გზა სამოთხისკენ

გზა სამოთხისკენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა უკვე გადაუხადა. ბოლო მონაცემებით იგი 62, 11%-ით ლიდერობს. საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეფასდა არა მხოლოდ მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების, არამედ რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც.

იქედან გამომდინარე, რომ ამ არჩევნებში მეორე ადგილზე - ხმათა 21%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა, რომლის მთავარი სლოგანი მთავრობის კონტროლისკენ მოწოდება იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ გიორგი მარგველაშვილს სხვა წარსული პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მართლაც ექნება უპრეცედენტო კონრტოლი. მას, ალბათ, ხშირად შეახსენებენ და დეტალურად მოსთხოვენ არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, არამედ საარჩევნო პროგრამაში ასახული დაპირებების შესრულებას.

თავისი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს გიორგი მარგველაშვილი ისეთ დემოკრატიულ საქართველოს გვპირდება, სადაც დაცულია ადამიანის ყველა - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური უფლება; ქვეყანა, რომელსაც აქვს სტაბილური ეკონომიკური განვითარების ვექტორი; დაძლეულია უმუშევრობის პრობლემა; ადამიანები იღვწიან და შრომობენ მშვიდობისა და კეთილდღეობის გაძლიერებისთვის; ქვეყანა, რომელიც საიმედო პარტნიორია მსოფლიო თანამეგობრობისთვის; სადაც ვითარდება საზოგადოების სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრების ყველა სფერო: კულტურა, მეცნიერება, სპორტი, მედია და ა.შ. სადაც სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა მუდმივად აკონტროლებს მას; სადაც ბიზნესის ინტერესები დაცულია და მეწარმეობის განვითარებისთვის ყველა პირობააა შექმნილი; სადაც სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე; პოლიტიკური ვითარება სტაბილურია; ტერიტორიული პრობლემებისა და კონფლიქტების მოგვარებისკენ გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები; განვითარების ევროპული ვექტორი სტაბილური და შეუქცევადია და არავის ეჭვს არ იწვევს არც ჩვენში, არც ქვეყნის გარეთ.

განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი თავის პროგრამაში აცხადებს, რომ სახელმწიფო თავად უნდა გახდეს განათლებისა და სამეცნიერო კვლევების უმთავრესი დამკვეთი. მისი თქმით, ქართულ აკადემიურ სივრცეში რეალურად უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტთა ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება; ქვეყნის წინსვლისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის ასევე აუცილებელია პროფესიონალები და სპეციალისტები.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა ეფექტურია და ხელსაყრელ პირობებს ქმნის უცხოელი თუ ქართველი მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის, თუმცა, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, შეიძლება საგადასახდო სისტემის კიდევ უფრო დახვეწა.

ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მომავალი პრეზიდენტისათვის პრიორიტეტებია: სტაბილური გარემოს შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო ინტენსიურად მონაწილეობა. მისი თქმით, დაწყებულია და უნდა განვითარდეს შეღავათიანი სესხების და ბიზნეს-ინკუბატორების პროგრამები, სამოქალაქო-კულტურული ინფრასტრუქტურის მოწყობით კი, სოფლად ცხოვრება მიმზიდველი გახდება და ახალგაზრდობა ადგილზე დაფუძნდება.

„ეკონომიკური პროცესების უმთავრეს მამოძრავებლად ჩვენ უნდა ვაღიაროთ არა ამოწურვადი რესურსები, არამედ ადამიანური ინტელექტი. ამიტომ აუცილებელია ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების სისტემის რეფორმა. თითოეული ჩვენგანის ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოყენებით საქართველოს ეკონომიკურად ძლიერ, მიმზიდველ და საინტერესო ქვეყნად გადავაქცევთ“, - აცხადებდა თავის პროგრამაში მომავალი პრეზიდენტი.

იგი პირობას დებდა, რომ უმუშევრობის პრობლემა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი იქნება. მარგველაშვილის განმარტებით,უმუშევრობა განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებშიც კი არ არის სრულად აღმოფხვრილი. თუმცა, სახელმწიფომ უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა უმუშევართა დახმარებაზე და, ამავე დროს, მათ გადამზადებაზე, რათა იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.

