფების მითითებით. თუმცა არ არის აღნიშული: ცხოველთა სავარაუდო რიცხოვნობა, სახეობების მიხედვით, რომლებიც გვხვდებიან საპროექტო ტერიტორიაზე; რა რაოდენობის სახეობები და მათი ჰაბიტატები დაექვემდებარება განადგურება-დეგრადაციას, სახეობების, ტერიტორიების და ზემოქმედების სახეების მიხედვით; რამდენად მაღალი იქნება თითოეული სახეობისთვის გადაშენების საფრთხე და/ან საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებისთვის მათი მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიის ცვლილების ალბათობა. ასევე არ არის დაკონკრეტებული თითოეული სახეობისათვის (განსაკუთრებით საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილებთან მიმართებით) ახალ ტერიტორიაზე განსახლების შესაძლებლობის და საკმარისობის თაობაზე კონკრეტული მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს და ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში აისახოს დამატებითი კვლევის შედეგები შესაბამისი დასკვნებით და შენიშვნებით ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით. გზშ-ს ანგარიშში უნდა აისახოს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული შემარბილებელი, ზემოქმედების თავიდან აცილების და საკომპენსაციო ქმედებები;
მონიტორინგის გეგმაში უნდა აისახოს ხმელეთის ცხოველებზე დაკვირვების საკითხიც, განსაკუთრებით საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილ სახეობებთან მიმართებით. ასევე უნდა დადგინდეს და ანგარიშში აისახოს შემარბილებელი ქმედებების შესრულებას და ეფექტურობის საკითხები, ცხოველთა საბინადრო ტერიტროიებზე დაბრუნებაზე, ჰაბიტატების აღდგენაზე;
გზშ-ს ანგარიშში მითითებულია, რომ „შემარბილებელი ზომები არაა მოყვანილი წავისათვის, რადგან მისი არეალი ისედაც შეზღუდულია ენგურჰესის მშენებლობის შედეგად. მდ. ენგურში ის გვხვდება უფრო ზემოთ, სადაც მდინარის კალაპოტი ნაკლებად დამრეცია. იგივე ითქმის მდ. ნენსკრასა და მდ. თხეიშზე, სადაც წავი შესაძლოა იყოს უფრო წყნარ დინებაში. წყალსაცავი წავს მეტ სანადირო ადგილს გაუჩენს. საერთოდ საქართველოში შეუსწავლელია, თუ როგორ მოძრაობენ ენგურზე და მის შენაკადებში მობინადრე წავები წლის განმავლობაში. ასეთი კვლევა ჩასატარებელია ენგურის მთელ გაყოლებაზე”. აღნიშნული ფორმულირებიდან გამომდინარე, ნათლად არ ჩანს ენგურჰესის მშენებლობის შედეგად დაწყვეტილ ჰაბიტატში წავი გვხვდება, თუ არა. თუ გვხვდება რატომ არ არის მოტანილი ამ სახეობისთვის შემარბილებელი ზომები. თუ არ გვხვდება და ეს ცნობილია, რატომაა საჭირო მდ. ენგურში და მის შენაკადებში წავის მოძრაობის დამატებითი შესწავლა. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული კვლევის ჩატარება და შედეგების ასახვა ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში, ზემოთ მითითებული, ცხოველთა დამატებითი შესწავლის ფარგლებში;
ვინაიდან, ხუდონის კაშხლის აშენებით, მის ქვემოთ დარჩენილი ნაკადულის კალმახის სუბპოპულაცია დაკარგავს ძირითად სატოფო ადგილებს, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს განხილული ჯვრისა და ხუდონის წყალსაცავების ერთმანეთთან თევზსავალით ან თევზამზიდი ლიფტებით დაკავშირება;
გზშ-ში აღნიშნულია, რომ „თევზამზიდი ლიფტის გამოყენების პრეცედენტი მსოფლიო პრაქტიკაში გამართლებულია მხოლოდ მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე წყნარი ოკეანისა და ატლანტის ორაგულების შემთხვევაში, მნიშვნელოვან სატოფო უბნებზე მათი საქვირითე მიგრაციების უზრუნველყოფის მიზნით“. აღნიშნული საკითხი გზშ-ს ანგარიშში მოითხოვს დაზუსტებას, ვინაიდან შავი ზღვის ორაგული წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ბიომრავალფეროვნების საუკეთესო წარმომადგენელს, მისი ბიოლოგიური და ეკოლოგიური ფასეულობისა და კულინარული მნიშვნელობის მიხედვით;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში, განხილული უნდა იყოს გზების მშენებლობისას საჭირო სახიდე გადასასვლელების მოწყობით იქთიოფაუნაზე გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები;
ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში, ასახული უნდა იყოს იქთიოფაუნასთან დაკავშირებით ჩატარებული დამატებითი კვლევის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია იქთიოფაუნასა და წყლის ბიომრავალფეროვნებასთან მიმართებით დეტალური საკომპენსაციო ქმედებები (მათ შორის გზშ-ს ანგარიშით განსაზღვრული, კალმახის რესტოკინგის კონკრეტული ქმედებები) შესახებ. ასევე უნდა განხორციელდეს, მდ. ენგურის იქთიოფაუნის პოპულაციების მუდმივი მონიტორინგი და კვლევა, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ.

