„მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში მხოლოდ 5 ათასი ლარი დატოვა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი, რომელიც უნდა დახარჯულიყო მთელი წლის მანძილზე, მთლიანად გახარჯულია. ფაქტობრივად, მომავალ პრეზიდენტს, რომელიც სამ დღეში უნდა ავირჩიოთ, სარეზერვო ფონდი აღარ დარჩება.
ხადურის თქმით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლება, დახარჯოს ეს თანხები, მაგრამ აქ მორალზეა საუბარი. მით უფრო, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელზეც შეეძლო ეს თანხა გამოეყენებინა. თუმცა რატომღაც საქართველოში ახალი ტენდენციაა - ადამიანი ჯერ მინისტრი ხდება და შემდეგ ცოდნას ეუფლება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ ლარზე მეტი სხვადასხვა პირების საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად, 366 ათასი ლარი - საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 365 ათასი ლარი კი ფიზიკური პირების ერთჯერად დახმარებებზე დაიხარჯა.
დაფინანსებულთა სიაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი (სწავლის დასაფინანსებლად 24,592 ლარი მიიღო), პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელი მერი კოკაია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ავალიანი (ფინანსური დახმარების სახით მასზე 35 000 ლარია გაცემული), მომღერალ მერაბ სეფაშვილის შვილი ნიკოლოზ სეფაშვილი (სარეზერვო ფონდიდან 80 498 ლარი მიიღო) და სხვები.
ამ მონაცემების გასაჯაროების შემდეგ პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა განაცხადა, რომ მისი და, ასევე, ორი სხვა სტუდენტის ჯულიარდის კონსერვატორიაში სწავლას ბოლო სამი წლის მანძილზე განათლების სამინისტროსთან არსებული „ცოდნის კარი“ აფინანსებდა. თუმცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მისთვის უცნობი მიზეზის გამო სამინისტრომ უარი განაცხადა მხოლოდ მისი სწავლის დაფინანსებაზე, რის გამოც იძულებული გახდა, სწავლაზე ხელი აეღო. ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დახმარება სთხოვა, რათა სწავლის დამთავრების საშუალება მიეცათ და ამით გადაიხადა ერთი წლის სწავლის საფასური.
პოლიტოლოგი ანდრო გაბისონია ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის მეგობრობის დამყარების საქმეში პრეზიდენტის ორდენოსანია. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ისიც დააფინანსეს, თუმცა აცხადებს, რომ მან განაცხადი შეიტანა, რის შემდეგაც იგი სამკურნალო მიზნით დააფინანსეს.
რაც შეეხება მერაბ სეფაშვილის ვაჟს, ნიკოლოზ სეფაშვილს, მანამდე იგი პრეზიდენტის რეზიდენციის თანამშრომელი იყო, თუმცა ამჟამად პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხებით საზღვარგარეთ სწავლობს.
საინტერესოა, რომ სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით დღევანდელი კანონმდებლობა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. თუმცა თავის დროზე კანონი ითვალისწინებდა, რომ სარეზერვო ფონდებიდან თანხები უნდა გახარჯულიყო მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციებისთვის, სტიქიებისთვის და ა.შ. 2007 წლიდან კი კანონში ცვლილება შევიდა, რომლითაც თანხების ხარჯვის განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიენიჭა პრეზიდენტს და მთავრობას.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის კარგა ხნის მანძილზე დახურული იყო. არასამთავრობოებს ამ თემაზე ინფორმაციის მოპოვება სასამართლოს გზით უწევდათ.
მიუხედავად იმისა, სარეზერვო ფონდი არ ნიშნავს, რომ მისთვის გამოყოფილი თანხები აუცილებლად უნდა დაიხარჯოს, საია-ს კვლევის თანახმად, 2010 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსების უმეტესი ნაწილი (12 890 824 ლარი) კონცერტებს, საახალწლო ღონისძიებებს, მუსიკალურ კლიპებს მოხმარდა, 2011 წელს 8 080 164 ლარი საცურაო აუზების, ბულვარებისა და სტადიონების მშენებლობა-კეთილმოწყობაში დაიხარჯა.
თავის დროზე პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდებოდა ბუბა კიკაბიძის კონცერტები, დეფი გოგიბედაშვილის წიგნების თარგმანები, კონკრეტული ტელეკომპანიების წარმომადგენლების მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები უცხოეთში.
