ანა ჩაკვეტაძემ კარიერა დაასრულა

ანა ჩაკვეტაძემ კარიერა დაასრულა

ანა ჩაკვეტაძეს საქართველოში მარტო იმიტომ არ იცნობენ, რომ ქართული გვარი აქვს, არამედ იმიტომაც, რომ მსოფლიოში ცნობილი ჩოგბურთელია. ანა მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანიც კი იყო და ბოლო ათწლეულში რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად მიიჩნევა, თუმცა 28 წლის სპორტსმენმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო პერიოდში ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ ბევრი სერიოზული შეჯიბრება გამოტოვა, რადგან სხვადასხვა ტრავმა თუ დაავადება ახსენებდა თავს. რამდენჯერმე ტურნირებზე გულიც წაუვიდა.

'პროფესიონალურ ჩოგბურთში თავს ვეღარ ვხედავ, ამიტომ მზად ვარ ვთქვა: ჩემი კარიერა დამთავრებულია. რა თქმა უნდა, ეს რთული გადაწყვეტილებაა, დიდხანს ვიტანჯავდი თავს, მაგრამ უკვე მოვმწიფდი ამ აზრისთვის. ზურგის ქრონიკული ტრავმა მაქვს, რომელიც თავს არ მანებებს. გადავწყვიტე გავჩერდე და თავი რაიმე სხვაში ვცადო.

ახალი ცხოვრება იწყება... რას ვიზამ შემდეგ? მინდა, მწვრთნელობა ვცადო. ჩემთვის ძნელია, მთლიანად ჩამოვცილდე სპორტს, მისთვის ამდენი ძალა და დრო მაქვს გაღებული. ამ წლების განმავლობაში უამრავი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა და მინდა, დამწყებ მოთამაშეებს გადავცე. გარდა ამისა, ტელევიზიაში ჩოგბურთის კომენტირება დავიწყე და ძალიან მომწონს. გარკვეულ პროექტებზეც ვფიქრობ' , - აღნიშნა ანამ.

ცნობისათვის, ანა პეტერბურგშია დაბადებული, ბიზნესმენი მამის ოჯახში. სწორედ მამამ შეუწყო ხელი ანას კარიერის აწყობაში და მერეც გამუდმებით ედგა გვერდში. ანას უმცროსი ძმა რომანი ჰყავს.

ჩოგბურთის თამაში რვა წლიდან დაიწყო და სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ჩოგბურთის გარდა ფეხბურთი უყვარს. მისი საყვარელი მწერალი კი ასევე წარმოშობით ქართველი ბორის აკუნინია (გრიგორი ჩხარტიშვილი).

ანა მხოლოდ სპორტით არ დაკმაყოფილდა და უმაღლესი განათლებაც მიიღო - 2008 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგისა და პედაგოგის სპეციალობით. 2011 წელს რუსეთის დუმის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს, პარტია 'მართალი საქმის' საარჩევნო სიის პირველ სამეულშიც კი შედიოდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კი პუტინის კონკურენტის მიხაილ პროხოროვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. შარშან რუსული პოლიტიკის ყველაზე სექსუალურ ქალადაც კი დაასახელეს. ანამ თვით ალინა კაბაევასა და სვეტლანა ხორკინას გაუსწრო რეიტინგში.


ანა ხშირად აღნიშნავს თავის ქართულ ხასიათს. კორტებზე ემოციურობას სწორედ ქართულ ფესვებს მიაწერდა ხოლმე: 'ყოველთვის ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ ქართული ფესვები იჩენს ხოლმე თავს. თამაშის დროს ისეთი დაძაბულობაა, ემოციები თავისთავად პოულობს გზას' .

ანას წარმატებებს ვუსურვებთ როგორც სპორტულ, ისე პოლიტიკურ კარიერაში.