პარლამენტში ბაჩო ახალაის შეწყალებას არ გამორიცხავენ

პარლამენტში ბაჩო ახალაის შეწყალებას არ გამორიცხავენ

ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს, ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამებისა და არადამიანური მოპყრობის თაობაზე წარდგენილი ბრალი არ დაუმტკიცდათ. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა, იურისტები და პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი ძალოვანი მინისტრი შეიწყალოს.

აღნიშნულ ეპიზოდს მოსამართლე დავით მგელიაშვილი ორი თვის განმავლობაში იხილავდა და განაჩენი დღეს გამოიტანა, რასაც პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. უმცირესობა მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია მწამებელი არ არის და მისი საქმიანობა ქვეყნის წინსვლას ემსახურებოდა. უმრავლესობა კი თვლის, რომ ბაჩო ახალაია „ფრთიანი ანგელოზი“ არ არის და სამართალმა უნდა იზეიმოს.

ნაციონალი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ციხეში ტყუილად ზის.

როგორც for.ge-ს ხაჩიძემ განუცხადა, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი თუ გამოიტანა, გამოდის, რომ ახალაია ციხეში არაფრის გამო ზის.

„როგორც ჩანს, ახალაიას მიმართ ახალ ბრალდებებს იგონებენ და ეს სანამდე გაგრძელდება არავინ იცის. ფაქტია, რომ ბაჩო ახალაია დამნაშავე არ არის, მაგრამ ხელისუფლებას სურს, რომ ის ციხეში მაინც იჯდეს. რაც შეეხება - შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი, ამას ვერ გეტყვით“, - განაცხადა ხაჩიძემ, რომლის პათოსსაც ნუგზარ წიკლაურიც იზიარებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალაიას მხარდამჭერად მოიაზრება.

წიკლაურის შეფასებით, ბაჩო ახალაიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია წაყენებული.

„მოსამართლის მიმართ ღრმა პატივისცემას გამოვხატავ, რადგან მან გამამართლებელი გადაწყვეტილება უმაგალითო ზეწოლის ფონზე მიიღო. ბაჩო ახალაიას ბრალი ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დაუმტკიცეს, რომლის თაობაზეც განაჩენი სამარცხვინო მოსამართლემ, ჩხიკვაძემ კრიმინალებთან ერთად გამოიტანა. მწამს, რომ ბაჩო ახალაია თავისუფლებას დაიბრუნებს და იმ საქმიანობას გააგრძელებს, რითაც მან თავი ქართველ ხალხს დაამახსოვრა. კერძოდ, ქართული ჯარის მშენებლობითა და კრიმინალების მიმართ ბრძოლით“, - აღნიშნავს წიკლაური, რომელიც არ აკონკრეტებს პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა ახალაიას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპონენტთა განცხადებებს ცინიზმად მიიჩნევს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტპატიმრები არ ჰყავს.

ბესელია კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიას საქმის გარშემო, რაიმე პოლიტიკური მოტივები არსებობდეს.

„კომიტეტში არაერთი პირის წერილია შემოსული, რომლებიც ღირსების შემლახველ ფაქტებზე საუბრობენ. ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის მიბმა, ცინიზმია. რა პოლიტიკურ მოტივებზეა საუბარი, მაშინ, როცა საქმე კრიმინალურ ბრალდებებზეა აგებული. მოსამართლის გადაწყვეტილების სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ პოლიტიკური პატიმრები ნაციონალებს ჰყავდათ. ჩვენ კი, არც გვყავს და არც გვეყოლება“, - აცხადებს ბესელია, რომლის პოზიციასაც ზაქარია ქუცნაშვილიც იზიარებს და არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახალაია შეიწყალოს.

for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმტკიცდა, ამჟამინდელი გადაწყვეტილების თაობაზე კი, ის მოსამართლის კომპეტენციაში არ იჭრება.

„ე.წ. ციხის ბუნტს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და ახლა, ნაციონალები კრიმინალური დანაშაულის გათეთრებას ცდილობენ და საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს, ფრთიანი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ბაჩო ახალაია ფრთიანი ანგელოზი არ არის. როცა, სამ ბრალდებას გიყენებენ - ადამიანის დახოცვაში, წამებაში და ა.შ. თუნდაც ერთში, რომ გაგამტყუნონ, ეს პატარა ამბავია?! არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩო ახალაია სააკაშვილმა შეიწყალოს, რადგან მისგან არაფრის გამორიცხავა არ შეიძლება. ომს გამორიცხავდით? არჩევნების გაყალბებას? საკუთრების წართმევას? - ეს ყველაფერი სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა“, - დასძინა ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტ სააკაშვილი შეიწყალებს თუ არა ბაჩო ახალაიას, ეს 17 ნოემრამდე გახდება ცნობილი, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, For.ge წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყნის პირველი პირი ახალაიას შეწყალებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას დამნაშავედ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ცნეს და მას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის განსხავავებული პოლიტიკური ნიშნით წამება კი, მას არ დაუმტკიცდა. ამას გარდა, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდებაც წაუყენეს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება და პროცესი 18 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. რაც შეეხება იურისტების პოზიციას, საია-ში განმარტავენ, რომ სააკაშვილს ახალაიას შეწყალების უფლებამოსილება იმ საქმესთან მიმართებაში გააჩნია, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია.