ალბათ ყველას გახსოვთ, გაპრეზიდენტების პირველ თვეებში მიხეილ სააკაშვილი რიგითი მგზავრივით ეკონომ-კლასით რომ დაფირნავდა და ხმამაღლა აცხადებდა, მე არც დაცვა მჭირდება, არც პირადი თვითმფრინავი და პილოტი, არც ბიზნესკლასი, რადგან სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამდენი ფული იხადოსო. რაღა თქმა უნდა, ამომრჩეველი აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ მერე და მერე სააკაშვილი ჯერ ეკონომ-კლაშის თვითმფრინავების ძრავის გუგუნმა შეაწუხა, მერე 70 მილიონად შეფასებული ბოინგი მოუვიდა თვალში და თან ისეთი რამეების კეთება დაიწყო, უპრეცედენტო დაცვის აყვანა დასჭირდა. პარალელურად, სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას თავისი სარეზერვო ფონდი უნდა ჰქონოდა და თანხა ისე უნდა ეხარჯა, როგორც მოესურვებოდა. პირველ წელს მან ორი მილიონი იკმარა, მერე და მერე კი მისი სარეზერვო ფონდი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და საბოლოოდ 50 მილიონს გადააჭარბა.
საინფორმაციო სააგენტო “პირველმა” ფინანსთა სამინსიტროდან ოფიციალურად გამოითხოვა დოკუმენტები და პასუხიც მიიღო. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ბატონი მიხეილი თავისი შეხედულებისამებრ ურიცხავდა თანხას და თუ რატომ აირჩია ცნობილი თუ საერთოდ უცნობი სახეები სააკაშვილმა, თავად განსაჯეთ. მაშ ასე, ოფიციალურ მასალებზე დაყრდნობით პრეზიდენტის “რჩეულებს” ექსკლუზიურად გაგაცნობთ.
სახელი და გვარი ნიკოლოზ სეფაშვილი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ თუ ამას დავამატებთ, რომ ნიკოლოზი მერაბის ძეა, მიხვდებით, რომ საუბარი ცნობილი მომღერლის შვილზეა. ნიკა სეფაშვილი “თი ბი სი” ბანკში მაშინ მუშაობდა, როცა მამამისი სააკაშვილს წინასაარჩევნოდ “ჩემი გმირი გიწოდე”-ს უმღეროდა. ალბათ გახსოვთ, ამის გამო მერაბი საზოგადოებამ სასტიკად გააკრიტიკა და სეფაშვილმაც განაცხადა, აღარ ვიმღერებო, მაშინ “თი ბი სი”-ში ფინანსური შევიდა და კრედიტ-ოფიცერ ნიკოლოზ სეფაშვილის საქმიანობით დაინტერესდა. მეორე დღესვე მერაბი ისევ ამღერდა, ფინანსური მის შვილს შეეშვა და ამით მომღერალსა და მის ოჯახს არც არაფერი დაუკარგავთ (მატერიალურ სიკეთეს ვგულისხმობთ). ნიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს სამუშაოდ და გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა მისი მორიგი სწავლა-განათლება სარეზერვო ფონდიდან 51 498 ლარით დააფინანსა. მერე კი, განათლებულ ნიკოლოზ სეფაშვილ ერთჯერადად 24 000 ლარი ჩაურიცხა, მოგვიანებით კი კიდევ 5000 გაიმეტა, ანუ საერთო ჯამში “ჩემი გმირის” სანაცვლოდ მიშამ 80 498 ლარი გაიღო.
გიორგი ავალიანი ხომ გახსოვთ? ეს ბიჭი ჯერ თსუ-ს თვითმმართველობის პირველი მოწვევის პრეზიდენტი გახდა და სტუდენტები ნაც-მოძრაობის მხარდასაჭერად დარაზმა. კარგი “მუშაობისთვის” ის დააწიანაურეს და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილედ დანიშნეს. ავალიანს მხოლოდ ეს არ აკმარეს და პრეზიდენტმა საკუთარი ფონდიდან 35 000 ლარი გადაურიცხა. მოდაგილეობის პარალელურად, ავალიანს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის პოსტიც ჰქონდა შეთავსებული და “ნაც-ახალგაზრდობას” რესპუბლიკის მასშტაბით ხელმძღვანელობდა.
