კობა სუბელიანის საქმიანობას გენერალური პროკურატურა სწავლობს

კობა სუბელიანის საქმიანობას გენერალური პროკურატურა სწავლობს

მთავარ პროკურატურაში კობა სუბელიანის მინისტრობის პერიოდში გამოვლენილ დარღვევბთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება, ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხუთი არალეგალური საწყობის აღმოჩენას. საწყობებში, დევნილებისთვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთები იქნა აღმოჩენილი, რომელთა დიდი ნაწილი უკვე უვარგისია.

საქმე ეხება 2008-2009 წლებში დევნილებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს, რომელიც რეალურად ლტოლვილებს არ მოხმარებიათ.

აღმოჩენილი საწყობები და ნივთები სამინისტროს ბალანზე არ ირიცხებოდა. მეტიც, არც ხელშეკრულებაა გაფორმებული საწყობის მესაკუთრეებთან, თუნდაც საწყობის იჯარით, ქირით სამინისტროსთვის გადმოცემის თაობაზე. მომხდარიდან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა სამი მილიონ ხუთასი ათასი ლარი შეადგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, ყოფილი მინისტრის, ამჟამად პარლამენტის წევრის, კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

სუბელიანის მინისტრობის დროინდელ საქმიანობაში არსებულ დარღვევეზე საუბრობენ საპარლამტო უმრავლესობის წევრები. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამვჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, პროკურატურაში ათი საქმე სუბელიანის წინააღმდეგ გადაიგზავნა და ყველა საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

„დევნილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში გაგზავნილია ათი საქმე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაწყებულია გამოძიება. ერთი ეხება 2008 წელს, როდესაც დევნილობის მეორე ტალღა დაიწყო და მათ თავშესაფრები გადაეცათ. გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც სახლები და თავშესაფრები გადაეცათ იმ პირებს, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ და ვისაც ეკუთვნოდა, ისინი ბინების გარეშე დარჩნენ“, - აცხადებს ეკა ბესელია.

როგორც დეპუტატი განმარტავს, არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც კოდორის ხეობიდან დევნილებად არიან დარეგისტრირებული და საინამდვილეში არ არიან დევნილები. მისივე თქმით, მათთვის უკანონოდ გადაცემულია ათი ათას ლარიანი კომპენსაციები.

„არის საქმე, სადაც დევნილთა სამინისტროში მომუშავე 30 ადამიანი აძლევს ჩვენებას, რომ მათ სახელზე პრემიები გამოიყოფოდა და მინისტრს აძლევდნენ. არის კიდევ ერთი საქმე, რომელიც ეხება საზღვრისპირა რეგიონს, სადაც 2009 წელს მავთულხლართების გაბმა დაიწყო, მაშინ რამდენიმე მოქალაქეს, რომელსაც დაენგრათ სახლები, ან მოყვა მავთუხლართების მიღმა, უნდა მისცემოდა ფულადი კომპენსაცია და ეს თანხები არ არის გაცემული. მე არ ვდებ მას ბრალს, მე ვსაუბრობ ფაქტებზე. გამოვლინდა ფაქტები, რომელიც მიუთითებს სერიოზულ კორუფციულ დანაშაულზე და გამოძიება რამდენიმე თვეა მომდინარეობს“, - აცხადებს ეკა ბესელია.

სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. რაც შეეხება აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა სახლებთან და დახმარებებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და მას გორის პროკურატურა აწარმოებს.
პროკურატურაში ჯერჯერობით არ კეთდება განცხადება, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დადგება თუ არა ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

როგორც არჩილ კბილაშვილის უწყებაში განმარტავენ, ვიდრე კობა სუბელიანი კონკრეტული დანაშაულის გამო ბრალდებული არ გახდება და პასუხისგებაში არ მიეცემა, მანამდე ვერაფერს იტყვიან. პროკურატურაში ასევე არ აკონკრეტებენ, დაიკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე კობა სუბელიანი. პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, ეს ისეთი საქმეა, რომელიც შემდეგ განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნდა გადაეცეს, ამიტომ გამოძიების დასრულებამდე გამომდინარე, დეტალები არ ხმაურდება.

თავად კობა სუბელიანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. პარლამენტის წევრი არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.