„თავისთვის შვეიცარიულ საათებს და „ტოიოტა ლენდკრუიზერებს“ ხომ არ ყიდულობს?!“ - სწორედ ასე აფასებდა პრეზიდენტის მიერ სარეზერვო თანხების ფლანგვას პოლიტიკური მიმომხილველი მიხეილ თავხელიძე და უკანონოს ვერაფერს ხედავდა, რომ პრეზიდენტი საკუთარი შეხედულებებით ხარჯავდა თანხებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდში ცოტა თანხები დატოვა?!
„აბა, რამდენი უნდა დაეტოვებინა? ეს პრეტენზიები არ მესმის. ფონდი რის საშუალებასაც აძლევდა, ადგა და დახარჯა, ეფექტურად დახარჯა, თუ არაეფექტურად, კონტროლის პალატა რომ არსებობდეს, ამას შეაფასებდა. მის ნაცვლად რაღაც სულელური ორგანიზაცია არსებობს, რომელმაც ეს უნდა შეაფასოს. მე თვითონ კონტროლის პალატაში ვმუშაობდი და შესანიშნავად ვიცი, ბიუჯეტის თანხები როგორ უნდა შევაფასო, მაგრამ არ ვიცი, სად დახარჯა სააკაშვილმა ფული. თუ დანაშაული ჩაიდინა, დაიჭირონ სააკაშვილი და გაასამართლონ. ფონდი კი არა, ქვეყანა მიიყვანეს უკიდურეს მდგომარეობამდე. სააკაშვილს ცუდი უფლებები ჰქონდა და, შესაბამისად, ისიც ცუდად აკეთებდა ამას“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისი თქმით, არაეფექტურად ხარჯვა სხვა რამეა, ხოლო დანაშაულებრივად თანხების დახარჯვა - სულ სხვა რამე. ამდენად, პრეზიდენტს შეეძლო, სარეზერვო ფონდში თანხები ნულამდეც დაეტოვებინა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ აგონიაში მყოფ პრეზიდენტზე ზედმეტია საუბარი, რადგან თავიდანვე, როცა ის ჯანზე იყო, ერთმანეთისგან მაშინაც ვერ ასხვავებდა სახელმწიფოსა და საკუთარ ჯიბეს.
„სახელმწიფო ეს მე ვარ“, - ასე გაატარა სააკაშვილმა ცხრა წელიწადი. მისგან გასაკვირი სულაც არ იყო, რაც მან მოიმოქმედა სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით. შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, იმ 5 ათასსაც ჩაფერფლიდა. ამიტომ იგი მავნებლობაშიც აქტიური იქნება. ეტყობა, საკუთარი ნამოქმედარი წარმოიდგინა, როდესაც იძახდა, ამ მთავრობას ჯოჯოხეთი ელისო. როგოც ჩანს, საკუთარი თავის რეინკარნაციის პერსპექტივა აქვს გონებაში დაბუდებული და უნდა ვუთანაგრძნოთ ამ ადამიანს, რომ დადგა ჟამი, როცა ასეთი ენთუზიაზმით არჩეული პრეზიდენტი არანაკლები ენთუზიაზმით არის გაძევებული პოლიტიკური სივრციდან“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, სანამ სარეზერვო ფონდი შეივსება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბატონი ან ქალბატონი ახალი პრეზიდენტი ხელმოცარული დარჩება. სააკაშვილს არაერთხელ დაუნახებია თავისი სახე საზოგადოებისთვის და სარეზერვო ფონდის თანხების ფლანგვაც უკანასკნელი შტრიხებია მისი პორტრეტისთვის, რომლებიც, მართალია, ლუვრის ან პრადოს მუზეუმებში არ გამოიფინება, მაგრამ ქართველი ხალხის მეხსიერებში დარჩება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ არსებობს ფონდის წესდება და ამ წესდებაში გაწერილი უნდა იყოს, თუ რაში დაიხარჯება თანხები.
„უნდა იყოს რეგლამენტირებული შერჩევის წესი, ასევე, გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლითაც განისაზღვრება, ხომ არ იყო მიკერძოება და იმსახურებდა თუ არა ცალკეული ადამიანი ამ თანხის მიღებას. ამის რეგლამენტი თუ არ არსებობს, მაშინ ეს პირადი გადაწყვეტილება ყოფილა და ამის გამო ვერ შევედავებით პრეზიდენტს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
ამასთან, ადასტურებს, რომ დავით ტყეშელაშვილს პირადად იცნობს და მის ნიჭიერებაში ეჭვი არ ეპარება. ამიტომ, ობიექტურად, შესაძლოა, ის იმსახურებდა კიდეც დაფინანსებას სარეზერვო ფონდიდან, დანარჩენების შესახებ კი პაატა შეშელიძე ვერაფერს იტყვის.