ტყის საკითხები:

გზშ-ს ანგარიშის თანდართული shp ფაილებით, ჰესის ასაშენებლად გათვალისწინებული ფართობიდან (1544 ჰა), ტყის ფონდის ტერიტორიებიდან დატბორვისა და გზის მშენებლობის ზონაში მთლიანად ექცევა 366 ჰა ფართობი, მათ შორის ტყით დაფარული 349.6 ჰა. თუმცა, რეალურად „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით, დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების შესაბამისად, აღნიშნული ფართობებიდან ფაქტიურად სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხვდება მხოლოდ 55,6 ჰა. დაუზუსტებელია გზშ-ს პროექტის Shp ფაილში მოცემული „კერძო ნაკვეთები“-ს მდგომარეობაც, რომლის ნაწილი 14 ჰა მიწის ფართობი მოხვედრილია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში უნდა აისახოს დაზუსტებული მონაცემები;
გზშ-ს ანგარიშში გზების მშენებლობასთან დაკავშირებით, მითითებულია, რომ გზა გაივლის 27,6 ჰა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე საჭიროა წარმოდგენილ იქნას შესაბამისი shp ფაილები და საპროექტო გზის სიტუაციური გეგმა;
როგორც გზშ-ს ანგარიშშია აღნიშნული, დეშიფრირებამ ვერ უზრუნველყო ე.წ. „დაჩრდილული“ კატეგორიის მიწების ზუსტი იდენტიფიკაცია და შესაბამისად შეუძლებელია განხორციელდეს ტყით დაფარული ფართობების ზუსტი განსაზღვრა, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ფართობების დაზუსტება განხორციელდეს ადგილზე. ადგილზე სამუშაოების წარმოებისას, ტყის კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს 0.1 ჰა-ზე მეტი ხეებით და ბუჩქებით დაკავებული ტერიტორიები. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული დაზუსტებული ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში.
სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირება უნდა მოხდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N240 დებულების „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის წესის შესახებ“ შესაბამისად;
გზშ-ს ანგარიშში მითითებულია, რომ: „დაგეგმილი საპროექტო დერეფნის მშენებლობა დაკავშირებულია ხე-ტყის ჭრასთან. აღნიშნული საკითხი არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ინვესტორსა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის შემდგომი ურთიერთობის საკითხს, რომლის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემთხვევაში უნდა დადგინდეს განსახორციელებელი სამუშაოების სია, მათ შორის მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა და ჩატარდეს საპროექტო დერეფნის ტერიტორიაზე ტყის დეტალური ინვენტარიზაცია”. უნდა აღინიშნოს, რომ, ხე-ტყის ჭრის საკითხი წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემადგენელ ნაწილს, რის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ზემოქმედების მასშტაბი, სახეები და განისაზღვროს სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტერიტორია, სადაც ტყის ჭრაა დაგეგმილი, იმავდროულად წარმოადგენს ცხოველთა სახეობებისა და პოპულაციების საბინადრო ჰაბიტატს. ამდენად, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში აისახოს მოსაჭრელი ხე-ტყის შესახებ ინფორმაცია, სათანადო შეფასებებთან ერთად;
დასატბორ და ჭრას დაქვემდებარებულ სხვა ტერიტორიებზე უნდა აღირიცხოს ხე-ტყის სრული რაოდენობა მერქნიანი სახეობების (მათ შორის წითელი ნუსხის) და ხარისხის კატეგორიების მიხედვით. მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ თანახმად. კვლევის შედეგები უნდა ერთვოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშშს ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენისას;
უნდა დაზუსტდეს, წყალსაცავის გარშემო მდებარე ტყეების ფართობი, რომელზეც უნდა განხორციელდეს ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია და მართვის გეგმის შედგენა უნდა მოხდეს წყალსაცავისაკენ მიმართულ ფერდობებზე პირველ წყალგამყოფებამდე. ტყის მართვის გეგმა და დაპროექტებული ღონისძიებები (ტყით სარგებლობა, ტყის აღდგენა-განახლება, ტყის მოვლა-დაცვა) უნდა შეესაბამებოდეს, როგორც ზოგადად გარემოსდაცვით, ასევე წყალსაცავის ფუნქციონირების მოთხოვნებს. ინვენტარიზაციას დასაქვემდებარებელი ტერიტორია, მისი განხორციელების მეთოდი და მართვის გეგმის შემუშავება შეთანხმებული უნდა იქნას სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოსთან.
ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად, ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გამოყენება, უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში ნათლად უნდა ჩანდეს რა ფართობებზე უნდა მოხდეს ეკოკომპენსაცია. ფართობის ზუსტი იდენტიფიკაცია წარმოადგენს ეკოსაკომპენსაციო ფართობის გამოანგარიშების საფუძველს.
გზშ–ს ანგარიშში გამოთქმულია მოსაზრება, (გვ. 176), რომ ,,მოსალოდნელი დატბორვის ქვეშ მოყოლილი ტყის კორომები, უფრო ხშირად კი ხეთა ცალკეული ჯგუფები, არ წარმოადგენენ სატყეო მიწების ფონდის რაიმე მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს: როგორც თავიანთი საწარმოო ღირსებებით, ისე ბუნებადაცვითი პოტენციალითა და ესთეტიკური მხარით”. აღსანიშნავია, რომ სატყეო მეცნიერებაში შეფასების ასეთი კატეგორია არ არსებობს, რამდენადაც მიუხედავად ტყის მდგომარეობისა, კონკრეტულ პირობებში, მას შესატყვისი ბუნებისდაცვითი ფუნქცია აქვს, რაც ასევე შეიძლება გამოხატული იქნას მონეტარული მაჩვენებლებითაც. შესაბამისად, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნას გამოთქმული მოსაზრების დასაბუთება.
ხუდონჰესის წყალსაცავის მოწყობით, მოსალოდნელია ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების გახმობის ახალი ,,ტალღების” წარმოქმნა, მომატებული ქარქცევა და ასევე, მომწიფარე ტყეების მერქნის ხარისხის ეტაპობრივი გაუარესება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებზე საჭიროა სათანადოდ იქნას გამახვილებული ყურდღება და შესაბამისი ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, ასახულ უნდა იქნას ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში.

