რომელი სახელმწიფოების მიმართ არის რუსეთი დამთმობი

რომელი სახელმწიფოების მიმართ არის რუსეთი დამთმობი

[მანანა აბაშიძე]
სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ ინტერნეტგამოცემა ”პრესა.გე”-ს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით ”საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა - ჩრდილოეთ ფრონტი”. მასში გამოთქმული წმინდა სამხედრო მოსაზრებებისა თუ აქცენტების შესახებ შესაბამისმა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა იმსჯელონ.

თუმცა, იყო ერთი კონკრეტული ასპექტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ პრიზმაში შეიძლება იყოს განხილული. სტატიის დასაწყისში ვკითხულობთ: ”არშემდგარი ზავისა და რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების პირობებში საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა მაღალია”. პოლიტიკური თვალსაზრისით, ფრაზა მრავალ კითხვას აჩენს. ”პრესა.გე” სტატიის ავტორს, სამხედრო ექსპერტს, გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

საბრძოლო მოქმედებების განახლება ვისი მხრიდან? რუსეთის?
- დიახ, რა თქმა უნდა. ვიყოთ თანამიმდევრულები და ქართული მხარით დავიწყოთ. ქართული მხარე, სანამ სრულად არ აღიდგენს აგვისტოს მოვლენების შედეგად მიყენებულ ზიანს, სანამ შეიარაღებულ ძალებში მოდერნიზება არ მოხდება, პირდაპირი სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

რაც შეეხება რუსეთს... რუსეთის მიერ კავკასიაში გატარებული არასწორი პოლიტიკა აიძულებს მას მუდმივად ეძებოს და შექმნას ამ რეგიონში დაძაბულობის ცენტრები; გაატაროს ძალისმიერი და ავანტურისტული პოლიტიკა. ხოლო როდესაც ასეთი ავანტურისტული პოლიტიკა ტარდება, შემთხვევითი გასროლის ალბათობა ყოველთვის მაღალია. შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ პროვოკაცია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ხშირ შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებები იწყება არა იმიტომ რომ რომელიმე მხარეს მართლაც სურს საბრძოლო მოქმედებების წამოწყება არამედ იმიტომ, რომ შექმნილი სიტუაცია სხვა გამოსავალს აღარ ტოვებს.

არის კი რუსეთი იმ მდგომარეობაში, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ძალისმიერ გადაწყვეტაში ეძებოს? დღევანდელი რუსეთი ხომ არ არის თუნდაც ორი წლის წინანდელი - როდესაც იგივე ნავთობზე ძალიან მაღალი ფასები იყო -ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. დღევანდელი რუსეთი, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისითაც, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მაინცადამაინც ხელს აძლევდეს და სურდეს ომის წამოწყება და მით უფრო, კავკასიაში...
- მოგიყვანთ მაგალითს მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან. როდესაც გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მათ იმ მომენტში - იქამდე, სანამ დასავლეთის ფრონტზე არ დაასრულებდნენ ბრძოლებს - სულაც არ სურდათ ომის დაწყება. არ იყვნენ მზად ომის დაწყებისთვის.

საბჭოთა კავშირის მიერ ბესარაბიისა და ბუკოვინას წართმევის შემდეგ, შეიქმნა ვითარება, როდესაც სტალინს ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებებით შეეძლო იგი საწვავის გარეშე დაეტოვებინა. გერმანიამ იგრძნო, რომ ყელზე მარყუჟი ჰქონდა. სასწრაფო წესით შემუშავდა გეგმა ”ბარბაროსა” და ომი დაიწყო. საბოლოოდ გერმანია კი დამარცხდა, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში შექმნილმა მდგომარეობამ ხეირიანად მოუმზადებელი გერმანია აიძულა, საბრძოლო მოქმედებები დაეწყო.

რა ანალოგიაა დღევანდელ რუსეთთან და საქართველოსთან დაკავშირებით?
- აგიხსნით: საქართველოს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავზე ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამხედრო ბაზა. როგორც კი რუსეთი მოინდომებს, სულ მარტივად შესძლებს, საქართველო ორ ნაწილად გაჭრას. ამიტომ საქართველო იძულებულია, გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები და ისინი ისე განალაგოს, რომ საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს.

