„სანამ გაგრძელდება სოციალური უთანასწორობა, მანამდე სტალინის სახელს ვერავინ ამოძირკვავს, სამწუხაროდ, აქ არის ძაღლის თავი დამარხული“

„სანამ გაგრძელდება სოციალური უთანასწორობა, მანამდე სტალინის სახელს ვერავინ ამოძირკვავს, სამწუხაროდ, აქ არის ძაღლის თავი დამარხული“

სად უნდა იყოს სტალინის ადგილი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ იკონოგრაფიაში? არის მისი ადგილი ხატებზე? ცხადია, ხატებზე წმიდა გიორგისთან ერთად მის მწამებელ დიოკლეტიანეს გამოსახავენ, უფრო მეტიც, წმიდა მარინეს ხატზე პირდაპირ გამოსახავენ ეშმაკს დამცრობილი სახით, რადგან, გადმოცემის თანახმად, ეშმაკი მოწამის დაშინებას შეუდგა ამაოდ. რა დატვირთვა აქვს სტალინის გამოსახვას მატრონა მოსკოველის ხატზე? ამის შესახებ for.ge-ს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე ესაუბრა.

- სტალინის ადგილი საქართველოს ისტორიაშია. სჯობს, მას ისტორიაში მივუჩინოთ ადგილი, ვიდრე საეკლესიო თემებში. ისე, მართალია, რომ დიოკლეტიანეც და უწმინდურებიც, მათ შორის, გველეშაპიც გამოსახულნი არიან ხატებზე. ამით გამართლება, რომ თურმე სტალინიც შეიძლება გამოვსახოთ ხატებზე, არა მგონია, სწორი იყოს. ამ ამბავს ცოტა სხვა სურნელი უდის. საერთოდ, ორი ტიპის დამპყრობელი არსებობს, ერთია თემურ ლენგი, შაჰ აბასი, რომლებიც აშკარად გამოხატულ სისხლისმსმელებად და კაცობრიობის მტრებად აღიქმებიან. არიან მეორე ტიპის დამპყრობლები - ნაპოლეონი, ალექსანდრე მაკედონელი, რომლებსაც ცოტა რბილად უყურებს კაცობრიობა და, შეიძლება ითქვას, სიმპათიითაც კი უყურებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერშია განსხვავება. სად არის ამ ორი ტიპის დიქტატორში სტალინის ადგილი? რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერავითარ შემთხვევაში, სტალინს ვერ გავაიგივებთ ჰიტლერთან.

ისე, სტალინს და ჰიტლერს თავიდან მოკავშირეებად განიხილავენ, თავდაპირველად, სამი წელი მაინც, ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ, სანამ ჰიტლერი საბჭოთა კავშირში შეიჭრებოდა.

- მართალია, ეს დოკუმენტურადაც ცნობილი ამბავია, რომ 1939 წელს მათ შეკრეს თავდაუსხმელობის პაქტი, საბჭოთა კავშირში ჩამოსული იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. რიბენტროპ-მოლოტოვის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი ეს პაქტი, სადაც გაიყვეს გავლენის სფეროები. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის გარკვეული ნაწილი ერგო ერთ მხარეს და აქ შევიდა იოსებ სტალინი, ხოლო მეორე მხარეს პოლონეთის დიდი ნაწილი ერგო, ანუ პოლონეთი დაიპყრო გერმანიამ. ფაქტობრივად, ისინი მოკავშირეები იყვნენ, თუ მოკავშირეები არა, ერთმანეთის დაპყრობილ ტერიტორიებს ცნობდნენ. შემდეგში ეს ხელშეკრულება დაარღვია ჰიტლერმა და 1941 წლის 22 ივნისს შეიჭრა საბჭოთა კავშირში, მან გადაწყვიტა, ჯერ რუსეთს დავიპყრობ და მერე ინგლისს და ამერიკას მივადგებიო, მაგრამ მწარედ შეცდა.