პრეზიდენტობის პერიოდში გიორგი მარგველაშვილი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ხერვისების ხარისხის გაუმჯობესებას გვპირდება. მისი ხედვით, ჯანდაცვის პოლიტიკის ამოცანებია, როგორც დაზღვევის სისტემის შემდგომი დახვეწა, ისე, პრევენციული მედიცინის განვითარება. კვალიფიკაციის, ტექნოლოგიების ხარისხის ამაღლება, ახალი ამბულატორიების, საავადმყოფოების აშენება.

სოციალური უსაფრთხოების კუთხით მომავალი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას უღარიბესი ადამიანებისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაზრდაზე, ახალი მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების შემუშავებაზე. მისი მტკიცებით, ახალი სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული იქნება მეტ სოციალურ სამართლიანობაზე - მეტი ყურადღება მიექცევა მრავალშვილიან ოჯახებს, ავადმყოფებს, პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

ადგილობრივ თვითმმართველობებს მარგველაშვილი ცენტრისგან ავტონომიურობას პირდება. მისი ხედვით, თვითმმართველობის რეფორმის მიზანია ავტორიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაცია; მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; თვითმმართველობა სუბსიდიარობის პრინციპს უნდა დაეფუძნოს. მისი მტკიცებით, ასეთი თვითმმართველობები სამოქალაქო მონაწილეობისა და დემოკრატიული ჩართულობის ახალი ტრადიციების დასაწყისად გადაიქცევა.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში გიორგი მარგველაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არა, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გვპირდება. მისთვის პრიორიტეტულია აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი ურთიერთობის ხელშეწყობა, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის დაახლოება და მათ შორის ნდობის აღდგენა. იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებს სთავაზობს წარმატებული ქვეყნის ერთად აშენებას, ევროპულ ქვეყანას, ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში, რომელიც გახდება ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი.

განსაკუთრებულ როლს მომავალი პრეზიდენტი ანიჭებს ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ზრდას, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციის გაძლიერებას. ამ მხრივ, რუსეთის როლის გაცნობიერებას, მასთან ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულობას ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კომპლექსურმა ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

სექსუალური უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, მარგველაშვილი აცხადებს, რომ დიდი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო, რათა უმრავლესობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ზღუდავდეს უმცირესობის უფლებებს; ამასთანავე, სახელმწიფო უნდა ქმნიდეს და იცავდეს ადამიანთა სრულფასოვანი, შემოქმედებითი თვითრეალიზაციის პირობებს.

მომავალი პრეზიდენტი თავის ხედვას ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც გამოხატავს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს. მისი თქმით, ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, ამიტომ დემოკრატიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადეკვატური იყოს. მარგველაშვილი საჭიროს მიიჩნევს ამ საკითხის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც ყველა ქალს ექნება თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.

ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ პროცესებში სრული ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მარგველაშვილი ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას ანიჭებს. იგი ამავე დროს პირობას დებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების სრულად დასაცავად და მათთვის სრულფასოვანი განვითარების პირობების შესაქმნელად.

გარემოს დაცვასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ბუნებისადმი მომხმარებლური მოპყრობა იწვევს ადამიანის საცხოვრებელი გარემოს მოშლას. მისი განმარტებით, განვითარების გრძელვადიანი ხედვა, უარს ამბობს რესურსებისადმი უტილიტარულ, მყისიერ მოგებაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, საქართველომ ფეხი უნდა აუწყო თანამედროვეობას და უარი თქვას მონორესურსულ პოლიტიკაზე, სადაც ეს შესაძლებელია.

მომავალი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად. ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით იგი ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება, რათა უზრუნველვყოთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და იდენტობასთან, ამიტომ საქართველო პოლიტიკურადაც უნდა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში.

საკუთარ საარჩევნო პროგრამაში მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში საქართველოს როლის შესახებაც საუბრობს. „შავი ზღვის მეორე ნაპირს ევროკავშირი ესაზღვრება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ხიდის შენება ამ ნაპირისკენ. საქართველომ განსაკუთრებით უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან. შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების განმტკიცებით საქართველომ რეგიონული ლიდერის როლი უნდა მოიპოვოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით“ - აღნიშნავს მომავალი პრეზიდენტი.

