თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე დედაქალაქში 50-მდე მუნიციპალურ შენობაზე სათვალთვალო კამერები უნდა დამონტაჟდეს. ვიდეოკამერა დაიდგმება 100-მდე შუქნიშანზეც, რომელსაც მერია თბილისის ქუჩებში დამატებით განათავსებს. სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისა და ამისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელის მოსაწობად (ტენდერის მიზანი, როგორც დოკუმენტშია მითითებული: საქსელო ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელით შეერთებების მიწოდებაა), დედაქალაქის მთავრობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ის 28ოქტომბერს 12 საათზეა დანიშნული.
საინტერესოა, რისთვის სჭირდება მერიას დედაქალაქის ქუჩებში თვალთვალის განხორციელება, იმ დროს, როცა ასეთ ვიდეომეთვალყურეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ატარებს. თანაც, იმ წერტილებში, სადაც მერიამ ტენდერში გამარჯვებულ საკომუნიკაციო კომპანიას მისი დამონტაჟება უნდა შეუკვეთოს, ასეთი ვიდეოკამერები უკვე არსებობს. მაგალითად, ჭავჭავაძისა და მირცხულავას ქუჩების გადაკვეთაზე შსს-ს კამერა დგას, ასევე უკვე ახორციელებს ვიდეოთვალთვალს შსს ჭავჭავაძისა და ბაზალეთის ქუჩების კვეთაზე. სათვალთვალო კამერების ასეთი თანხვედრა სხვა ადგილებშიცაა.
არსებობს სხვა საგულისხმო გარემოებებიც, რაც 28 ოქტომბერს დანიშნულ და საერთოდ, მერიის მიერ ჩატარებულ სხვა ტენდერებსაც უკავშირდება. სატენდერო პირობებსა და ვადებს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ გამარჯვების შანსი მხოლოდ ერთ კომპანიას შპს „დელტა კომმს“ აქვს და მას ამ გამარჯვებისთვის ნიადაგი თვითონ მერიამ მოუმზადა. საქმე ის არის, რომ „დელტა კომმი“ ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც შუქნიშნებზე ვიდეო -კამერების დასამონტაჟებლად წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებული აქვს. თბილისის ქუჩებში არსებულ გარე განათების ბოძებამდე საკომუნიკაციო კაბელები „დელტა კომმა“ მიიყვანა და ეს სამუშაოები მან მერიის დაკვეთით განახორციელა. აღნიშნული სამუშაოსთვის მერიამ ტენდერი გასული წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. ტენდერი მაისში უნდა ჩატარებულიყო და მასში მონაწილეობის სურვილი ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა საკომუნიკაციო კომპანიას ჰქონდა. თუმცა, მოულოდნელად მერიამ ტენდერი გააუქმა და მის ნაცვლად აუქციონი დანიშნა. აუქციონის შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა პოსტ ფაქტუმ შეიტყვეს. ამის გამო მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - „დელტა კომმა“ მიიღო და უკონკურენტო გარემოშიც ადვილადაც გაიმარჯვა. მან აუქციონი და შესაბამისად, მერიასთან 10-წლიანი ხელშეკრულება იოლად და საკმაოდ იაფად მოიგო. „დელტა კომმა“ მერიის ნების შესაბამისად, კაბელების განათების ბოძებზე დამაგრების სამუშაოები დაიწყო. ამის პარალელურად, მერიამ ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებს „კავკაზუს ონლაინსა“ და „სილქნეტს“, მათ მიერ გაყვანილი ყველა კაბელის მიწის ქვეშ განთავსება მოსთხოვა.
ზემოთჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, ამჟამად გამოცხადებული ტენდერის მოგების ყველაზე მეტი შანსი ისევ „დელტა კომმს“ აქვს. მას პირობის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ განათების ბოძებიდან, შუქნიშანთან კაბელის მიყვანა სჭირდება, რისთვისაც სხვა კომპანიებს მთელი სამუშაო ნულიდან აქვთ დასაწყები. ამ სამუშაოებისთვის მერიამ მათ ერთი თვის ვადა მისცა.
შპს „დელტა კომმი“ მერიის ყველა ტენდერში ფიგურირებს. ის ახორციელებს მერიის პროგრამას- „Tbilisi loves you“, რომელიც დედაქალაქში უფასო ინტერნეტის მიწოდებას გულისხმობს. მერიამ ეს კომპანია წელს გამარჯვებულად 8 ტენდერში დაასახელა და სულ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კონტრაქტი გაუფორმა. ამჯერადაც ტენდერში გამარჯვებულისთვის მერიის ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალი საფასური - 2,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მერიაში ტენდერთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. დედაქალაქის მთავრობის პრეს-სამსახურში ტენდერის არსებობას საერთოდ უარყოფენ. აცხადებენ, რომ ორშაბათს, 28 ოქტომბერს ტენდერი არ არის დანიშნული. არადა, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ტენდერის თარიღად 28 ოქტომბერია მითითებული.