მიწის მართვა:

უნდა განხორციელდეს, ყველა იმ მიწის ნაკვეთის (სამშენებლო მოედნები, ბანაკები, ბეტონის ქარხანა, ცემენტის სილოსები, კარიერები, გზები და ა.შ.) GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების დადგენა და ანგარიშში ასახვა (ფართობების ჩვენებით), სადაც განხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა იმისდა მიუხედავად მუდმივი სარგებლობისაა აღნიშნული ნაკვეთები თუ დროებითი დანიშნულების.
ყოველ კონკრეტულ ფართობზე უნდა განისაზღვროს მოსახსნელი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცულობა (მ3) და უნდა მიეთითოს დასაწყობების ადგილების GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატები. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გზშ–ს ანგარიშში;

ნარჩენების მართვა:

გზშ–ს ანგარიშში დაზუსტდეს საყოფაცხოვრებო და საკანალიზაციო ნარჩენების მოცულობები ვინაიდან იგი სხვადასხვა რაოდენობის პერსონალზეა გათვლილი. (მაგ. საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა გათვლილია 2 000 პერსონალზე, ხოლო საკანალიზაციო ნარჩენების რაოდენობა 1 200 –ზე);
პროექტში მოცემულია, რომ ობიეტქზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები 170 000 მ3 რაოდენობით უნდა განთავსდეს ცაიშის ნაგავსაყრელზე, რომელიც გაიხსნა 2010 წელს. აღნიშნული ინფორმაცია უნდა დაზუსტდეს, ვინაიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის ცნობილი არ არის აღნიშნული ნაგავსაყრელის შესახებ;
მყარი ნარჩენების განსათავსებლად გამოყოფილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდ. ხაიშურას ხეობაში, საჭიროებს დეტალურ დახასიათებას. აღწერილი უნდა იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა ხაიშურას ღვარცოფულ ნაკადში ნარჩენების მოხვედრის შესაძლებლობა, ფერდობის დესტაბილიზაციის რისკი და სხვა;
გზშ–ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მოსალოდნელია დიდი რაოდენობით ინერტული ნარჩენების წარმოქმნა”. საჭიროა პროექტში აისახოს ინფორმაცია აღნიშნული ნარჩენების განთავსების პირობების შესახებ ყველა შესაძლო რისკ–ფაქტორის გათვალისწინებით.

