თემურ სამადაშვილი და სხვები - კიდევ ერთი „ნაციონალური“ ისტორია

თემურ სამადაშვილი და სხვები - კიდევ ერთი „ნაციონალური“ ისტორია

[ნატო გოგელია]

საქართველოს პარლამენტის წევრს გია ნუცუბიძესა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ სამადაშვილს შორის გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, 2006 წლის 28 ოქტომბერს სამტრედია-გურიის გზის გასაყარზე, დააპატიმრეს სამშენებლო კომპანია „ამაღლება 98“-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი დავით სიხარულიძე, რომელიც ახლა 11-წლიან სასჯელს იხდის.

2006 წლის ოქტომბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატ გია ნუცუბიძისთვის იმუნიტეტის მოხსნისა და უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავდნენ.

„დღევანდელი სხდომა ძალიან მძიმეა, რადგან ჩვენი კოლეგის მიმართ უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვა გვიწევს და გენერალური პროკურორისთვის პარლამენტის წევრის გია ნუცუბიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად თანხმობის მიცემას ვიხილავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, - „გაუგებარია, რატომ ვეღარ იგებენ ადამიანები, რომ არავის ეპატიება ქმედება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული“.

თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა გია ნუცუბიძისათვის აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობის შესახებ წინადადებით მიმართა პარლამენტის წევრებს და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის წინადადებას საფუძვლად დაედო 2006 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დანაშაულის ნიშნებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული წინასწარი გამოძიება, სისხლის სამართლის N74068390 საქმე - საქართველოს პარლამენტის წევრის გია ნუცუბიძის მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე.

გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე წასწრებული იქნა დანაშაულის ჩადენაზე და დააკავეს ეჭვმიტანილის სტატუსით.

როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებიდან  ჩანდა, გია ნუცუბიძის მიერ ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენა ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, სატელეფონო საუბრებით, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებითა და მოწმის ჩვენებით დასტურდება. ნუცუბიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა, თუმცა, არ შეჩერებულა ამ საქმესთან დაკავშირებული დაკავებების სერია.

ოფიციალური ვერსია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2006 წლის 1 იანვრიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა პროგრამა „იაკობ გოგებაშვილი“, რომელიც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეაბილიტაციასა და განვითარებას. პროგრამის გასახორციელებლად შეიქმნა სატენდერო კომისია. კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სხვა კომპანიებთან ერთად, გაიმარჯვა შპს „ამაღლება 98“-მა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, მასაც გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით - 2006 წლის 15 სექტემბრამდე.

იმავდროულად კი, დამატებით, 500 ათასი ლარი ჩაერიცხა, რათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაესრულებინა. კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვიტა. პარალელურად, კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების ამსახველი მასალები სათანადო რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.

კომპანია „ამაღლება 98“-თან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თემურ სამადაშვილს შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე, რომელმაც, სამადაშვილს შპს „ამაღლება 98“-ისთვის ხელშეკრულებისა და დაფინანსების განახლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ათასი ლარი შესთავაზა. აღნიშნული საუბრის თაობაზე, სამადაშვილმა მოხსენებითი ბარათით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა, მოგვიანებით კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ, შესაბამისი ორგანოების მიერ, დაიგეგმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ნუცუბიძისა და სამადაშვილის შეთანხმების თანახმად, შპს „ამაღლება 98“-ს, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 150 ათასი ლარი გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც გია ნუცუბიძემ სამადაშვილს, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი გადასცა.

სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს ნუცუბიძე.

ნუცუბიძესთან ერთად დააკავეს „ამაღლება-98“-ის დირექტორი დავით სიხარულიძეც, რომელსაც ბრალი თანხების მითვისებაში დასდეს და 11 წლით ციხეში გაამწესეს. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დაკავებულმა ბრალდება არ აღიარა. დავით სიხარულიძე პოლიტპატიმრების რიცხვშია და ციხიდან ცდილობს ებრძოლოს იმ რეჟიმს, სადაც მისივე თქმით, „ატკატების“ სისტემა ისევ აქტუალურია.

დავით სიხარულიძეს ციხიდან აქვს წამოწყებული სასამართლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ და აღიარებულ ვალს - მილიონ ნახევარ ლარს ითხოვს. უკვე რამდენიმე თვეა პროცესი, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ, რამდენჯერმე გადაიდო.

