უფროსი ახალაია შეწყალებას ითხოვს, უმცროსი ახალაია სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს

უფროსი ახალაია შეწყალებას ითხოვს, უმცროსი ახალაია სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს

სოზარ სუბარი პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალებას არ გამორიცხავს. მინისტრის განცხადებით, ადამიანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო, სააკაშვილმა იმავე დღეს გაანთავისუფლა და გუბერნატორად დანიშნა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალების შემთხვევაში, ის საპყრობილეს მაინც ვერ დატოვებს, რადგან ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბაჩო ახალაიამ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პრეზიდენტ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. როგორც ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა განაცხადა, შეწყალებაზე მიმართვა შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღესვე შეიტანოს.

„ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. გადაწყვეტილება ქურდების ჩვენებებზე იყო დამყარებული. ამიტომ, ბაჩო ახალაიას პოზიციაა, რომ შეწყალებისთვის მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა გოგა ონიანმა.

რაც შეეხება მეორე ახალაიას, ძებნილი დათა პროკურატურასთან თანამშრომლობს. ამ ინფორმაციას ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ავრცელებს. მისი თქმით, ინფორმაცია აქვს, რომ დათა ახალაიამ პროკურატურას გადასცა ინფორმაცია, იარაღის საწყობებთან დაკავშირებით და სქემა, რომლის მიხედვით სააკაშვილი დანაშაულებრივ დავალებებს იძლეოდა.

„თანამშრომლობა საარჩევნო პერიოდში ცოტა ბუნდოვანი გახდა, თუმცა ვიცი, რომ მათ კიდევ აქვთ სალაპარაკო ერთმანეთთან. ახალაიას პროკურატურაში საკმაოდ გავლენიან ხალხთან აქვს კავშირი. ვიცით, რომ ქვედა რგოლი ასეთ საქმეებში გადაწყვეტილებებს ვერ იღებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - მეგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და დავით ჭაკუა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ სცნო და 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება 7 სპეცრაზმელის ცემისა და წამების საქმეს, ახალაია სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ სცნო. ბრალდების მხარე კი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ამ საქმეზე ბრალდებულებს ბაჩანა ახალიას, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევს, მამუკა აბაშიძეს, დავით ჩუბინიძეს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და დავით ვეკუას ბრალი ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, წამებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის აგვისტოში ორგანიზება გაუკეთა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე შვიდი თანამშრომლის წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც დანარჩენ ბრალდებულთა მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი. ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდებები დასტურდებოდა 7 დაზარალებულისა და 63 მოწმის ჩვენებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ერთ-ერთი სპეცრაზმელი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შოკშია სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის ამბობს, რომ ყველა დაზარალებულთან ერთად აპირებს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„გვაბრალებდნენ, „მეოცნებეები“ ხართო, აგვიყვანეს ბაზაზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე. მიცვალებული არ გამიჩერეს საფლავში, თოფით თავი გამიხეთქეს, შრამი ახლაც მეტყობა. ეს ხდებოდა უშუალოდ საქმეში ბრალდებულად ცნობილი ჩუბინიძის და მისი დამქაშების - დავითაშვილის, სუთიძის, ზანგიევას, გიორგაშვილის მხრიდან“, - განაცხადა სპეცრაზმელმა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. 
მისი თქმით, მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს,  „რეინჯერის“ კურსთან, საერთო არაფერი ჰქონია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს ეჭვი ეპარება, რომ ახალაიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ იყოს.

„ჩემთვის ცნობილი გახდა ამ განაჩენის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს ამ განაჩენს. ამ შემთვევაში, მე ვერ ვიქნები მხარე და ვერ ვისაუბრებ ვერც პროკურორის, ვერც დაცვის და მით უმეტეს ვერც მოსამართლის ნაცვლად.

პროკურატურას სასამართლო პროცესზე ვალდებულება აქვს დაასაბუთოს ბრალი და სათანადოდ არგუმენტირებული და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები წარმოადგნოს და სასამართლო ვადლებულია იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, რომელიც განაჩენს მიიღებს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, კითხვები გვაქვს პროკურატურასთანაც, პროკურატურამ დასაბუთებული საქმე უნდა წაიღოს სასამართლოში. ჯობია ძიება საერთოდ არ დაიწყოს და საქმე არ აღიძრას, ვიდრე თვეების შემდეგ ჩვენ მივიღოთ გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.