წყალმომარაგება, კანალიზაცია:

გზშ–ს ანგარიშის 117 გვერდზე მითითებულია, რომ ,,დამკვეთსა და საინჟინრო–ტექნიკური პერსონალისათვის საჭირო ინფრასტრუქტირის განთავსება გათვალისწინებულია მდ. ენგურსა და მარცხენა ნაპირის სამშენებლო გზას შორის არსებულ მოედანზე. ყველა ეს ნაგებობა, ისევე როგორც კომუნალური მომსახურების ობიექტები მუდმივია და მშენებლობის დამთავრების შემდეგ სხვა მიზნებით იქნება გამოყენებული, თუმცა მდინარეზე შესაძლო ანთროპოგენული და ტექნოგენური ზემოქმედების გათვალისწინებით არ არის მითითებული რა მანძლით იქნება დაცილებული ეს ობიექტი მდინარის ნაპირიდან. ანალოგიურად საჭიროებს დაზუსტებას და ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ–ს ანგარიშში ასახვას ის მანძილები სადაც მითითებულია, რომ ,,მდ. ხაიშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ ტერასაზე, განლაგდება პირველადი სამსხვრევი და ძირითადი სასაწყობე მეურნეობა,“ ,,მოეწყობა ბეტონის ქარხნისა და ცემენტის სილოსების ასაგებად საჭირო მოედანი“.
გზშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშენებლობის პერიოდში გამოსაყენებელი დამხმარე შენობა-ნაგებობები განთავსდება მდ. ენგურის ტერასაზე, ასევე, მითითებულია სიმაღლეები. თუმცა არ არის ასახული ინფორმაცია, აღნიშნული შენობა-ნაგებობების მდინარესთან რა მანძილზე და რა შესაძლო ანთროპოგენული და ტექნოგენური ზემოქმედება ექნებათ მდინარეზე;
ვინაიდან, ჰესის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პერიოდში მოხდება ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და ექსპლოატაცია, რომლის დროსაც ადგილი ექნება ამ ობიექტებზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო და საწარმოო დაბინძურებული წყლების გაწმენდას და შემდგომ კი ზედაპირული წყლის ობიექტებში მათ ჩაშვებას, ზედაპირული წყლის ობიექტების შემდგომი შესაძლო დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ კი ”ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის № 169 ბრძანების შესაბამისად საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედაპირული წყლის ობიექტში ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების შემუშავება და დადგენილი წესით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს ჩაშვების წერტილები;
გზშ–ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს წყალში გავრცელებული ემისიების შესახებ გათვლები.

ჰაერის დაცვა:

ჰესის ამოქმედების შედეგად ემისიების შემცირება გამოთვლილია იმ დაშვებით, რომ ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია სრულად ჩაენაცვლება ბუნებრივი აირიდან გამომუშავებულ ენერგიას. აღნიშნული ჩანაწერი უნდა იქნას დასაბუთებული და ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში ასახული;
არასწორადაა შეფასებული ემისიები ტრანსპორტიდან. ვინაიდან, ანგარიშის თანახმად ცემენტი (440,000 ტონა) შემოტანილი იქნება თურქეთიდან და შესაბამისად დიდი იქნება სატვირთო ავტომობილის მიერ გავლილი მანძილი (ორივე მხარეს) რაც შესაბამისად გაზრდის გარემოზე ზემოქმედებას;
ვინაიდან, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროები (ასფალტის ქარხნები, ბეტონის კვანძები, ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელი დანადგარები, სილოსები, ლენტური ტრანსპორტიორები, საშემდუღებლო პოსტები და სხვა), ამიტომ საჭიროა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისთვის წარმოდგენილ გზშ-ის ანგარიშს თან ახლდეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ჰაერდაცვითი დოკუმენტაცია.
წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში უნდა დაზუსტდეს საძოვრებში ნახშირბადის მარაგის გამოთვლები;

