თბილისის საკრებულომ მიწის ლეგალიზების პროცედურა გაამარტივა

თბილისის საკრებულომ მიწის ლეგალიზების პროცედურა გაამარტივა

მას შემდეგ, რაც მერიაში არსებული მიწის ლეგალიზების კომისიის ფუნქციები საკრებულოში გადავიდა, პროცედურები გამარტივდა და მიწის საკუთრების აღიარების მოწმობის მისაღებად საკრებულოს უკვე უამრავმა მოქალაქემ მიმართა.

ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემატურად მიმართავდნენ აქამდე არსებულ კომისიას, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ცალსახა უარს იღებდნენ.

რა შეიცვალა მიწის ლეგალიზების კომისიის საკრებულოში გადასვლის შემდეგ, ამის შესახებ For.ge-ს თბილისის საკრებულოს მიწის ლეგალიზების კომისიის თავმჯდომარე ბესარიონ ბენდელიანი ესაუბრა.

- პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის 525-ე ბრძანების მიხედვით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს, ცალსახად გაწერილია, რომ ერთადერთი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე განაგებდა ქალაქის მერია, იყო თბილისი. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, აბსოლუტურად ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდა ეს უფლება გადაცემული. ამიტომ, ახალი რეალობის დადგომისთანავე, თბილისის საკრებულოსა და თვითმმართველობას, ასევე, ჩვენს მოქალაქეებს საფუძვლიანად გაუჩნდათ ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესულიყო ცვლილება. ამ ცვლილებას თვითონ სააკაშვილმა მოაწერა ხელი და უკვე პრეცედენტი გაჩნდა, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიისთვის სრულიად უკანონოდ დაქვემდებარებული კომისია წასულიყო ქალაქ თბილისის საკრებულოში. ათასობით მოქალაქე სრულიად ლეგიტიმურად ითხოვდა, ეს კომისია გადასულიყო თბილისის საკრებულოში და, შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მიდგომა შეცვლილიყო.

მიწის ლეგალიზების მხრივ მერიაში შექმნილი პრობლემები კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა და რატომ არ ხდებოდა მიწის დაკანონება უფრო იოლად, როგორც ამას თქვენ აპირებთ?

- ამ კომისიას საკრებულოში ანალოგიური პრობლემები დღესაც გააჩნია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კანონმა ამოწურა რერსურსი. დაახლოებით, სულ მცირე, უკვე სამი-ოთხი წელიწადია, ეს აისახა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ე.წ. შემოერთებულ ტერიტორიებს განეკუთვნებიან. საუბარია გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტზე. არსებულმა ბრძანებულებამ 2006 წლიდან არაერთგზის განიცადა რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ყოველი არჩევნების წინ ხდებოდა ამ ბრძანებულების განახლება, თუმცა, როგორც კი გაივლიდა არჩევნები, ისევ კანონი ძველ რედაქციას უბრუნდებოდა. ეს იყო სუფთა პოლიტიკური თემა. ეს პრობლემები დღეს ჩვენც გვაქვს, თბილისის საკრებულოს, ამიტომ მუშაობს იურისტების ჯგუფი, მათ შორის, ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, ასევე, - ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, მერიის ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები. თითქმის ყველა კომისიის სხდომას ესწრება კახა კუკავა და ერთობლივად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მზად იქნება. იმედია, ახალი პრეზიდენტი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. თუმცა ეს კანონი მარტო თბილისელებზე არ იქნება მორგებული და აბსოლუტურად მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავებს, მათ შორის - ავტონომიურ რესპუბლიკაშიც.

ამ ეტაპზე რამდენმა მოქალაქემ მოგმართათ და რამდენს დაუკანონეთ განცხადება?

- მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება. აქედან დაახლოებით 1700-მა მოქალაქემ განცხადებით მომართა კომისიას. მათგან უმეტესობა არის ძველი საქმეები, რომლებზეც კანონიდან გამომდინარე, სტანდარტული უარი იყო ნათქვამი. თუმცა უკვე კომისიის ხუთი სხდომა ჩავატარეთ და ამ ადამიანებს დაახლოებით 650 თანხმობა მივეცით. ასევე, გვაქვს გადადებული საქმეები, მაგრამ პერსპექტივაში, ეს გადადებული საქმეებიც ნიშნავს, რომ ისინი თანხმობისკენ გადაიხრება. აქ არის ახლადაღმოჩენილი გარემოებები და ა.შ. ანუ სტატისტიკა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ვადაგასული, უმოქმედო 525-ე კანონი მაქსიმალურად გვზღუდავს, ჩვენ მაინც ვცდილობთ, ამ კანონის ფარგლებში და ამ მოცემულობაში, ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოქალაქეებს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების შანსი მივცეთ. კომისიის წევრები ამას მაქსიმალურად ითვალისწინებენ და სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს.

პრეზიდენტის 525- ბრძანება ქონების ლეგალიზებას ერთ თვეში ითვალისწინებდა. თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრი თუ სხვა იურიდიული სამსახურები აცხადებდნენ, რომ პროცედურები მერიაში ჭიანურდებოდა. უფრო მეტიც, როცა მერიაში რეკავდნენ მოქალაქეები, იქ ეუბნებოდნენ, რომ მიწის ლეგალიზებას სამი თვე მაინც სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურებისთვის ერთთვიანი ვადა იყო მითითებული. ამიტომ რამდენად რეალურია, რომ თქვენს შემთხვევაში, ეს პროცედურები მომავალშიც უფრო მცირე ვადაში განხორციელდება?

- აუცილებლად ასე მოხდება. მოქალაქეებს ორი კვირის განმავლობაში ვაძლევთ მაქსიმალურ ვადას. შეიძლება ითქვას, ეს არის მინიმალური ვადა, რათა კონკრეტულ საქმეებზე დროულად მოხდეს რეაგირება. ამაში შედის კომისიის განყოფილების თანამშრომლების ადგილზე გასვლა, რომლებიც სწავლობენ ამ საკითხებს. უბრალო ადამიანებში გაჩნდა განცდა, რომ მათ მაქსიმალურად მცირე ვადებში მაღალი ხარისხით მოვემსახურებით. ამიტომაც იმატა ხალხის ნაკადმა ჩვენს კომისიაში. გეთანხმებით, სახელმწიფომ დაიგვიანა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კანონი მალე უნდა შეიცვალოს. ამიტომ მაქსიმალურ ვადად მიგვაჩნია მარტის ან აპრილის თვე. კანონის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს მივიღებთ მაშინ, როცა მას რეგულაციას გაუწევენ ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ეს დღემდე ხდებოდა რეგიონებში, მათ შორის, - ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. ამიტომ სასურველია, ეს თბილისის საკრებულოს პრეროგატივა იყოს და რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს არ მოერგოს. აპოლიტიკური უნდა იყოს ეს კომისია. ეს იგივეა, პაციენტი ექიმთან რომ მივიდეს და მკურნალობის ნაცვლად, ექიმმა კითხვა დაუსვას, რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ გრძნობთ სიმპათიასო?!

კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ ამ კანონში?

- ამ კანონში სერიოზული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პირველი, ეს არის თარიღი და არ უნდა გვქონდეს 2007 წლის თარიღი. პრობლემაა, ასევე, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები. სამწუხაროდ, დღეს არსებული კანონმდებლობა კომისიას არ აძლევს საშუალებას, მათი ლეგალიზება მოახდინოს. პრობლემა იქმნება, ასევე, ერთდროულად შემოერთებული ტერიტორიების, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო, იჯარით გაცემული შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების შემთხვევაში. ბევრი პრობლემა დასახვეწი და კანონის ჩარჩოშია მოსაქცევი. დარწმუნებული ვარ, თბილისელები მიიღებენ ისეთ კანონპროექტს, რის საფუძველზეც არც დროის, არც ხარისხის მხრივ არ შეექმნებათ პრობლემა.