დავით სიხარულიძე

„ჩოხატაურში, სოფელ შუაგანახლებაში ცხოვრობენ ჩემი 82 წელს მიღწეული მამა და 70 წლის დედა, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს და ძალიან მძიმე სიბერე დაუდგათ. უმცროსი და 39 წლის ასაკში გარდამეცვალა. ასევე 39 წლის ასაკში მეორე და დამიქვრივდა, ახლა კი მე 11 წლით ციხეში გამამწესეს. დედას და მამას 9 ობოლი შვილიშვილი დარჩა მოსავლელი“, - ამბობს ჩვენთან საუბარში ციხეში მყოფი რესპონდენტი.

1986 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტში“. 1987 წლიდან კი „თბილქალაქმშენის“ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, ოსტატის თანამდებობაზე, შემდეგ ცვლის უფროსად, საამქროს უფროსად და სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობდა.

„1998 წელს შევქმნი საკუთარი სამშენებლო კომპანია „ამაღლება-98“ და ყველაფერი ნულიდან დავიწყე - თანდათან ვზრდიდი როგორც სამუშაოების მოცულობას, ისე კომპანიასაც, სადაც ძირითადად ვასაქმებდი ჩოხატაურელებს, ჩემს სოფლელებს. როცა დამაპატიმრეს, დასაქმებული მყავდა 700 ადამიანზე მეტი და ვასრულებდი 8 მილიონი ლარის სამუშაოს - ვაწარმოებდით მშენებლობას და წყალსადენის რეაბილიტაციას თბილისში; ამბულატორიის მშენებლობას სხვადასხვა სოფელში; ოთხი სასამართლო შენობის რეაბილიტაციას; ფოთის, ოზურგეთის, ხაშურისა და ახალციხის რაიონებში 15 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას. მათ შორის იყო ოზურგეთის რაიონში  N2 საჯარო სკოლა, სოფელ ოზურგეთის და ასკანის სკოლების მშენებლობა“, - იხსენებს რესპონდენტი.

2006 წელს პროგრამა „იაკობ გოგებაშვილის“ ირგვლივ დიდი ხმაური დაიწყო - ჩინოვნიკებმა საჯაროდ ამცნეს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო პროექტს იწყებდნენ.

„მართლაც უპრეცედენტო პროექტი იყო, რომელიც მილიონების „მოტეხვითა“ და უდანაშაულო პირების ციხეში ჩასმით დასრულდა. პროექტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ სამადაშვილი კურირებდა. პროგრამის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დაავალეს ორგანიზაციას, რომელიც არაფორმალურად დაკავშირებული იყო შპს-სთან, სადაც ლომაიას ცოლისძმა და სამადაშვილის მეუღლის ბიძაშვილი მუშაობდნენ. მათი მეშვეობით გააყალბეს სატენდერო დოკუმენტაცია, კერძოდ, გაზარდეს სამუშაოების მოცულობა, ბევრი კი არც შეუტანიათ აქტში. ამის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მათთვის არასასურველ კომპანიას ტენდერში არ გაემარჯვა. თუ ვინმე მაინც გაიმარჯვებდა, ამ ხალხს ჰქონდა ბერკეტი მისი გაკონტროლებისა და, თუ მათ პირობებზე უარს იტყოდა - განადგურებისაც კი. ჩემთვის სამწუხაროდ, ასეთი მე და ჩემი კომპანია აღმოვჩნდით.

ტენდერის შემდეგ 7 ლოტში გავიმარჯვე, რაც 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. რა თქმა უნდა, როცა ობიექტზე გამოსაცვლელია 20 კუბური მეტრი მასალა და დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია 120 კუბური მეტრი, როცა გასალესია 1 000 კუბური მეტრი და აღნიშნულია 3 000, ძნელია  გამარჯვება, მაგრამ ჩემმა კომპანიამ მაინც გაიმარჯვა, რადგან ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების რეალური შეფასება გავაკეთე. ამიტომაც იყო, რომ ფასი თითოეულ სკოლაზე, დაახლოებით, 100 ათასი ლარით ნაკლები გამოვიდა, ვიდრე სხვა კომპანიები იმავე სამუშაოში ითხოვდნენ. ეს სასამართლო პროცესზე ვერც  სამადაშვილმა უარყო. გამოდის, იმის გამო ვისჯები, თითოეულ სკოლაზე 100 000 ლარს რომ ვუზოგავდი სახელმწიფოს. დავისაჯე, რადგანაც განათლების სამინისტროში მოკალათებულ დამნაშავეებს ხელს არ აძლევდათ ეკონომია - ერჩიათ, თანხა ბევრად ზედმეტი გაწერილიყო, საიდანაც ბლომად ფულის „მოტეხვას“ შეძლებდნენ.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ლომაიას სამინისტროში „ატკატების“ სისტემა დაინერგებოდა. სიმართლე გითხრათ, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრ სხვა ტენდერშიც მიმიღია მონაწილეობა და ჩაწყობისა და „ატკატების“ გარეშე გამიმარჯვია. იმჯერადაც ამის იმედი მქონდა, ამიტომაც არ გავითვალისწინე ხარჯთაღრიცხვაში „ატკატების“ თანხა და ამიტომ გამოვიდა 100 ათასი ლარით იაფი თითოეული სკოლის რეაბილიტაცია. ამან გაამწარა სამადაშვილი, რადგანაც 5 მილიონად ღირებული სამუშაოებიდან წილს ვეღარ მიიღებდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე, მისმა თანამშრომელმა მამარდაშვილმა (რომელიც ახლახან დააკავეს ბურთების გახმაურებული სკანდალის გამო ნ.გ.) დამიბარა და მომთხოვა „ატკატი“, რომლის გადახდაც არ შემეძლო, რადგან ყველაფერი პატიოსნად მქონდა გაანგარიშებული. თანხა, რომელსაც „ატკატის“ სახით ითხოვდნენ, სულ არ რჩებოდა ამ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების მოგებიდან.

