ძმები ახალაიები სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მისცეს

ძმები ახალაიები სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მისცეს

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. ბაჩო ახალაიას ბრალი უკვე წაუყენეს. ბრალდებული ახალაია კი ბრალს არ აღიარებს. გამოძიების ინფორმაციით ბაჩა ახალიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის, დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის, უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სასჯელის მოხდის განმავლობაში უკანონო შეღავათებით, განსაკუთრებული პირობებითა და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ბაჩანა ახალაიას უშუალო ძალისხმევით, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კუდ-ის მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად, არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან. ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ - შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.

გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრებულების მიერ გაწეული ერთგულებისა და თანადგომის საფასურად, დათა ახალაია თითოეულ მათგანს დაჰპირდა პატიმრობისა და სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის მანძილზე, ოჯახური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად საზღაურს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდას სიმბოლური ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში, კომფორტულ ცხოვრებასა და სხვა უკანონო შეღავათებს, მათ შორის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლებას. ეს დაპირებები კი გამიძიების ინფორმაციით, ზედმიწევნით აღასრულა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც 2005 წლის 23 დეკემბრიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.

„ამგვარი ქმედებით ბაჩანა ახალაიამ მყარად უზრუნველყო, რომ ალანიამ, ღაჭავამ, ბიბილურიძემ და აფციაურმა არ ამხილეს მისი ძმა, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ახალაია, როგორც სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემკვეთი და დანაშაულში მონაწილე სხვა პირები, არამედ პირიქით, მიზანმიმართულად გაამრუდეს მართლმსაჯულება, რის თაობაზეც მართლმსაჯულების უმაღლესმა ევროპულმა ინსტანციამ, დაადგინა, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კუდ- ის ყოფილი თავმჯდომარე დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და შემდგომში ისანი-სამგორის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე.

როგორც ცნობილია, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო განაჩენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს გახდება ცნობილი. როგორც ახალაიას ადვოკატი აცხადებს, ეს მეორე განაჩენიც გამამართლებელი იქნება.

„ის, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება ამდენი ხნით გაიწელა, გარკვეულ ეჭვს ბადებს, მაგრამ მთავარია ობიექტური გადაწყვეტილება იქნას მიღებული. არც-ერთი მტკიცებულება ერთმანეთთან შეჯერებული არ არის. კანონის მოთხოვნაა, რომ თუ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ერთმანეთთან შეჯერებული და დამაჯერებელია, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. რაც შეეხება 7 სპეცრაზმელის საქმეს, იქ ბაჩო ახალაია საერთოდ არაფერ შუაშია. ციხის ბუნტის საქმეზე ვიღაც „ქურდი“ და „მაყურებელი“ მაინც ამბობს, რომ ბაჩომ რაღაც ჩაიდინა, მეორე საქმეზე კი ბაჩოს შეხება არსად ჩანს“, - ამბობს მალხაზ ველიჯანაშვილი.

რა განაჩენს გამოიტანს სასმართლო ორშაბათს, ჯერჯერობით, უცნობია. ამ საქმეზე განცხადება გააკეთა მთავარმა პროკურორმა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ახალაია ერთ-ერთ ეპიზოდში გამართლდა, სასამართლოს პროკურატურისგან დამოუკიდებლობას ადასტურებს, რაც შეეხება ახალაიას საქმის მსვლელობის სავარაუდო სცენარს, არჩილ კბილაშვილს პროგნოზების გაკეთება უჭირს, თუმცა განმარტავს, რომ პროკურატურა კარგადაა მომზადებული.

„მე ვერ გავუკეთებ პროგნოზირებას იმას, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო და ეს არის ძალიან კარგი პოლიტიკა და ტენდენცია, რომ პროკურორი ამის პროგნოზირებას ვერ მოახდენს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მას მივიღებთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად - როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, სასიამოვნოზე არ არის საუბარი. ის ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ისევ უკან დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალის დამძიმებაზე განცხადებას არ აკეთებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.