სასჯელაღსრულების სამინისტრომ მუშაობის 1 წელი შეაჯამა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ მუშაობის 1 წელი შეაჯამა

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდოს კომისიის მუშაობა და ერთი წელის შედეგები შეაჯამა. სასჯელაღსრულების სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ აქტიურად ამოქმედდა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი. კომისიამ და ადგილობრივმა საბჭოებმა კანონით დადგენილ ვადებში დაიწყეს მსჯავრდებულთა შუამდგომლობების განხილვა.

გიგა გიორგაძის განცხადებით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, სამინისტროს ადგილობრივმა საბჭოებმა მსჯავრდებულთა პირობითი ვადამდე გათავისუფლების შესახებ 10539 შუამდგომლობა განიხილეს. შედეგად, პირობითი ვადამდე 2 292 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მაშინ, როდესაც, 2010 წლის 1ოქტობრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ადგილობრივმა საბჭოებმა 9 340 მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს და პირობით ვადამდე მხოლოდ 841 მსჯავრდებული გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის მხოლოდ 58 (2.5%) რეციდივი დაფიქსირდა, ხოლო, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებულ 841 მსჯავრდებულთაგან 41-მა (4.9%-მა) გათავისუფლების შემდეგ განმეორებით ჩაიდინა დანაშაული.

გიგა გიორგაძის განცხადებით, დანაშაულის რეციდივის მაღალი პროცენტი ფიქსირდება პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა მხრიდან.

„2012 ოქტომბრიდან დღემდე პერზიდენტის მხრიდან შეწყალებული იქნა 2 440, აქედან 2022 განთავისუფლდა სასჯელის მოხდისგან, ხოლო 418 შეეხეო სხვადასხვა შეღავათი. თუ კი ჩვენ შევადარებთ 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ, თითქმის, 2 წელიწადის სტატისტიკას 2 821 მსჯავრდებული იქნა შეწყალებული, 2 223 განთავისუფლდა სასჯელისაგან. ანუ 2 წლის განამავლობაში რა რაოდენობის პატიმრების შეწყალება ხდებოდა, იგივე რაოდენობის პატიმრების შეწყალება მოხდა 1 წლის განმავლობაში. რაც შეეხება განმეორებით დანაშაულს, 2013 წლის სტატისტიკით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა მხიდან, 10 პროცენტზე მეტმა პირმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული“, - აცხადებს გიორგაძე.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გაცხადებული რეფორმების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს ცვლილებების ხუთ კანონს - პატიმრობის კოდექსი; სისხლის სამართლის კოდექსი; საგადასახადო კოდექსი; საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“.

ამასთან, დაბალი რისკის ნახევრად ღია დაწესებულებაში მსჯავრდებულთა უფლებები გაიზრდება. გაიზრდება საცხოვრებელი ფართი. გაფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს შეხვდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს. მსჯავრდებულს 1 თვის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით შეიძლება ჰქონდეს ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; 1 წლის განმავლობაში იქნება 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

„კანონმდებლობით შეზღუდული იყო თუ ვის შეეძლო ესარგებლა ხანმოკლე პაემანით. ჩვენ ვთვლით, რომ გარდა ოჯახის წევრებისა, არსებობენ ადამაინები, ვისაც სურვილი აქვთ შეხვდნენ პატიმარს. შესაბამისად, გაიზარდა პირთა წრე. პატიმართან შეხვედრის საშუალებით ისარგებლებს პიროვნება, თუ მათ ჰყავთ საერთო შვილი. ხანმოკლე პაემანით სარგებლობის უფლება ენიჭება დედინაცვალს და მამინაცვალს, მეუღლის მშობლებს და გერს.

გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით ვის შეხვდეს პატიმარი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატიმარს შეეძლება დატოვოს დაწესებულება არა მხოლოდ ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, რომელიც დღემდე მოქმედებს, არამედ სხვა განსაკუთრებული გარემოს არსებობისას, მათ შორის სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას“, - აცხადებს გიგა გიორგაძე.

რაც შეეხება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ტიპის დაწესებულებებს, გიორგაძის განცხადებით, აქ შეიძლება განთავსდეს მხოლოდ მაღალი რისკის მსჯავრდებული, ანუ რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან მათ გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას.

აქ განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით განახორციელოს 1 სატელეფონო საუბარი არა უმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არა უმეტეს 10 წუთისა. ერთი თვის განმავლობაში ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით თვეში ერთი დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იქნება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 4 ტიპი (გარდა ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებისა) დაბალი რისკის დაწესებულება, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება, დახურული ტიპის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის დაწესებულება.

„ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩართული ვართ ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ არ ვართ სისტემა, რომელიც აღვასრულებთ კონკრეტულ განაჩენებს და გადაწყვეტილებებს. არამედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე ვიმოქმედოთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და სწორედ ეს რეფორმები მოიცავს როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესებას, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. დანაშაულის შემცირებას თვითონ ციხეში და კრიმინალური ავტორიტეტების შესუსტებას. ამ მრივ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ რეფორმების წარმატებულად განხორციელებას. რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, მათ მიეცემათ კომპიუტერული თამაშებისა და აუდიო-ვიდეო საშუალებებით სარგებლობის უფლება, ამანათით ისეთი ნივთების მიღების უფლება, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში, ზონებში აკრძალულია. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა მეტი სახეობის პროდუქტის მიღების“, - აღნიშნა გიგა გიორგაძემ.

მისვე განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიზანია, პირმა სასჯელი მაქსიმალურად ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში მოიხადოს. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მოხდეს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და საზოგადოებაში მისი სრულფასოვან წევრად დაბრუნება.