ნაციონალების დროს ცალკეულ შემთხვევებში, მიწისა და შენობა-ნაგებობების ლეგალიზება თვითნებურად ხდებოდა. ზოგჯერ ამ საქმეში ჩართული იყო სახელმწიფო, მერია, არსებობდა კანონდარღვევით შეძენილი მიწის ნაკვეთები, თვითნებურად დაკავებული ნაკვეთები. პირადად თქვენი კომისია რა პრობლემებს აწყდება ამ უკანონო ნაკვეთების დაკანონების მხრივ და თუ გადახედეთ იმ კონტინგეტს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც დაკანონდა იმ პერიოდში?

- ჩვენი კომისიის არქივში ინახება 369 ოქმი. თითოეული ოქმი საშუალოდ მოიცავს 55-60 ადამიანის საკითხს. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში რამდენად კანონიერად მუშაობდა ეს კომისია, სამწუხაროდ, არ მაქვს. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ამ ოქმებიდან (2009-2012 შემოდგომამდე) ძალიან ბევრი მასალა გენერალურ პროკურატურას აქვს წაღებული. სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს გამოძიება და არ ვიცი, ვისი დანაშაული გამოიკვეთება, ან იქნება თუ არა რაიმე სამართლებრივი განმარტებები, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრაზე მოსული ადამიანები (და ასეთი ადამიანი ასობითაა) ერთხმად ხაზს უსვამენ, რომ უკმაყოფილონი იყვნენ მერიის მომსახურების ხარისხით. შესაბამისი უწყებები, ალბათ, საკმაოდ საინტერესო მასალას მოიძიებენ. ამ ეტაპზე მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუ რამდენად ხარისხიანი იყო მათი ქმედება ამ წლების განმავლობაში ამ კომისიაში.

მერიის ტარიფებით, თბილისში ერთი კვადრატული მეტრი მიწის თვითნებურად დაკანონება 15 ლარი ღირდა. ამჟამად რა თანხა დასჭირდებათ რიგით თბილისელებს მიწების დასაკანონებლად?

- არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მაქსიმალური თანხა ერთ კვადრატულ მეტრზე 6 ლარი და 80 თეთრია. ეს არის ნორმატიული ღირებულება. ცალკე კლასიფიკაცია აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც გაცილებით იაფია, სადღაც 10-დან 16 თეთრამდე ღირს კვადრატული მეტრი. ანუ მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიხედვით ხდება მოქალაქეების მიერ თანხის ანაზღაურება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს პრაქტიკა დღემდე არსებობს. ერთადერთი შემთხვევა, როცა ყოფილ ხელისუფლებას მადლობას ვუხდით ისაა, რომ სოციალურად დაუცველები გათავისუფლებულნი არიან ამ გადასახადისგან. 2010 წლის შემოდგომაზე თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ნორმატიული ფასები კონკრეტული რაიონებისთვის სხვადასხვანაირად განისაზღვრება. სავარაუდოდ, თბილისის მომავალი საკრებულო ამ ფასებსაც გადახედავს და, თუ მის შეცვლას საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

თუ მოქალაქე გაყალბებული საბუთებით, ან საეჭვო დოკუმენტაციით მოდის და თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას ითხოვს, ასეთი საქმეების სიზუსტეს თქვენი კომისია გამოავლენს? სხვათა შორის, ადრე ამ მიზნით მოქმედებდა სამთავრობო კომისია.

- დიახ, კომისია 7 წევრისგან შედგება, მათ შორის, ერთი წევრი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელია, კომისიის მეორე წევრი საჯარო რეესტრის წამომადგენელი, კომისიის სამი წევრი საკრებულოს დეპუტატია. ასევე, კომისიაში არიან მერიის ზედამხედველობისა და აუდიტის სამსახურის უფროსები. კომისიის წევრები პროფესიონალები არიან. დარწმუნებული ვარ, მსგავს შეცდომას არ დაუშვებენ, რადგან გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით ყველა საკითხს. მიწის ლეგალიზების კომისიის წევრები ადგილზევე გადიან და, ეჭვის შემთხვევაში, ადგილზე სწავლობენ კონკრეტულ საკითხს. შემდეგ ვდებთ დასკვნას მომიჯნავე მეზობელთან დაკავშირებით და შეჯერებულ დასკვნას ვიღებთ.