მიხეილ სააკაშვილმა 250 პირი შეიწყალა. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, ზურაბ ადეიშვილის ძმა და მაიზერ ლიპარტელიანი. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა უმეტესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. შეწყალებულთა შორის არიან, განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებული 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 4 პირი, 12 პირი სრულად გათავისუფლდა სასჯელისაგან. ყველა მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული 32 პირი, მათგან 13 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება.
გარდა ამისა, სააკაშვილმა ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული, 70 პირი შეიწყალა, მათი უმრავლესობა რეალიზატორია, რომელთაც წინა ამნისტია რეალიზატორობის გამო არ შეეხოთ. გარდა ამისა, შეწყალებულია ქურდობისთვის მსჯავრდებული 27 პირი, გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული - 9 პირი.
სხვა დანაშაულებისთვის როგორიცაა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა, კონტრაბანდა, გადასახადისათვის თავის არიდება, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სხვა, შეწყალებულია 15 პირი. შეწყალებულთა შორის არიან სამოხელეო დანაშაულისათვის მსჯავრდებული 6 პირი, 53-ს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 4-ს შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 122 პირი გასამართლებულია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.
შსს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებას ყოვლად უპასუხისმგებლო და უკიდურესად შემაშფოთებელ გადაწყვეტილებად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა: „აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 2204 პირი შეიწყალა, რომელთა შორისაც მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში განმეორებითი დანაშაულისთვის სამართალდამცველებმა 240 პირი დააკავეს“.
აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ მაიზერ ლიპარტელიანი, დავით ადეიშვილი და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ამ პირებისთვის შეწყალების რეკომენდაცია არ მიუცია. როგორც ელენე თევდორაძემ განაცხადა, აღნიშნული პირები იმ სიაშიც კი არ მოიძებნებიან, ვინც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა და მათი საქმეები არც განუხილავთ.
ამასთან, როგორც თევდორაძე აცხადებს, 70 პატიმარზე მეტი შესაწყალებელ პირთა სიაში ისე შეიყვანეს, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა. თუმცა, როგორც თევდორაძემ განმარტა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კანონი არ არეგულირებს. მისივე განმარტებით, შეწყალების კომისია სარეკომენდაციო ორგანოა, რომელსაც შეიძლება პრეზიდენტი ან დაეყრდნოს ან - არა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც თევდორაძე აცხადებს, პრეზიდენტს შეეძლო კომისია არ მოეწვია და შეეწყალებინა ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა.
„მაიზერ ლიპარტელიანზე, კომისიას შეწყალების რეკომენდაცია არ გაუცია. აღნიშნული პირები სიაშიც არ ყოფილან. მათი გვარები იმ სიაშიც არ არის, ვინც კი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. როგორ განვიხილავდით მაგალითად ადეიშვილის საქმეს, როდესაც იგი ციხეში არ მჯდარა? ჩვენ ხომ საქმეს ციხე გვიგზავნის. ეს იმდენად აბსურდულია, ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1995 წლიდან კომისიაში ვიყავი, 10 წელია თავმჯდომარე ვარ, ასეთი შემთხვევა არის პირველი, როდესაც პატიმარი არის გაქცეული და პრეზიდენტმა შეიწყალა“, - განაცხადა ელენე თევდორაძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრო ბარნოვს მიმართავს. თევდორაძის ინფორმაციით, გუშინ ანდრო ბარნოვმა აღნიშნა, რომ არ იცის, თუ ვის სიაში იყვნენ შეწყალებული პატიმრები.
„მინდა მივმართო ბატონ ანდროს, ინტელიგენტი კაცია, პატივს ვცემდი, მაგრამ ჯობია, სიმართლე ილაპარაკოს ახლა, როცა ამთავრებს თავის საქმიანობას. პრეზიდენტი ზუსტად ბარნოვს ავალებდა, როგორც აპარატის უფროსს, მოემზადებინა დამატებითი საქმეები რაც არ შედიოდა კომისიაში. მან ძალიან კარგად იცის ეს, სანამ პრეზიდენტთან აიტანდა სიას, თავად გაიარა ჩვენი სარეკომენდაციო სია და ძალიან კარგად იცის, ვინ იყო ამ სიაში და ვინ - არა“, - განაცხადა ელენე თევდორაძემ და დასძინა, რომ თავად იმ ოქმს მოაწერს ხელს, სადაც მისი რეკომენდაციით შეწყალებული პირები არიან.
ამასთან, ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია 8 წლის განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში იყო, რაც პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიცვალა.
ჩვენ ვმუშაობდით, საათობით ვკამათობდით, მერე ჩვენი სიები თურმე პროკურატურაში მიდიოდა. პირებს, რომლებსაც დარჩენილი ჰქონდათ სასჯელი 6 თვე, ერთი წელი, წელიწადნახევარი, რჩებოდნენ ციხეში და ვიღაცეები, ვისაც ჰქონდათ 17, 20 წელი ხვდებოდნენ გარეთ. მე ამას ვგებულობდი ტელევიზიით. ე.ი. პროკურატურა ცხრილავდა ჩვენს სიებს. საპატრიარქოსაც ჰქონდა სიები. საპატრიარქოდან 1200 საქმეს გააგზავნიდნენ, იმ სიიდან 2 ადამიანს ამოიღებდნენ, დანარჩენს - არა, ჩვენი სია კი იცხრილებოდა. ის, რასაც პროკურატურა ამზადებდა, შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. ნამდვილად არ ვიცი, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ეს ვისი სია იყო“, - განაცხადა ელენე თევდორაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ის ხალხი შეიწყალა, რომლებზეც დარწმუნებული იყო, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ბარნოვის თქმითვე, მისთვის ყველას ვინაობა და სახელი და გვარი ზუსტად ცნობილი არ არის. რაც შეეხება მაიზერ ლიპარტელიანს, ანდრო ბარნოვის ინფორმაციით, ის თავის დროზე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ პროკურატურას სასურველი ჩვენება არ მისცა.