იგი თავდაცვის სამინისტროში უკვე დაწყებულ რეფორმას უჭერს მხარს, რომელიც პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასვლას გულისხმობს. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგად მომზადებული პროფესიული ჯარი იქნება უსაფრთხოების სანდო გარანტია.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიანი გარანტია, მომავალი პრეზიდენტისთვის თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობაა, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა. მისი განმარტებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, როგორც ავრანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაა.

რაც შეეხება ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მარგველაშვილის აზრით, იგი უნდა დაეფუძნოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე, მარაგების შექმნასა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეკონომიკური უსაფრთხოება კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ სტრატეგიული დარგების განვითარებით, ძირითად ინფრასტრუქტურასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაძლიერებით. „თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნა და უცხოური ინვესტიციების გაზრდა- დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარებით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვს“, - აცხადებს მომავალი მთავარსარდალი.

იგი თავის მოსაზრებას ორსულობის ხელოვნური შეწყვეტასთან დაკავშირებითაც აფიქსირებს. მარგველაშვილს მიაჩნია, რომ აბორტის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია არის არა აკრძალვა, არამედ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, ნებისმიერი სხვა მიდგომა კიდევ უფრო გააუარესებს ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, გააასმაგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არასასურველი ორსულობის შედეგად გაჩენილ ბავშვებს ნაგვის საყრელზე ვპოულობთ. ,,საკითხის გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, ჰარმონიული და უფლებებზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ორსულობა იქნება სასურველი და ყველა ქალის ფუნდამენტური უფლება იქნება დაცული. ამ ვითარების მიღწევა, რა თქმა უნდა, ადვილი ამოცანა არაა. მაგრამ პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოს მიზანი არ შეიძლება სხვანაირი იყოს“, - ნათქვამია მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამაში.

კრედიტორებთან და იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე მომავალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ როგორც ნებისმიერი ბიზნესი, ბანკებიც თავისუფალი უნდა იყოს, მათ შორის, საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრისას. თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ მოიხსნის მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობას. მან უნდა უზრუნველყოს, რომ წესები იყოს ყველასთვის ნათელი და გასაგები და მოქალაქეები დაცულები იყვნენ.

მომავალი პრეზიდენტი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. იგი აცხადებს, რომ ამ აკრძალვის ნაცვლად სახელმწიფომ გლეხებს ალტერნატივა უნდა შევთავაზოს.

„როდესაც მიწაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს არა უბრალოდ რაღაც ფართობის მონაკვეთი, არამედ რესურსი, რომლის ნაყოფიერ ნიადაგად ფორმირებასაც ასწლეულები დასჭირდა. ამიტომ, ერთი მხრივ, მიწა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია. მეორე მხრივ კი, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სოფლად მცხოვრები გლეხობისთვის მიწა მათ იდენტობას, წინაპართა ნასახლარს, წარსულს უკავშირდება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ ხალხს და შესაძლებლობა მისცეს, მართლაც დარჩეს სოფლად, აკეთოს საყვარელი საქმე, მაგრამ, ამავდროულად, გლეხის ცხოვრება უნდა იყოს სრულფასოვანი, საინტერესო და არა დამქანცველი, ამაო შრომა, როდესაც ძლივს მოყვანილ მოსავალსაც ვერ ყიდის. აი, ამის მხარდაჭერა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება უცხოელებზე მიწების გაყიდვას, პრობლემა იმაში კი არაა, თუ რა ეროვნების ადამიანი ყიდულობს მიწას, არამედ იმაში, თუ როგორ უფრთხილდება ამ სახალხო რესურსს, როგორ იყენებს მას. მოაქვს თუ არა ამას სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის? თუ ტყის მასივების გაჩეხვასა და მიწის გამოფიტვასთან გვაქვს საქმე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეს უცხოელმა ჩაიდინა თუ ქართველმა. წინა ხელისუფლების პოლიტიკამ სოფლად ცხოვრება გლეხებისთვის აუტანელი გახადა და ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ, მიწები, რომლიდანაც თავად მოგებას ვერ ნახულობდნენ, უცხოელებისთვის მიეყიდათ. ჩვენ უცხოელებზე მიწის გასხვისება კი არ უნდა ავკრძალოთ, ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ გლეხებს“, - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.