ამის გამო სამინისტრომ ჯერ 7 სკოლის ავანსის გადმორიცხვა დამიგვიანა 20 დღით, ერთი სკოლის ავანსი კი - ორი თვით. მასალები, რომელიც სამინისტროს  7-დან 45 დღის განმავლობაში უნდა შემოეტანა, 4 თვის დაგვიანებით შემომიტანეს, თანაც მოითხოვდნენ, რომ სკოლების რემონტი ორ კვირაში დამთავრებულიყო.

მალე სამადაშვილმა გამოგვიცხადა, სამინისტრო ფანჯრის ჩარჩოებს ვერ შემოიტანსო, ამიტომაც ჩვენ უნდა დაგვემზადებინა. ეს წინადადება მან აგვისტოს დასაწყისში წამოაყენა, რის გამოც, საქმე რომ არ შეფერხებულიყო, იძულებული გავხდი, ჩემი და ჩემი თანამშრომლის ბინები, კომპანიის ავტომანქანები და მთელი ქონება ბანკში დამეგირავებინა და სესხი გამომეტანა. ასე შევიძინე მეტალოპლასტმასი და დავიწყე ფანჯრების ჩარჩოების გაკეთება. ორ სკოლაში უკვე ჩასმული გვქონდა ფანჯრები, ხოლო დანარჩენი ჩარჩოები - ჩასასმელად გამზადებული, როცა სამინისტრომ მზა ჩარჩოები შემოგვიტანა, ზომით განსხვავებული იყო, მაგრამ გვაწვალეს, კედლები ამოგვაშენებინეს და მაინც ჩაგვასმევინეს. ასე დაგვრჩა უქმად  ჩვენი ნაყიდი ჩარჩოები. ეს ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ - ყველა დოკუმენტი მაქვს. იმის გამო, რომ „ატკატი“ არ გავიღე, შესრულებული სამუშაოს საფასურს არ მირიცხავდნენ.

თემურ სამადაშვილი საბუთებს მალავდა და თავიდან გვიხდებოდა მათი შედგენა. მიუხედავად ამისა, სამუშაოს 70% შევასრულე. სასამართლო პროცესზე ეს ექსპერტებმაც კი დაადასტურეს. შუალედურ აქტში ექსპერტებმა 1 536 059 ლარად ღირებული სამუშაოს ჩატარება დააფიქსირეს, მე კი განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან მხოლოდ 531 466 ლარი მქონდა მიღებული, ანუ კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი  მეკუთვნოდა. ეს ფაქტი არაერთხელაა დაფიქსირებული სამადაშვილისა და ნუცუბიძის შეხვედრის ფარულ აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებში. ნაცვლად იმისა, კუთვნილი თანხა გადმოერიცხათ, მინისტრმა გენერალურ პროკურორს  თანხების მითვისების მუხლით ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა.

როგორც მან მაცნობა, თურმე ხელშეკრულება იმ მოტივით შემიწყვიტეს, რომ სკოლების რეაბილიტაცია დროულად ვერ დამთავრდა. თუმცა, ამავე წერილში მწერდა, შესრულებული სამუშაოს საფასური აგინაზღაურდებათო. რისთვის დავისაჯე, ალბათ, ყველასათვის ნათელია. მიუხედავად ამისა, სამადაშვილი  მთლად „მშრალად“ არ დამიტოვებია, - განსაზღვრული თანხა მაინც გადავუხადე. ასევე, მისი დავალებით გადავრიცხე მმართველი პარტიის ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით დიდი იყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამ ხალხის „მადის“ დაკმაყოფილება და ასე აღმოვჩნდი ციხეში.