თუ საქართველო მართლაც დაიწყებს საამისოდ მოქმედებას, რუსეთი იძულებული იქნება, კონტრზომები მიიღოს - ჯერ ძალთა კონცენტრაციის ზრდა და შემდეგ, გაუგებრობების შესაძლებლობის მაღალი ხარისხი. სწორედ ესაა სახიფათო და არა, პოლიტიკოსების მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ. ასეთ დროს უფრო მეტია შესაძლებლობა, რომ სინამდვილეში ყველაფერი სწორედაც მოლაპარაკებებით დასრულდეს და არა, საბრძოლო მოქმედებებით; ან საღი აზრი გაიმარჯვებს, ან მესამე მხარე ჩაერევა და ორივეს გადარწმუნებს.

როდესაც მოქმედება ხდება მიძინებული კონფლიქტის ზონაში, ნებისმიერმა სპონტანურმა ქმედებამ ცეცხლის ალის ანთება შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთ ვიტარებაში სიტუაცია ერთი-ორად უფრო სახიფათოა. თავად ის, რომ საქართველოს ოკუპაცია ჯერაც გრძელდება, უკვე შეიცავს თავის თავში საფრთხეს.

მართლაც, ამ კონფლიქტის მოგვარების გასაღები რუსეთის ხელშია და მათ უნდა მიიღონ დეოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილება. იქამდე, საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე ყოველთვის დიდი იქნება. ხოლო დეოკუპაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიმანიშნებელი იქნება, რომ რუსეთს აღარ სურს სამხედრო კონფრონტაცია.

დეოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთს არ უნდა აწყობდეს თუმცა, თითქოს არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ასევე პოლიტიკური - ეკონომიკურ ფაქტორებსაც რომ თავი დავანებოთ - მოგება-წაგების თვალსაზრისით, რუსეთს სამხედრო კონფრონტაცია სჭირდებოდეს...
- საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთს ეკონომიკური ინტერესი არ აქვს. ამ თვალსაზრისით მას საქართველო არ სჭირდება...

ეკონომიკურ ფაქტორებში ვგულისხმობდი იმას, რომ დღევანდელ რუსეთს - ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით - საომარი მოქმედებებისთვის უბრალოდ ფული არ აქვს...
- ამ შემთხვევაში, რუსეთს უღირს, რომ მისი ეკონომიკისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთი აიკიდოს, ჩააგდოს ეკონომიკა საფრთხეში, რადგან მისთვის მომაკვდინებელია სამხრეთ ფლანგზე ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. როგორც კი საქართველოს სამხედრო ძლიერება რაღაც ზღვარს გადასცდება, ჩრდილოეთ კავკასიაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება.

თუ ჩრდილოეთ კავკასიას დენთის კასრს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სწორედ ის ცეცხლის წყაროა, რომელმაც ჩრდილო კავკასიური დენთის კასრის აალება შეიძლება გამოიწვიოს. რუსეთი დეოკუპაციაზე სწორედ იმიტომ არ დათანხმდება, რომ საქართველო ზურგია ჩრდილოეთ კავკასიისთვის. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ რუსეთს მიაჩნია ასე. რუსები ხომ ჩვენსავით არ ფიქრობენ.

ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ, ანუ რუსეთმა აგრესია არ უნდა განახორციელოს. თუმცა რუსები სხვაგვარად ფიქრობენ. თუნდაც იმიტომ, რომ ნატოს ისინი საფრთხედ მიიჩნევენ ხოლო მის მიახლოებას მათ საზღვრებთან, ამ საფრთხის ზრდად.

საქართველოო-როგორც დამოკიდებელი სახელმწიფო, უკვე არის მიუღებელი რუსეთისთვის; ხოლო საქართველო ძლიერი ჯარით - დამანგრეველი ფაქტორია მათი სამხრეთი ფლანგებისთვის. ყოველ შემთხვევაში, რუსი პოლიტიკოსები ასე ფიქრობენ. ამიტომ მათთვის აუცილებელია, რომ - თუნდაც, ”ფიარის” თვალსაზრისით - კავკასიონის ქედს აქეთ საჯარისო კონტიგენტი ჰყავდეთ და თან, რაც შეიძლება უფრო ძლიერი. თუმცა, შეიძლება რომ არც ისე ძლიერი იყოს ეს საჯარისო ნაწილები, მაგრამ ”გაპიარებული” უნდა იყოს ასეთებად.

თუ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს ეყოლება სამხედრო კონტიგენტი, რომელიც თავისი ძალითა და შესაძლებლობებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ კონტიგენტს აღემატება, რუსეთისთვის ეს ძალიან შემაშფოთებელი იქნება თუნდაც, როგორც ვთქვი, ჩრდილოეთ კავკასიის გამო.

