პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას დაუნანებლად არიგებს

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას დაუნანებლად არიგებს

იუსტიციის სამინისტროს გვერდის ავლით პრეზიდენტმა თურქეთის კიდევ 1088 მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მოქალაქეობის ჩამორიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბოლოდროინდელი კეთილი ნება 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით განხორციელდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, მოქალაქეობა იმ ადამიანებმა მიიღეს, ვინც ქართული იციან და ქართველობა დღემდე შეინარჩუნეს. თუმცა გაუგებარია, საპრეზიდენტო არჩევნების მიწურულს რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს განსაკუთრებული მიზიდულობა თურქეთში მცხოვრები ქართველების მიმართ და ეს კეთილი ნება აქამდე რატომ არ გამოხატა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს.

ამავე საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, რომელთაგან დღემდე 93 ადამიანმა უკვე აიღო საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მაშინ ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია თეა წულუკიანმაც გამოხატა. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას არასასურველად მიიჩნევდა, რადგან ამ სიაში მოხვდნენ ადამიანები, ვინც „თვალსაწიერზე საერთოდ არ გამოჩენილა“.

„არის ერთი ქალბატონი - მეჰიდა ივლიტი, რომელსაც უკვე მივანიჭეთ მოქალაქეობა და სააკაშვილმა მას მოქალაქეობა მეორედ მიანიჭა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ პრეზიდენტი ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას. ის უგულებელყოფს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს და, საკუთარი ადმინისტრაციის გარდა, კონსულტაციებს არავისთან არ გადის ისეთ სასიცოცხლო და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მოქალაქეობა. სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროსა და შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების გვერდის ავლით მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა არასასურველია და მე პირადად პრეზიდენტს ამას ვერ მოვუწონებ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, საინტერესოა, რას ემსახურება პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ასე დაუნანებლად ჩამორიგება და ხომ არ აქვს მას სწორება მომავალი არჩევნებისადმი, როცა ამ ადამიანებს გამოიყენებს. ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვის ჩნდება კითხვის ნიშნები. ამდენად, ვერც ახლა გამოვრიცხავთ, რომ მას გარკვეული ჩანაფიქრი არ ჰქონდეს, თუნდაც ის, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და წინასწარ ზომებს ღებულობს, რათა მომავალში მხარდამჭერები ჰყავდეს. პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილი ქართულ ეთნიკურ ჯგუფებზე მზრუნველობას იმიტომაც იჩენს, რომ აღარ დარჩა არეალი, რათა თავისი აქტიობა გამოაჩინოს. არადა, ბოლო პერიოდში მას აღარ სურს ჩრდილში ყოფნა.

„ქვეყნის შიგნით მას დიდი სიყვარულითა და ტაშის კვრით არ ხვდებიან. პირიქით, ყველაგან პრობლემები აქვს. დასავლეთშიც ვეღარ იღებს ჩვეულ შეხვედრებს თუ დახვედრებს. ამიტომ მოძებნა არეალი, სადაც მას ისევ კარგად ხვდებიან. ისიც ცდილობს, თავი დაამახსოვროს დიასპორას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი მოქალაქეობამინიჭებული ადამიანების ხმებს შემდგომი არჩევნებისთვის, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ შემდგომ არჩევნებამდე საკმაოდ შორია, რომ ასეთი გათვლები გაკეთდეს. ადგილობრივ არჩევნებში კი ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასე რომ, ამ მოქალაქეების არჩევნებში გამოყენების მცირე ალბათობაა.

„თუ საქართველოში ისეთი პერიოდი დადგება, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 1000 და 2000 ხმა მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, მაშინ ძალიან რთულად ყოფილა მათი საქმე. ამიტომ ვფიქრობ, სააკაშვილი უბრალოდ ეძებს აუდიტორიას, სადაც მას ტაშით შეეგებებიან“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ, კონსტიტუციის თანახმად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის მინიჭება შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ პირს აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე ან, თუ ამ პირისთვის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია.