სტალინის პერსონასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ინტელიგენცია და ახალგაზრდობა აბსოლუტურად უარყოფითად არის განწყობილი სტალინის მიმართ, მე თვითონ სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, ლექტორი ვარ და ისინი უარყოფითად არიან განწყობილნი სტალინის მიმართ და აბსოლუტურად მართლები არიან. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით, რეგიონებში, სტალინის მიმართ სიმპათია დიდია. განსაკუთრებით, პოპულარულია სტალინი ქონებრივად ნაკლებად უზრუნველყოფილ ნაწილში, მათი აზრით, სტალინი დიდი ქართველი, დიდი ადამიანი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. არავინ არასდროს არ ინტერესდება, რატომ აღიქვამენ ეს ადამიანები სტალინს დიდ პერსონად. მე მაქვს ასეთი ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის რეპრესიები ყოვლად გაუმართლებელი იყო კაცობრიული და ადამიანური თვალსაზრისით, ამისი შედეგი იყო საბჭოთა კავშირის უზარმაზარ იმპერიაში სოციალური წონასწორობა. ამ იმპერიაში ჩვენც შევდიოდით, დაგვიპყრეს და იძულებით ვიყავით 1991 წლამდე. იქ დამყარებული იყო სოციალური თანასწორობა თუ არა, სოციალური წონასწორობა მაინც. იმ უზარმაზარ იმპერიაში არ იყვნენ მილიონერები, აკრძალული იყო მილიონერობა. გახსოვთ, ალბათ, ილფის და პეტროვის პერსონაჟი - კორეიკო, რომელსაც დამალული აქვს მილიონი და არავინ რომ არ გაიგოს, სხვების დასანახად ყოველდღიურად უბრალო ჩაის სვამს და პურს ჭამს. კანონი კრძალავდა მილიონერობას, ორი მანქანის ყიდვას, ავტობუსის, თვითმფრინავის შეძენას. ამაში ვერავინ შემეკამათება, ეს არ ნიშნავს სიმპათიას სტალინის მმართველობის მიმართ, ეს რეალობაა.

ეს ვერ გადაწონის აზერბაიჯანისთვის საინგილოს გადაცემის, სომხეთისთვის ლორე-ტაშირის ჩაბარების, თურქეთისთვის ართვინიდან არდაგანამდე ქართული ტერიტორიების მიცემის ფაქტებს.

- კი ბატონო, ვერაფრით ვერ გადაწონის, მაგრამ ეს იყო სოციალური თანასწორობა, თუ წონასწორობა, სადაც ვერ წარმოვიდგენდით მათხოვარ ადამიანს და მის ფონზე მილიონერს. ისე ვიცხოვრე, 90-იან წლებამდე მათხოვარი თითქმის არ მინახავს. ცხადია, ეს იდილია არ იყო, დიქტატურა იყო, კი ბატონო, კარგად მცხოვრები ფენაც არსებობდა, განსაკუთრებით, ადმინისტრაცია, პარტიული ელიტა, მაგრამ ისინიც რაღაც ზომიერებას იცავდნენ. ეს ახსოვს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც დღეს გაჭირვებაშია, მოსახლეობის ერთი მესამედი წასულია საქართველოდან. ვინც ამაში შეკამათება, ბრმა და ყრუ უნდა იყოს, განა გაჭრიდა მურვან ყრუსთან ლაპარაკი, დაინდე ქართველებიო?! საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ამიტომაც აქვს იმ სისტემის მიმართ ნოსტალგია. ხვალ რომ დამყარდეს კეთილდღეობა საქართველოში, არ იყოს გაჭირვება, არავინ არ წავიდეს სამუშაოს საძებრად და მოხუცების თუ პატარების მომვლელად, მეორე დღესვე ყველას დაავიწყდება სტალინი, არავის არ ექნება ნოსტალგია მის მიმართ. ხოლო, სანამ გაგრძელდება სოციალური უთანასწორობა, მანამდე სტალინის სახელს ვერავინ ამოძირკვავს, სამწუხაროდ, აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

როცა გადაწონვაზე მიდგება საქმე, თუ რა უფრო გადაწონის-სტალინის მიერ გაკეთებული ბოროტება, თუ სიკეთე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარემოებები, რომლებმაც აწონვამდე მიგვიყვანა. ის, რომ თემურ ლენგი სისხლისმსმელი იყო, არავითარ აწონ-დაწონვას არ ექვემდებარება. აწონ-დაწონვაზე მაშინ მიდის საუბარი, როცა დადებითი და უარყოფითი დაახლოებით კონკურენტუნარიანია. სტალინმა რეაბილიტაცია მოახდინა ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა. ეს ახსოვს საზოგადოებას. პირადად მე აწონ-დაწონილი მაქვს ეს ყველაფერი და სტალინის პიროვნებას ცალსახად უარვყოფ, რადგან მან სხვა ბოროტებებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობა წაართვა, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ორჯონიკიძესა და სხვა ქართველ ბოლშევიკებთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს ბედი გადაწყვიტა და დაამხო პირველი რესპუბლიკა. ეს ანგარიში მაქვს მასთან და მას უარყოფითად ვაფასებ.