ბანკმა წაიღო მთელი ჩემი ქონება. ეს ის ქონებაა, რომელიც სკოლების გასარემონტებელი თანხის დაგვიანების გამო, სესხის გარანტად ჩავდე ბანკში. ქუჩაში სამი ოჯახი დარჩა, სახელმწიფო კი, ვალად აღიარებულ მილიონსაც არ მიხდის. ამაზე მეტი ყაჩაღობა და უსამართლობა რაღა გინდათ? წარდგენილი მაქვს იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რაც შესრულებულია და თანხას კი - არ მაძლევენ. ის, რომ ოზურგეთის N2 სკოლაში პარკეტი დაიგო, ძნელი გასაგებია, ვინ დააგო? ის, რომ ამბროლაურისა და ცაგერის სკოლები შემოიღობა კაპიტალური  მესერით, ძნელი დასათვლელია, რა დაჯდა ეს და ვინ გააკეთა?

იმის გამო, რომ სამინისტრომ არ ჩამირიცხა თანხა, დავალიანება დამიგროვდა საგადასახადო სამსახურშიც. შედეგად, ჩემი ანგარიშები და ქონება დააყადაღეს. ამის გამო ხელშეკრულებები სხვა დამკვეთებმაც შემიწყვიტეს. ბანკში გადასახდელი 176 000 ლარის ნაცვლად, დავალიანება ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა. მეტი უნამუსობა გაგონილა? პირები, რომლებმაც მართლა დანაშაული ჩაიდინეს, მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ ქუჩაში დარჩენილი ობლების ბედზე, უდანაშაულო კაცის ციხეში გამწესებაზე ვის მოვთხოვო პასუხი? ყოველივე ზემოთქმულის გამო იყო, რომ დახმარებისთვის მივმართე საქართველოს პარლამენტის წევრ ნუცუბიძეს. მან ვერ გაუძლო ზეწოლას და ჩაუდენელი დანაშაული აღიარა.

მე არ მეშინია სამადაშვილის ბრალდებების - რაც ვთქვი, სიმართლეა და თუ შესაბამისი ორგანოები თვალს გაახელენ, განათლების და მეცნიერების სამინისტროში მის ჩადენილ ბევრ სისაძაგლეს მიაგნებენ. დავიჯერო, მისი ნარკოტიკებისადმი სიყვარულის ამბავი არ იციან? ამ „საქმიანობას“ მინისტრის მოადგილე არც საკუთარ კაბინეტში თაკილობდა და ამის მოწმე ხშირად თავადაც გავმხდარვარ“, - ამბობს სიხარულიძე

თემურ სამადაშვილი

თემურ სამადაშვილი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. იგი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 4 წლის წინანდელი საქმის დეტალები არ ახსოვს:

-ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა და სიმართლე გითხრათ, დეტალები არ მახსოვს...

ბატონო თემურ, ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა და ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად უნდა გახსოვდეთ. მით უმეტეს, როცა დავით სიხარულიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კარგად გიცნობდათ. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ საკუთარი თვალით ნახა, როცა საკუთარ კაბინეტში ნარკოტიკს იკეთებდით...

- (იცინის) რა სისულელეა?! თუმცა, ადამიანისგან, რომელსაც 11 წელი აქვს მისჯილი, არაფრის თქმა არ არის გასაკვირი. თან ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დემოკრატიაა და ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია.

როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად გახსოვთ. დადებით პასუხს არც ველოდით შეკითხვაზე, თუმცა, ძალიან საინტერესოა, როდესმე ნარკოტიკულ შემოწმებაზე ტესტი თუ გაგივლიათ?

-არა. თუმცა, ნებისმიერ დროს შემიძლია გავიარო. პრობლემა არ არის.

ბატონო თემურ, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სახელმწიფოს სიხარულიძის მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება აქვს. არადა, ეს ადამიანი 300 000 ლარის მითვისების ბრალდებით გაასამართლეს.

- ეს კაცი თანხის მითვისებაზე არ არის დაკავებული. ის თანხის ჩამორიცხვის სანაცვლოდ, ქრთამს მთავაზობდა და სწორედ ამიტომ დააკავეს.

თანხა ხომ ეკუთვნოდა? რატომ არ აძლევდით?