დეპუტატის განმარტებით, თეორიულად და პრაქტიკულადაც გამორიცხულია, ათასობით ადამიანს განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდეს საქართველოს წინაშე, რადგან ამის შესახებ არავის არაფერი გაუგია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, თუკი საქართველოს მოქალაქეობა სააკაშვილმა ვინმეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიანიჭა, სააკაშვილს ამ შემთხვევაშიც მოუწევს იმის დასაბუთება, რა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო გადადგა ეს ნაბიჯი. ამდენად, ვახტანგ ხმალაძის აზრით, ეს ყველაფერი შემდგომში განხილვის საგნად იქცევა და უნდა გაირკვას, რა საფუძვლით ხელმძღვანელობდა სააკაშვილი.

„საერთოდ, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი უფრო მეტად უნდა მოწესრიგდეს და კონსტიტუციაში მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ჩანაწერი კიდევ უფრო უნდა დაზუსტდეს. რამდენადაც მახსოვს, მოქალაქეობის მინიჭებასაც გარკვეული წინასწარი შემოწმება სჭირდება. კერძოდ, რაიმე პრობლემები ხომ არ აქვთ იმ პირებს, რომელთა მოქალაქეობის საკითხიც განიხილება. არა მგონია, სააკაშვილს ამ მხრივ მომავალ არჩევნებზე გათვლა ჰქონდეს, რადგან მარტო პრეზიდენტის აქტი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საკმარისი არ არის და იქ მთელი ადმინისტრაციული პროცედურები უნდა შესრულდეს, რაც იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოს კომპეტენციაა, რომელიც პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს გასცემს. ასე რომ, ეს ვერ გასრულდება არჩევნებამდე“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პატივისცემას გამოხატავს იმ ქართველებისადმი, რომლებმაც რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ქართველობა მაინც შეინარჩუნეს და დღეს თურქეთში ცხოვრობენ, თუმცა, ამავდროულად, სააკაშვილის ამ რევერანსის მიღმა მის სხვა ზრახვებს ხედავს.

გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს უკანონოდ აკეთებს და მისი მხრიდან ეს აბსოლუტურად ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. ამ ხალხისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება კი კანონის დაცვით უნდა მოხდეს და არა - მერკანტილური ინტერესებით.

„მოქალაქეობის მინიჭების უფლება პრეზიდენტს აქვს ამ ადამიანების დამსახურების შემთხვევაში. თუმცა ცნება „დამსახურება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამ ადამიანების მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობის მიღებაზე ჯერ არ არის საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირადობის მოწმობა უკვე მიიღეს. ამიტომ ეს სააკაშვილის გარკვეულ მიზნებს ემსახურება და ამ ხალხით სპეკულირება არასწორი საქციელია. ამ ხალხის დამსახურება ისედაც აშკარაა, რადგან მათ ქართველობა შეინარჩუნეს. ამიტომ ცუდია, როცა ამას აკეთებს პრეზიდენტი გარკვეული მიზნებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს, როგორც წესი, ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღება სჩვევია. მეტიც, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ სურს, ხელისუფლებაში ისევ იმ რანგში დაბრუნდეს, როგორც დღეს არის, თუმცა ეს შეუძლებელია.

„როცა ამდენ ადამიანს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. სააკაშვილი ცდილობს, ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს. ამიტომ არა მარტო თურქეთის მოსახლეობას მიანიჭებს მოქალაქეობას, არამედ კიდევ არ გაჩერდება, თუკი დანაშაულის გამო მკაცრად არ დაისჯება. სააკაშვილი თურქებზეც აკეთებს გათვლას და უამრავ სხვა საკითხზეც, თუკი ამის საშუალება ქართველმა ხალხმა მისცა. ბოლო დროს უამრავი რამ მოხდა, მათ შორის, რელიგიათშორისი დაპირისპირება, რაც მოწმობს, რომ სააკაშვილს ქვეყნის შიგნით ქაოსის მოწყობა სურს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, დემოგრაფებმა სტუდენტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 80%-მა დაადასტურა, რომ სააკაშვილი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ეს მონაცემები კი, დემოგრაფის აზრით, დამაფიქრებელია.