იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, საპატრულო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიზერ ლიპარტელიანი - ეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ახლახან შეწყალებული პირების არასრული ჩამონათვალია. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილებას ბოლო წუთებამდე იყენებს და საპატიმროებიდან განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების მქონე პირებსაც ათავისუფლებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 29 ოქტომბერს სულ 248 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 170 სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა. 56-ს სასჯელი გაუნახევრდა, 5-ს კი შეუმსუბუქდა.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერის, მაია ორჯონიკიძის შვილი ცოტნე მამულაშვილიც. მან გლდანის საპატიმრო წუხელ გვიან ღამით დატოვა.
„უღრმესი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მან მე, ფაქტობრივად, სიცოცხლე დამიბრუნა! დიდი მადლობა, ჩემო პრეზიდენტო - უფალი იყოს შენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპატიმროდან შვილის გათავისუფლებას მაია ორჯონიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს - დავით ადეიშვილსა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, ისინი საპატიმროში არ მსხდარან და დღემდე ძიებაში იმყოფებოდნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმას დავით ადეიშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა, დაუსწრებლად, 2013 წლის 2 სექტემბრის განაჩენით გამოუტანა, მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა.
თავისუფლების აღკვეთა ასევე დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილეს, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის მეუღლეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, მას ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ჰქონდა წაყენებული.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორკვირიანმა პატიმრობამ მოუწია ბუტა რობაქიძის საქმესთან კავშირში მყოფ პოლიციის ყოფილ მაღლჩინოსანს, მაიზერ ლიპარტელიანს, მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 16 ოქტომბერს გამოიტანა - რობაქიძის საქმეზე მოწმედ დაკითხვის დროს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემის გამო.
პრეზიდენტის მიერ საკუთარი მხარდამჭერებისთვის დანაშაულის პატიება და პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება სიახლე არ არის. მიხეილ სააკაშვილმა ორიოდე თვის წინ ასევე შეიწყალა და სამეგრელოს გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშნა სახელმწიფო ქონების მითვისებაში ბრალდებული თენგიზ გუნავა. პრეზიდენტის პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია კი სააკაშვილის შეწყალების სიაში იმიტომ ვერ მოხვდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლოში საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.
სასაჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სასამართლოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურს ნაბიჯს უწოდებს და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებლად მიიჩნევს.
„როდესაც ადამიანს, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია საპყრობილეში - შეიწყალებ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და უნდობლობა იმ სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რითაც წლების განმავლობაში თვითონ ამაყობდა, ეს არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ციხეში აღარ დაუტოვებია კრიმინალები“,- ასე აფასებს For.ge-სთან საუბრისას პრეზიდენტის მიერ ასობით მსჯავრდებულის შეწყალებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ შეწყალებული ადამიანები ბევრ დანაშაულში არაინ ეჭვმიტანილები და მათ ადრე თუ გვიან, საპატიმროებში შებრუნება მოუწევთ.
„სააკაშვილმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რომელიც გააჩნდა და რომელიც ქვეყნის დანგრევასა და გაჩანაგებას ისახავდა მიზნად. ეს შეწყალებაც ამ პოლიტიკის ნაწილია. იმედი მაქვს, რომ მოქმედი ხელისუფლება ხელმეორედ დააკავებს ამ ადამიანებს იმ დანარჩენი ბრალდებებისთვის, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი,“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე კი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი იმ ადამიანებს იწყალებს, ვისი ხელითაც ცუდი საქმეები გააკეთა და ახალგაზრდა ბიჭები დახოცა.
„სააკაშვილი, ალბათ, ფიქრობს, რომ როდესღაც კიდევ მოვა ხელისუფლებაში და ეს ხალხი კიდევ დასჭირდება. ამით ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში თავად იდგა ამ ქილერების უკან. მაიზერ ლიპარტელიანი იყო ერთ-ერთი ქილერი. მას ბუტას საქმის გარდა ძალიან ბევრი ცუდი საქმე აქვს გაკეთებული და რატომ არ იძიებენ, გაუგებარია“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ For.ge-სთან საუბრისას და ვარაუდობს, რომ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სხვა პირებსაც შეიწყალებს.