ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ. 

"ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად ისტორიული. მე აღვნიშნე შეხვედრისას, რომ ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება პირველ რიგში ჩვენი მთავრობის მიმართ, მთავრობის მეთაურის მიმართ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ქართველი ხალხის მიმართ. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გარღმავების და გაძლიერების", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა განცხადება სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გააკეთა, სადაც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა.

ამბასადორიალის შემდეგ ივანიშვილმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზეევ ელკინთან შეხვედრა გამართა. სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს ზეევ ელკინმა განუცხადა, პრინციპული გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღებულია, ხოლო ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართება.