ახალიას განაჩენი გამოუტანეს

ახალიას განაჩენი გამოუტანეს

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან. თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი 5 წელს შეადგენდა, თუმცა ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედის შემცირების შემდეგ, სასჯელმა 3 წელი და 9 თვე შეადგინა. ამასთან, ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 3 თვით თანამდებობაზე დანიშვნა შეეზღუდება და ამავდროულად, დაეკისრება 4000-ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს.

განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ შეიძლება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლებულნი იქნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე 8 სასამართლო სხდომა ჩატარდა, ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო 144-ე მუხლით, რაც გულისხმობს არადამიანურ მოპყრობას. ამასთან, საქალაქო სასამართლო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს განაჩენს 7 სპეცრაზმელის ცემისა და წამების საქმეზე, რომელშიც ასევე ბაჩანა ახალაიაა ბრალდებული. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ახალაიას ახალი ბრალი წარედგინა, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელების საქმეს.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. მსჯავრდებულის დედამ მოსამართლეს „ქოცი“ უწოდა. პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს ახალაიას გულშემტკივრებმა და თავად ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ. სასამარლთო დარბაზი დატოვა ასევე ახალაის ადვოკატმა გოგა ონიანმა. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი 2 ადვოკატს, პროკურორს და ჟურნალისტებს გააცნო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მამის, როლანდ ახალაიას განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია და ის პოლიტიკურია. როლანდ ახალაია ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას განაცხადებით, მოსამართლემ ბაჩო ახალაისთან დაკავშირებით არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გუნავამ განმარტა, დღეს კანონიერი ქურდების ხელისუფლებაა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება - „კანონიერი ქურდების“ ხელისუფლება. ვაპირებთ ბრძოლას, სანამ ესენი ქვეყანას არ მოშორდებიან“, - აცხადებს თენგიზ გუნავა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ამ განაჩენით საქართველოში კრიმინალს მწვანე შუქი აენთო. მან მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა.

„საქმეში იყო ორი მხარე, კრიმინალური ავტორიტეტები, ანუ მაფია და სახელმწიფო. დამონებულმა მოსამართლემ „ქართული ოცნების“ დაკვეთით მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მწვანე შუქს აძლევს კრიმინალს საქართველოში“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ბაჩო ახალაიას საქმის ბრალმდებელი პროკურორი ლევან ადეიშვილი დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, რადგან მისი თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულების ჩვენებები, მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა ახალაიას ბრალეულობას და სწორედ აქედან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე მიიღებდა გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. 

ლევან ადეიშვილი გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებას, რომ პროკურატურა კრიმინალებს მფარველობს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ცნობილნი. პროკურორის განცხადებით, საქმეში დაზარალებულების გარდა პროკურატურამ წარმოადგინა 14 მოწმის ჩვენება, რომლებიც ციხის ბუნტის პერიოდში სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელები იყვნენ. 

„ამ ადამიანებმა მამხილებელი ჩვენებები მისცეს მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძისა და ბაჩო ახალაიას მიმართ. პოლიტიკური განცხადებები ამ საქმეში უადგილოა, დანაშაული ყველასთვის ერთი და იგივეა. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ არის ჩადენილი დანაშაული. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ ქმედებებზე“, - განაცხადა ლევან ადეიშვილმა, რომელმაც სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია მანდატურებისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით დატოვა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები ე.წ. ციხის ბუნტის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მთავარი პროკურორის მოადგილესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ. როგორც ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, გოგა ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლების განმავლობაში სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ბაჩო ახალაიასთვის. ჩვენი ინფორმაციით, ლაშა ჩხიკვაძე შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილს. თუ ეს ასე არ არის, ამოიღონ ორივე პირის მონაცემები და თუ არ მოხდება გადაკვეთა მათი დეტალურების ერთ ანძაზე, ამ შემთხვევაში ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ გარწმუნებთ, რომ სანამ განაჩენი გამოვიდოდა, ეს შეხვედრა ჩვენი ინფორმაციით შედგა. სად შედგა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები იყო „შენ როგორ ფიქრობ ძმაო, 2-3 წელი ბაჩო ახალაია არ უნდა იჯდეს?“ ლაშა ჩხიკვაძემ კი ეს სიტყვები აღასრულა პირდაპირ“, - განაცხადა გოგა ონიანმა, რომელმაც არ დააკონკრეტა საიდან ფლობს ის ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ონიანი არც შეხვედრის ადგილს და დროს არ ასახელებს. 

ამ ბრალდებას სისულელე უწოდა პროკურორმა ადეიშვილმა. ონიაინის განცხადებას გამოეხმაურნენ საქალაქო სასამართლოში. სპიკერი-მოსამართლე ეკა არეშიძე გამორიცხავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისა და მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრას ახალაიას საქმესთან დაკავშირებით. როგორც ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლემ, ეკა არეშიძემ განაცხადა, მსგავს შეხვედრაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ასეთ ფაქტს ადგილი არ ექნებოდა. ეს არის გამორიცხული. საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მხარესთან კონტაქტი არ გვაქვს“, - განაცხადა ეკა არეშიძემ.