ზოგიერთები პატრიარქ ილია მეორის დაკნინებას იმით ცდილობენ, თითქოს ის სტალინისტია და ავიწყდებათ, როგორი საინფორმაციო ტერორის ქვეშ მოუწია იმ თაობას ცხოვრება. პატრიარქს არც დაუმალავს, როცა სტალინი გარდაიცვალა, სემინარიის სტუდენტები დარბაზში ტიროდნენ, რადგან სემინარიის რექტორი მათ სტალინს აყვარებდა, თანაც, სტალინი მაინც ქართველი იყო, ქართული სიმღერები, ქართული საგალობლები იცოდა... ისე, სტალინს თავად აქვს ნათქვამი მარშალ პაველ რიბალკოსთვის, მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი, ქართული წარმოშობის. როდის მოხდა სტალინში გარდატეხა ქრისტიანობის სასარგებლოდ? როდესაც მატრონა მოსკოველმა ურჩია, ყაზანის ღვთისმშობლის ხატით შემოუფრინე მოსკოვსო, თუ მიხვდა, რომ ფაშიზმზე გამარჯვება ეკლესიის გარეშე შეუძლებელი იყო?

- მატრონა მოსკოველთან დაკავშირებით ამბავი, ზოგიერთის აზრით, მართალია, ზოგი კი ფიქრობს, გამოგონილია. ეს გასარკვევია, მაგრამ ერთი რამ ცხადია. როდესაც გარდაიცვალა იოსებ სტალინი, მოდი და, ნუ იტირებდი და დაღვრემილი ნუ იქნებოდი. მაგალითად, მე 5 წლის ვიყავი, არაფერი არ მახსოვს და მერე მეუბნებოდნენ ჩემი ახლობლები, გაძალებდნენ და არ ტიროდიო. შიში შეიქმს სიყვარულსაო. ახლაც ეშინიათ ჩრდილოეთ კორეაში, ტაშს რომ უკრავენ, პირველი ვერავინ ამთავრებს ტაშის დაკვრას. ასე იყო სტალინის დროსაც, ნახევარი საათი მიდიოდა აპლოდისმენტები, ხელები გადატყავებული ჰქონდათ ტაშის კვრით.

სტალინის საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებენ მის ნათქვამს, საქართველო უნდა გადავხნათო. ეს მართლაც ახდა, მხოლოდ ორმილიონნახევრიან საქართველოში სტალინური რეპრესიების დროს 29 051 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი, მათგან 14 372 დახვრიტეს, 14 679 გადაასახლეს. უამრავი სასულიერო პირი შეიწირა იმ წლებმა.