საკანონმდებლო საკითხები:

გზშ-ს ანგარიშის (ნაწილი I, ნაწილი II-ის) მე-2-ე თავის საკანონმდებლო რეგულირების 51-ე გვერდზე წარმოდგენილი გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების ჩამონათვალში ნაცვლად „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №14 ბრძანებისა უნდა იყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” დებულება;
წყლის რესურსებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტი, კერძოდ: 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, მაშინ როდესაც აღნიშნულ ნორმატიულ აქტში შეტანილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამომდინარე აქედან, წყლის საკითხებთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას ნორმატიულ აქტში განხორციელებული ყველა ცვლილება.
საკანონმდებლო რეგულირების ჩამონათვალში მითითებული უნდა იყოს ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, როგორიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის №169 ბრძანებით დამტკიცებული „ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ”;
მითთებული უნდა იქნას ასევე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №61 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხების” დამტკიცების თაობაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად მდ. ენგური წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტს; ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1976 წლის 17 სექტემბრის №130 ბრძანება „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესების დამტკიცების შესახებ”, რომლითაც ისევე როგორც „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზედაპირული წყლების გაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესებითა და ნორმებით” საქართველოში რეგულირდება ზედაპირული წყლების გაბინძურებისაგან დაცვის მექანიზმები.

გზშ-ს ანგარიშში უნდა შეწორდეს შემდეგი ორთოგრაფიული და ბეჭდვითი უზუსტობები:

გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი გეგმების ლეგენდები აღნიშნული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
უნდა მოხდეს გზშ-ს ანგარიშზე (დანართების ჩათვლით) სრულად ნუმერაციის მინიჭება;
კაშხალის სიმაღლე: 1 გვერდზე მითითებულია 194 მ; 109 გვერდზე - 200მ; 542 და 544 გვერდებზე - 200, 5 მ;
საშუალო წლიური გამომუშავება: 1 გვ-ზე - 1500 მლნ კვტ/სთ; 27და 31 გვ -ზე 1400 მლნ კვტ/სთ;
მშენებლობაზე მუშა ხელის რაოდენობა: 35 და 37 გვ-ზე - 3800; 122 გვ-ზე - 2600; 101, 645 და 812 გვერდებზე - 3000;
მუშა ხელის რაოდენობა ჰესის ფუნქციონირების დროს: 35 და 37 გვ-ზე - 250; 645 გვერდზე კი - 200;
ჰესის მშენებლობის პერიოდი: 34 და 39 გვ-ზე - 6 წელი; 100 გვერდზე - 4-5 წელი; 28 და 644 გვერდებზე - 5 წელი;
განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების რიცხვი: 31 და 621 გვ-ზე - 224 ოჯახი; 190 გვ-ზე - 244 ოჯახი;
გზშ-ს ანგარიშში მითითებული პარაგრაფები ვერ მოიძებნა 3.1.5 და 3.1.6 (70-71 გვ) და ასევე ცხრილები 4.2 – 10; 4.2 – 11; 4.2 – 12;
მითითებულია, რომ თავი 4-ში წარმოდგენილია მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკა. თუმცა მას ნახაზი ეწოდება და ზედ დატანილია ქვიშა-ხრეშის კარიერები;
აღნიშნულია, რომ არსებული შენობა-ნაგებობების თანამედროვე მდგომარეობისა და რეაბილიტაციის საჭიროების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია 4.1.9-ში. თუმცა მითითებულ ქვეთავში არ არის წარმოდგენილი აღწერა არსებულ ნეგებობათა ვარგისიანობასა და რეაბილიტაციის საჭიროების შესახებ;
გზშ-ს (დამატებითი დანართი, ნაწ. I, წინასწარი ვარიანტი, 2013 წ. გვ.14), ჰიდროგრაფიულ აღწერილობაში დასაზუსტებელია საქართველოში მდინარეების რაოდენობა. ნაცვლად 25 000-სა უნდა იყოს 26 000 მდინარეზე მეტი;
გვ. 77 აღნიშნულია - „გრძელვადიან პერსპექტივაში ენგურის წყლის ხარჯი საშუალოდ 5.35 მილიონ მ3-ს შეადგენს”. უნდა იყოს - „გრძელვადიან პერსპექტივაში ენგურის წლიური ჩამონადენი საშუალოდ 5.35 მილიონ მ3-ს შეადგენს”;
ე.წ. ,,ყბებიანი სამსხვრევისთვის” – C2908 უნდა უდრიდეს 0,5 გ/წმ და არა 0,05 გ/წმ-ს;
სამსხვრევი დანადგარისთვის - თუ ფილტრის ეფექტურობა 99,8 %-ია, მტვრის კონცენტრაცია შესასვლელზე 50 გ/მ3, გამოსასვლელზე უნდა იყოს 100 გ/მ3 და არა 10 გ/მ3;
ღორღის საწყობიდან არაორგანული მტვრის გაფრქვევების გაანგარიშებისას ,,სასაწყობო შენახვის დრო” უნდა იანგარიშებოდეს (3600×365×24)წმ-ით და არა - (3600×365×8) წმ-ით;
ტექსტში მოცემულია – სვანეთის მცენარეულობა მიეკუთვნება ვერტიკალური სარტყლიანობის კოლხურ ტიპს. უნდა იყოს – სვანეთის მცენარეულობის სიმაღლითი განაწილება მიეკუთვნება ვერტიკალური სარტყლიანობის კოლხურ ტიპს;
ტექსტში მოცემულია – „400 დან 2300 მმდეწარმოდგენილიატყისსხვადასხვასარტყელი”. უნდა იყოს – „ტყისსარტყელიყველაზედიდისიმაღლითიდიაპაზონითხასიათდება (ზ.დ. 400-2300 მფარგლებში) დასხვადასხვაქვესარტყელებითააწარმოდგენილი”;
ტექსტში მოცემულია – „დაბლაჭარბობსშერეულიფოთლოვანიდაფართოფოთლოვანიტყეებისსხვადასხვავარიანტი”. უნდა იყოს – „ტყისსარტყელისდაბალი(ანქვემო) ნაწილშიდომინირებსშერეულიდაფოთლოვანიტყისსხვადასხვაფორმაციებიდაასოციაციები (ტყისტიპი)”;
ცალკეული სახეობები ქართულ ტექსტში მხოლოდ ლათინური სახელწოდებებითაა მოცემული. სახეობათა სიების გარდა, ლათინურს უნდა ახლდეს ქართული სახელწოდებაც. მაგ. – კავკასიური მოცვი (Vaccinium arctostaphylos);
ბიოგეოცენოტური საფარის ნაცვლად უნდა იყოს – რეგიონის (ან ტერიტორიის) ბიოგეოცენოზები;
ტექსტში მოცემული – „სამხრეთრუმბები”-ს ნაცვლად, უნდა იყოს – „სამხრეთექსპოზიციისთხემურიშემაღლებები”;
აღნიშნულია - „ადგილსამყოფელოები”. უნდა იყოს - „ადგილსამყოფელები”;
უნდა დაზუსტდეს ტერმინი - „ კლდოვანიმუხისტყეებისანაბეჭდი”;
ტექსტში მოცემულია – „პახიფრაგმიან-მაყვლიანი”; უნდა იყოს – „ხახიასადამაყვლისსაფარით. ხახია (Pachyphragma macrophyllum)”;
ტექსტში მოცემული „დაფარვა” უნდა შეიცვალოს – „პროექციულიდაფარულობით”;
Quercetum vacciniosum – კავკასიის მთის ტყეებში ისტორიულად ჩამოყალიბებული კოლხური ძირის ასოციაციაა (ტყის ტიპი) და მიეკუთვნება კოლხური ტყეების ასოციაციათა ჯგუფს. ტექსტში კი მოხსენიებულია, როგორც Querceta vacciniosa და ამდენად ასოციაციათა ჯგუფის რანგშია აყვანილი, რაც უნდა შესწორდეს (მსგავსი მეორდება სხვა ასოციაციების დასახელებათა შემთხვევებშიც);
Castaneto-Quercetum vacciniosum – ბიდომინანტური ასოციაციაა და არა სუბასოციაცია, როგორც ეს ტექსტშია მოცემული.

დამატებით გაცნობებთ, რომ ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულების თანახმად, ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თქვენს მიერ ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს და თან უნდა ერთვოდეს ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალსწინებული ყველა დოკუმენტაცია. ასევე წარმოდგენილ, დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები (განახლებული სამეწარმეო და საჯარო რეესტრები).

ზემოაღნიშნული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარმოდგენამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მოკლებული იქნება შესაძებლობას კანონით დადგენილი წესით გასცეს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა." -წერია გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნებში ხუდონჰესის ანგარიშზე.