უმადურობა იქნება, ავალიანის გვერდით ირაკლი მეგრელიშვილი რომ არ ვახსენოთ. თუ ავალიანი თსუ-ს თვითმმართველობის პირველი მოწვევის პრეზიდენტი იყო, მეგრელიშვილი ვიცე-პრეზიდენტად ჰყავდა და “ყვაოდა” თსუ ნაციონალურ საწყისებზე. ჰოდა, სააკაშვილმა მასაც არ დასწყვიტა გული და 35 000 ლარი ჯარის მეგობარივით “ჩაახუტა”. მეგრელიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელთან, დავით ტყეშელაშვილთანაც მეგობრობდა და ადმინისტრაციაში არაერთი მეგობარი დაასაქმა. ან რატომ არ დაასაქმებდა, ფულს ბიუჯეტი იხდიდა და...
ია ხვინგიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სულ რაღაც 10 814 ლარი ერგო. ქალბატონი ია არასამთავრობო ორგანიზაცია “გაენათის” დირექტორია (ეს იმ “გაენათში” არ აგერიოთ, კობა ბექაურმა რომ დაამთავრა და დიპლომიც აიღო), მისი მეუღლე კი... ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან კონჯარია გახლავთ. 2010 წლიდან დღემდე კონჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა და ჩვენ თუ გვკითხავთ, კიდევ ცოტა გადაუხდია მიშას მისი მეუღლისთვის.
მერი ზურაბის ასულ კოკაიაზე ალბათ განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ, რადგან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჟურნალისტი მოულოდნელად პრეზიდენტის ფავორიტი გახდა. ქალბატონმა მერიმ ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში დაიწყო მუშაობა, პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია “ესლას” დაუკავშირდა და ამ ორგანიზაციის წევრებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს (ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის განშტოებაა) და რაც მთავარია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის კარი მისთვის ორჯერ, მაგრამ ფართოდ გაიღო. პირველად მას 49 626 ლარი ერგო, მეორედ კი 17 000 ლარი და ეჭვი მაქვს, სააკაშვილი მერის იმასაც ეტყოდა, “ამ ხის ძირში ჩემი მურადა მარხიაო...”
მიხეილ თამაზის ძე მამულაშვილის შესახებ თუ გსმენიათ? არც ჩვენ გვსმენია, მაგრამ ეს 30 წლის ბიჭი ახლა ლონდონშია და სპეციალურ კურსებს გადის, ხოლო მის ანგარიშზე პრეზიდენტის ფონდიდან პირველად 25 775 ლარი გადაირიცხა, მერე კი 8 307 ლარი. თავიდან ვიფიქრე, ეს ბიჭი განსაკუთრებული ნიჭით იქნება დაჯილდოვებული თქო, მაგრამ... მიხეილ მამულაშვილის დედა, მაყვალა ხარებავა 20 წელია თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს და იქ საპატიო კონსულის, ნიურ ეთინის თანაშემწე იყო. მერე კი, როცა ბატონი ეთინი ბათუმში სასტუმრო “შერატონის” მფლობელი გახდა, ქალბატონი მაყვალა ლევან ვარშალომიძესაც დაუმეგობრდა და სავარაუდოდ, სწორედ ვარშალომიძის რეკომენდაციით გაიღო სააკაშვილმა 30 ათას ლარზე მეტი.
54 წლის თამარ ლათიბაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში ცხოვრობს და მის სამსახურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ფიქსირდება, მაგრამ გადავამოწმეთ და გავიგეთ, რომ ქალბატონ თამარს სააკაშვილთან არასოდეს უმუშავია. არადა, პრეზიდენტმა მას ერთჯერადად 3600 ლარი უფეშქაშა. სამაგიეროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის და მისი ოჯახი აქტიურად იყვნენ ჩართული ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდაში, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. რისთვის მიიღო 3600 ლარი ქალბატონმა თამარმა, არსად არ ფიქსირდება.
ისე, როგორც ჩანს, პრეზიდენტი სარეზერვო ფონდს იმის მიხედვით ანიავებდა, თუ ვისთვის იყო ფული გადასარიცხი. თუ თანხა თბილისელს ერგებოდა, მიშა გულუხვობას იჩენდა, თუ არა და რეგიონებსა და სოფლებში აქტიურ მხარდამჭერებს “იაფად” ისტუმრებდა. ამის ნათელი დადასტურება მანანა მიდელაშვილია. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები ქალბატონი მეუღლითა და ოთხი შვილით დაუღალავად ეწეოდა ნაციონალური მოძრაობის პოპულარიზაციას და ამ საქმეს დღემდე სიამაყით მისდევს. სანაცვლოდ კი სააკაშვილმა მისთვის მხოლოდ 1000 ლარი გაიმეტა, თუმცა ქმარი დაუსაქმა და ახლა მიდელაშვილის მეუღლე, დავით წითელაური ღვინის ქარხანა “ბადაგონის” მოწინავე მუშაა. სამაგიეროდ, ოთხივე შვილი უმუშევარია და რამდენ ხანს გასწვდებათ ეს 1000 ლარი, ვერ გეტყვით.