- კი, თუმცა, რაოდენობას ვერ გეტყვით. ეს ექსპერტებმა დაადგინეს. მაგრამ იცით, რა? რა თანხებზეა საუბარი, როცა 6 სკოლა დარჩა გაუკეთებელი ისეთ რეგიონში, როგორიც იყო ქვემო ქართლი, ჯავახეთი... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დეტალები მართლაც არ მახსოვს.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყავით მინისტრის მოადგილე. დღევანდელი გადასახედიდან, პროგრამაიაკობ გოგებაშვილი“, რომლის დამსახურებითაც უამრავი ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და, რომელმაც საპროცესო გარიგებებით გვარიანად შეავსო ბიუჯეტი, გამართლებულ პროექტად მიგაჩნიათ?

- გამართლებულად მიმაჩნია ის, რომ ათასობით ბავშვი კარგ და მოწესრიგებულ გარემოში სწავლობს.

მშენებლობები

განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ისიც გაიხსენა, რომ ბევრ სკოლაში შპს „ამაღლება 98“-ის მიერ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, სიხარულიძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ბევრგან ისეთი სამუშაოებიც კი შეასრულა, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული: „2001 წელს ჩვენ გავაკეთეთ ჩაისუბნის საჯარო სკოლა. ამ სამუშაოს რიგი პრობლემები ახლდა - რემონტი ხორციელდებოდა საქართველოს საინვესტიციო ფონდის მიერ, რომლის პირობაც იყო, რომ სამუშაოებში სოფლის წვლილიც ყოფილიყო. მაშინ ისე უჭირდა სოფელს, რომ ეს ვერ შეძლეს და მისი გასწორება მე მომიხდა, სკოლა რომ დამესრულებინა. სოფლის გამგებელი კი შემპირდა თანხის სოფელში მოგროვებას, მაგრამ ვერ შეძლო. ვერც ის გააკეთა, თანხის სანაცვლოდ,  ჩაისუბნელებს შრომითი მონაწილეობა მაინც მიეღოთ სამუშაოებში. ამიტომ, საკუთარი მანქანა გავყიდე და ისე დავამთავრე სამუშაოები. ცოტა სახელფასო დავალიანება კი დაგვრჩა, მაგრამ ის სოფელს უნდა გაესწორებინა. ჩემი ინტერესი მაშინ მოგება კი არ იყო, არამედ ის, რომ ახლოს ვყოფილიყავი ჩემს რაიონთან. ახლაც ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა, ყველამ იცოდეს რა მოხდა სინამდვილეში.

ასევე, 2005-2006 წლებში - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, მშენებლობა დავიწყეთ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში, სადაც, არსებული პროექტით, გათვალისწინებული იყო ნახევარი სკოლის მშენებლობა და გამოყოფილი იყო დაახლოებით 90 000 ლარი. ეს თანხა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ მთლიანი სკოლა აშენებულიყო. ზოტში მუშაობდა უამრავი სახერხი ქარხანა და მასალა თურქეთში გაჰქონდათ, ამიტომ შევთავაზე სოფლის გამგებელს, მოეცათ შეღავათიან ფასებში იმ რაოდენობის ხის მასალა, რაც სკოლის ნახევარს ეყოფოდა და მე მათ მთლიან სკოლას ავუშენებდი. სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს.

გაგიკვირდებათ და, ხის მასალა ზოტში თბილისიდან ჩავიტანე. ყველა ისე მიყურებდა, თითქოს უზარმაზარ თანხებს ვხსნიდი ობიექტებიდან. ძალიან მძიმე პირობებში გვიხდებოდა თბილისიდან და ბათუმიდან მასალის ჩამოტანა, რომელიც სოფელ ქვაბღაში იცლებოდა. იყო ბევრი ხელისშემშლელი გარემოებები, ჭირდა მუშახელიც, როცა ზოტი სავსეა ასეთი ადამიანებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარგი სკოლა გამოსულიყო“, - გვითხრა სიხარულიძემ.

ზოტის გამგებელი იმ დროს შუქრი კონცელიძე იყო. 4 წლის შემდეგ, ყოფილ გამგებელს დეტალების გახსენება უჭირს და ამბობს, რომ მისთვის მასალა არავის უთხოვია.

„ნამდვილად არ უთხოვია ვინმეს ჩემთვის მასალა. მშენებლობის უფროსს არც კი ვიცნობდი. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოები მაღალ დონეზეა შესრულებული და ზოტელ ბავშვებს მართლაც კარგი სკოლა აქვთ“ - გვითხრა კონცელიძემ.

(დასასრული იქნება)