დედაქალაქში ბაღების გაფასიანებას ჯერ ვერ ბედავენ

დედაქალაქში ბაღების გაფასიანებას ჯერ ვერ ბედავენ

[დავით კირვალიძე]

თბილისურ ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესების საკითხი მხოლოდ დროებით გადაიდო. წინასწარ ატეხილი აურზაურის გამო, “ნაცონალურმა” საკრებულომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, “ბაღის ტარიფი” გაიზარდა რუსთავში. 

საბავშვო ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღების საკითხის განხილვა საკრებულომ თებერვლისთვის გადადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადასახადის დაწესება არ მოხდება. თუმცა საკრებულოს ოპოზიოციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახადის შემოღება მხოლოდ დროებით გადაიდო. 

“ჩემ მიერ წამოყენებულ საკითხი დღის წესრიგში არ იყო და, შესაბამისად, კენჭისყრას უმრავლესობის წევრებმა თავი აარიდეს.  მასზე საუბარი ერთი თვით გადადეს. პრინციპში, ერთი თვის შემდეგ ამ საკითხის დაყენება დღის წესრიგში უკვე სავალდებულო იქნება”, - ამბობს საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი. 

სხვათა შორის, საკრებულოს სხდომაზე ერთი საინტერესო რამ ითქვა - საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღების ინიციატივა მერიიდან შემოსული არ არისო.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ ჯაბა სამუშიას მოსაზრებით, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპზე არ მოხდა. 

“უმრავლესობამ საბავშვო ბაგა-ბაღების საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ გამოიტანა, ანუ საკითხი ჩააგდეს. როგორც მათ თქვეს, ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება არ ხდებაო და ამ შემთხვევაში არ არის ეს საკითხი აქტუალურიო, ანუ არ ვაძვირებთო.  ვნახოთ, რა იქნება.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება არ მოხდება, რადგან იმდენი აურზაური ატყდა ამასთან დაკავშირებით, რომ ეჭვი მეპარება, ხელისუფლებამ ასე პირდაპირ მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე რომ გაძვირდეს, არა მგონია, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ”, - აღნიშნა სამუშიამ. 

რომ საბავშვო ბაღებში 2011 წლიდან გადასახადის შემოღებაზე დედაქალაქში ხმები ნოემბერ-დეკემბერში გავრცელდა. ამ ხმებს საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აბსოლუტურად საფუძველიანს უწოდებდა. როგორც ის აცხადებდა, ბაგა-ბაღებში გადასახადის შემოღება განპირობებულია იყო გასული წლის ნოემბერში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის წყალობით. როგორც ხიდაშელი განმვარტავდა, ბიუჯეტში სკოლამდელი აღზრის დაწესებულებებისთვის ბიუჯეტი 14 მილიონით არის შემცირებული. 

თავად მერია კატეგორიულად უარყოფს სკოლამდელ დაწესებულებებში გადასახადების შემოღებას. უგულავას უწყების პრესსამსახურიდან აცხადებენ, რომ ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

თბილისში თუ არა, საბავშვო ბაღებში გადასახადი რეგიონებში მაინც გაიზარჟდა. 1-ლი თებერვლიდან რუსთავის ბაგა-ბაღებში გადასახადმა მოიმატა.

აქამდე რუსთავის სკოლამდელ დაწესებულებებში ყოველთვიური გადასახადი 50 ლარს შეადგენდა.  აქედან 25 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავდა, 25 ლარს კი - მშობლები იხდიდნენ.  1-ლი თებერვლიდან კი, გადასახადი 60 ლარი გახდება - თანხის ნახევარს კვლავ რუსთავის ბიუჯეტი დაფარავს, მშობლებს კი 30 ლარის გადახდა მოუწევთ. 

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის, ზაქრო დათუაშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში გადასახადის გაზრდა, ბოლო პერიოდში პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება. რუსთავის ბაგა-ბაღები პატარებს 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ, ერთთვიანი იძულებითი არდადეგების მიზეზი კი, ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე ტენდერის ჩაშლა გახდა. 

ტენდერი 9 ლოტად იყო გამოცხადებული და განაცხადების არარსებობის გამო სამჯერ ჩაიშალა. ამასთან, ტენდერი გარკვეულ პროდუქტებზე უკვე შედგა, თუმცა ღიად რჩება საქონლის ხორცითა და თევზით მომარაგება. ამიტომ, ამ პროდუქტებით მომარაგებაზე ახალი ტენდერის გამართვამდე ბავშვების რაციონში საქონლის ხორცი და თევზი არ იქნება.