- ეს ნათქვამი - „საქართველო უნდა გადავხნათო“ ნამდვილია. 1921 წელს, როდესაც სტალინი ჩამოვიდა დაპყრობილ საქართველოში, შეხვდა მუშებს. იმ პერიოდში ჯერ კიდევ „სოციალ-დემოკრატების“ გავლენა მეტი იყო, ხალხი დამოუკიდებლობადაკარგული, დაღვრემილი, გაგიჟებული იყო. შესაბამისად, სტალინს მუშებმა დაუსტვინეს, აგინეს, უყვირეს, სტალინი იძულებული გახდა, სცენიდან გაძურწულიყო. მეორე დღეს მივიდა პარტიის ხელმძღვანელობაში და მაშინ თქვა, საქართველო ხელახლა უნდა გადაიხნას, ანუ მან იგულისხმა, რომ სოციალ-დემოკრატიული გავლენა, ნაციონალისტურ-პატრიოტული გავლენა, რომელიც ასე ძლიერია საქართველოში, ეს უნდა ამოიძირკვოსო. ამას გულისხმობდა და არა ქართველი ხალხის გაქრობას, ეს დაუჯერებელია, რაც არ უნდა საზიზღრებად წარმოვიდგინოთ ბოლშევიკები, ქართველი ხალხის გადახვნას, დახვრეტას, გადაშენებას, გენოციდს არ იგულისხმებდა. თუმცა დამოუკიდებელი საქართველო დაამხეს და ეს ჭეშმარიტებაა. სტალინურ რეპრესიებს რაც შეეხება, ამაზე არავინ დავობს, ეს იყო საზიზღრობა, საშინელება, 2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა რეპრესიების გამო, 3-4 მილიონი გადაასახლეს და იმ გადასახლებას ისევ სიკვდილი სჯობდა, საქართველო განსაკუთრებით დაზარალდა, არანაკლებ დაზარალდა სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, თვითონ რუსეთი. ეს იყო ინტერნაციონალური, უფრო სწორად, პრორუსული ძალა, რადგან ინტერნაციონალური პრორუსულს ნიშნავდა, ეს იყო დასაგმობი ძალა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სტალინის მოყვარული ჩვენი მოსახლეობის ნაწილიც კი, რომ მათი ბევრი წინაპარიც გადასახლებული, დახვრეტილია. დახვრეტა ერთნაირად ეხებოდა მუშასაც, გლეხსაც, ინტელიგენციასაც, ახალგაზრდობასაც. მომავალი კგბ-ს პირველი მინისტრის და შემოქმედის, ფელიქს ძერჟინსკის ბრძანება არსებობს 1921-22 წლებში, „როდესაც დაიჭერთ ვინმეს, ანუ კონტრრევოლუციონერს, არაფერი არ ჰკითხოთ, ჰკითხეთ მხოლოდ წარმომავლობა, თუ ის თავადია, თუ ის აზნაურია, არისტოკრატია, პირდაპირ დახვრიტეთ“.

საქართველოს ტერიტორიების სხვებისთვის გადაცემას რატომღაც მხოლოდ ორჯონიკიძეს აბრალებენ და სტალინს უმსუბუქებენ დანაშაულს, თითქოს მან არაფერი იცოდა.

- არავითარ შემთხვევაში, სტალინმა არ იცოდა, ეს ზღაპარია, მაშინ ის სტალინი აღარ ყოფილა. გენიოსი იყოო, როცა ამბობენ, რას ჰქვია, არ იცოდა ტერიტორიების გადაცემის შესახებ. ყველაფერი კარგად იცოდა და მიზანმიმართულად იცილებდა თავიდან ყველა ოპოზიციონერს. მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურება დამახასიათებელია რუსეთის ისტორიისთვის და არა საქართველოს ისტორიისთვის. რუსეთის ისტორიაში სტალინი პირველი არ იყო, მანამდე 11 მილიონი ადამიანი გაჟლიტა ლენინმა, მან ჩაუყარა საფუძველი რეპრესიებს, მან ჩამოაყალიბა პირველად კონცლაგერები, აქედან გადაიღეს ფაშისტებმა ეს მავნე პრაქტიკა. სად იყვნენ სტალინი და ლენინი, როდესაც იყო ივანე მრისხანე თავისი ოპრიჩნიკებით, რომლებიც მთლიან ოჯახებს ჟლეტდა, დიდიან-პატარიანად. ეს რუსული ტრადიცია იყო. როდესაც რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა სტალინი, მას რუსული პრაქტიკით უნდა ეხელმძღვანელა, ის რუსი პრაქტიკოსი გახდა.

სადმე ჩანს, რომ მას ქართველი ერი უყვარდა, გარდა იმისა, რომ ლეგენდებად რჩება, თითქოს მას უყვარდა სიმღერა გაფრინდი, შავო მერცხალო და ფილმი გიორგი სააკაძე გადააღებინა?