21 წლის თამარ ზაალიშვილი ყვარლის რაიონის სოფელ საბუკეშია დაბადებული და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ბუკსა და ნაღარას” სცემდა, ხმა ნაციონალებს მიეცითო. სააკაშვილის ფონდიდან თამარს 2000 ლარი ერგო. ყვარელში ამბობენ, ამ 2000 ლარის გარდა, პრეზიდენტმა მისი ძმა “თელიანი ველის” ქარხანაში დაასაქმა მუშად, ხოლო დედა თელავში “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიის დამლაგებელია.
საგარეჯოელი დავით სამყურაშვილი ოჯახით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი კი იყო, მაგრამ საგარეჯოელებს თუ დავუჯერებთ, ახლა სხვა ნავში გადაჯდომას ცდილობს და ამიტომ, ყოფილი ხელისუფლების აგიტაციას აღარ ეწევა. მისი და, ნინო სამყურაშვილი ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ჟურნალისტია და ვერ გეტყვით, რომლის დამსახურებაა ის, რომ სააკაშვილი მათ ერთჯერადად 1500 ლარით დაეხმარა.
ზინე ალიევას არსებობა სააკაშვილს 2008 წლის არჩევნებზე გაახსენდა და ამ მრავალშვილიან ოჯახის პირადად ეწვია. ქალბატონი ზინე და მისი მეუღლე, დავით ალიევი 5 შვილს, თემურს, მანანას, ნინოს, გიორგის და თინათინს ზრდიან და სამწუხაროდ, ორი შვილი ინვალიდი ჰყავთ. სააკაშვილმა რა კრიტერიუმებით ისარგებლა, ნამდვილად ვერ გეტყვით და ამ გაჭირვებულ ოჯახს 1000 ლარი გადაურიცხა. პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ ქალბატონი ზინე სააკაშვილის განკარგულებით დასაქმდა კიდეც და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა...
არასამთავრობო ორგანიზაცია “დროა” თავს ობიექტურობაზე დებს, მაგრამ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვალერი ადამიიაა. ეს კაცი კი 2011 წელს გლდანი-ნაძალადევის რაიონში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, მერე მერიის სპორტის განყოფილებაში დასაქმდა და ახლა “ობიექტური” არასამთავრობო ჩააბარეს. ადამიას სააკაშვილმა “წვრილმანი ხარჯებისთვის” და უბრალოდ წასახალისებლად სარეზერვო ფონდიდან 1300 ლარი გამოუყო.
სამაგიეროდ, მეორე “ობიექტური” არასამთავრობო ორგანიზაციის, “ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის” ვიცე-პრეზიდენტი ვასილ ურუშაძე სააკაშვილმა მეტად დააფასა და 3000 ლარი გადაურიცხა. ვასილი ცსკო-ს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის მეგობარი და დღემდე ნაციონალური მოძრაობის წევრია.
რადგან ნაციონალების საყვარელი ნომერი ხუთია, ეს ხუთეულიც “საყვარლად” შემოვინახეთ, რადგან ერთ “ქვაბში იხარშებიან”. ჯანგირ ამიროვი, გიგა მიქაშავიძე, თეიმურაზ ჯალიაშვილი, ფრიდონ ახობაძე და გურამ ბალიაშვილი სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლები არიან. სააგენტოში მუშაობის პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის ისეთ აგიტაციას ეწევიან, რომ პრეზიდენტს გულმა არ გაუძლო და თითოეულ მათგანს 3900 ლარი, ანუ მთლიანობაში 19 500 გადაურიცხა.
რაც აქ მოგახსენეთ, მხოლოდ მცირე ჩამონათვალი და კონკრეტული გვარებია იმ ადამიანების, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გემოვნებით ურიცხავდა თანხებს და რაც მთავარია, ამას ჩვენ გვიმალავდნენ. ფინანსთა სამინისტრო ანგარიშში პირდაპირ ასე წერდა - გადაერიცხა 100 000 ლარი და მეტი არაფერი. რატომ, რისთვის, ვისთვის... ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ერთი მოკვლევით, ვიღაცეებისთვის ჩარიცხულმა ჩვენმა ფულმა 294 920 ლარს მიუკაკუნა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა გაიგებთ - 2010 წელს სააკაშვილის სარეზერვო ფონდიდან 54 563 100 ლარი გაიცა, 2012 წელს, მხოლოდ იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში კი 33 150 000 ლარი და ახლა ამ თანხების კვალს ვეძებთ.