- სიყვარული ნახევრად ინსტინქტია, ნახევრად შეგნება. არ ვიცი, ეს ფროიდს უნდა ვკითხოთ, თუ იუნგს, მაგრამ ძაღლიც კი თავისი უბნის იქით არ მიდის, შაჰ აბასებს, ნაზარალი ხანებს, იმამ ყული ხანებს ჰქონდათ მშობლიურობის განცდა. არ შეიძლება ამის ამოძირკვა ადამიანში. ქართველი ხალხი უყვარდაო, ვერ ვიტყვი, რადგან სტალინი მალავდა გრძნობებს, ის მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის კაცი იყო, რომ საბჭოთა იმპერიაში უპირატესობა არ უნდა მიეცა არც ერთი ხალხისთვის, გარდა ერთისა - „დიდი რუსი ხალხისა“. ეს ფორმულაც - „დიდი რუსი ხალხი“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიგონა, თორემ მანამდე არ ამბობდა ამას. რაც შეეხება საქართველოს მიმართ ინსტინქტურ სიყვარულს, ასეთი რამ შეიძლება მართლაც ჰქონდა. თუნდაც როცა ვიტყვით ხოლმე, ქართული სიმღერები უყვარდაო, ე.ი. ვაღიარებთ, რომ უყვარდა. ინსტინქტი ბუნებრიობაა, ალბათ, ამის ელემენტები სტალინსაც ჰქონდა.

სტალინს თავისი პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე უყვარდა, მაგრამ სიყვარულის ლოგიკაში არ ჯდება, რომ გარდაცვლილი მეუღლის ძმა და ნათესავები დაახვრეტინა. მკვლევარები ერთმანეთს უდარებენ ხოლმე, ლენინი უფრო ტირანი იყო, თუ სტალინი. ზოგიერთებმა დაასკვნეს კიდეც, რომ ლენინს სიამოვნებას არ ანიჭებდა თავისი მეტოქეების სიკვდილის დეტალების გაგება, სტალინი კი დაწვრილებით გამოიკითხავდა, როგორ აღესრულა მისი მეტოქე, წამების დროს გატყდა თუ არა, როგორ ეწამა?

- ამასთან დაკავშირებით მახსენდება ლენინის ერთ-ერთი ბრძანება, მითითება, რომ გლეხთა გამოსვლის შემდეგ, თუ არ ვცდები, სმოლენსკის ოლქში, ვისაც დაიჭერთ და დახვრეტთ, მაღალ გამოსაჩენ ადგილზე ჩამოჰკიდეთ, რომ ყველამ კარგად დაინახოს, რომ დანარჩენებს შეეშინდეთო. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლენინი და სტალინი ადამიანებად არ თვლიდნენ და ანადგურებდნენ. ამ ყველაფერს ლენინმა ჩაუყარა საფუძველი. ის უფრო ადრე იყო. მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა ლენინის დროს. სტალინი მისი მოწაფე იყო და ხშირად იმეორებდა, ლენინის მოწაფე ვარო. ერთი ჭეშმარიტება არსებობს ისტორიული ფაქტების შესაფასებლად, მარტივი კითხვა უნდა დავსვათ „ჰო“ თუ „არა“. ამით ძალიან მარტივად შევაფასებთ მოვლენას და პიროვნებას. ჩვენ ვგმობთ სტალინის პრაქტიკას რეპრესიების მიმართ, რომელიც მან ჩაატარა, მან იცოდა ყველაფერი, ის იყო პირველი პირი რეპრესიების ჩატარების საქმეში, დარწმუნებული ვარ, კითხულობდა ამ რეპრესიების შესახებ დეტალებს. ბუხარინი როცა დახვიტეს, სტალინის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე და მისი მეგობარი, დახვრეტის წინა ღამეს წერილი მისწერა სტალინს: „კობა, ჩემი სიკვდილი რაში დაგჭირდა?!“ ალბათ, მიუტანეს ბუხარინის წერილი სტალინს, მანაც წაიკითხა და რა იფიქრა გულში, არ ვიცი, დახვრეტით კი დაახვრეტინა.

 

 

ლევკოთეა საქართველოს გასაბჭოებაზე პირველ რიგში რომ ქართველი ბოლშევიკები იზრუნებდნენ, ძალიან ბუნებრივია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლად ემიგრანტებად თუ არ აღმოჩნდებოდნენ, ,,ტუზემცები"-ს თიკუნი გარანტირებული ჰქონდათ და სერიოზულ კარიერაზე საუბარი დამთავრებული იყო.
11 თვის უკან