ჩრდილო კავკასიელები მოქმედებენ გეგმაზომიერად და კარგად ფინანსდებიან. რაკი დაგეგმვაც არის და კარგი დაფინანსებაც, ისინი ზუსტად ზომავენ საქართველოს ზლიერებას. თუ გარკვეულ ეტაპზე ნათელი გახდება, რომ საქართველო მართლაც სერიოზულად გაძლიერდა, ჩრდილო კავკასიელების მოქმედება უფრო აგრესიული გახდება. სწორედ ამის გამო, რუსეთი ვერ დაუშვებს, რომ საქართველო გაძლიერდეს.

არ გამოვრიცხავ, რომ როგორც კი საქართველოს პოლიტიკა უფრო პრინციპული და არგუმენტირებული გახდება, როგორც კი საქართველოს სამხედრო ძალები გაძლიერდება, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციები განახორციელოს - პოლიტიკური თუ სამხედრო.

თქვენ თავად ახსენეთ ორი საკვანძო მომენტი: ძლიერი საქართველო და ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ. დღეისათვის ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა გაყინულია გაურკვეველი ვადით. გარდა ამისა, ვართ კი ჩვენ ისეთი ძლიერი სახემწიფო - თუნდაც, სამხრეთ კავკასიის მასშტაბით - რომ რუსეთის სამხრეთ ფლანგისთვის საფრთხე ვიყოთ? ამ ორი უმნიშვნელოვანესი მომენტის გათვალისწინებით, ჩვენ დღეისათვის თითქოს არ უნდა ვიყოთ გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის...
- სამწუხაროდ, ნატო არასწორად ”გაპიარდა” ჩვენთან. იმისათვის რომ ქვეყანა განვიტარდეს და გაძლიერდეს, გარკვეული ფინანსები უნდა ჩაიდოს სამხედრო სფეროში. ჩვენთვის ნატო იყო მეტი ძლიერების მიღწევის შესაძლებლობა ნაკლები დანახარჯით.

ნატოში ინტეგრაცია გარკვეული ფინანსების დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემდა, რადგან ის თავად იყო რუსული აგრესიის შემაკავებელი ”სამხედრო ქოლგა”. ეს შესაძლებლობას მოგვცემდა, სახედრო სფეროში დაზოგილი თანხები ეკონომიკისკენ მიგვემართა. რადგან ეს ფაქტორი გამოირიცხა, რადგან საკითხი და დაპირისპირება ღიაა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არც ეკონომიკა დავაზარალოთ და სამხედრო სფეროც მოწესრიგებული გვქონდეს.

ნატოში შესვლა ჩვენთვის სტრატეგიული მიზანი არ უნდა იყოს. მთავარი, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ერთდროულად, ამის მიღწევაც და ნატოში შესვლაც, ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენ ახლა ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ რუსეთი ვაიძულოთ, დეოკუპაცია დაიწყოს. ამის სემდეგ, ჩვენ ნატოში შევალთ თუ იმ დროისთვის რაიმე ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი იქნება და იმ ბლოკში გავწევრიანდებით, ეს უკვე მომავალი თაობის საქმეა და ამ ეტაპზე არააქტუალურია.

ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს რაიმე ვალდებულებები ნატოს წინაშე, რაც გვიხსნის ხელ-ფეხს იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აქტიური, პრინციპული პოლიტიკა ვაწარმოოთ და თან, ვიყოთ მომთხოვნები ევრო-ატლანტიკური სივრცის მიმართ. ჩვენ ხომ სხვისი ტერიტორიების მიტაცება არ გვინდა; ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ტერიტორიებია მიტაცებული. ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ - რუსეთმა - მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები და ისინი მარიონეტულ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

საქართველოს სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ მოაწესრიგოს და გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები. ამის შემდეგ, შეგვეძლება ჩამოყალიბებული, ლოგიკური და გეგმაზომიერი ნაბიჯები გადავდგათ რუსეთის წინააღმდეგ. იქამდე, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, საქართველოს პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება უნდა იყოს.

რას გულისხმობთ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებაში? რაიმე სამხედრო ნაბიჯებს თუ წმინდა პოლიტიკურ-დიპლომატიურ ქმედებებს?
- სამხედრო ნაბიჯები მაინცდამაინც საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ ნიშნავს. არის ე.წ. მანევრებიც, სასწავლო მობილიზაციები, საჯარისო ნაწილების განთავსების შეცვლა და ა.შ. ანუ თვითონ სამხედრო პოტენციალის ზრდა უკვე არის პოლიტიკაში სამხედრო კომპონენტის გამოყენება აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

თუ საქართველო შესძლებს ”ცივი ომის” წარმოებას ისე, რომ რუსეთმა ამას ფეხი ვერ აუბას - ანუ მათ დასჭირდეთ მეტი თანხები, რასაც რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს - რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს მათ აიძულებთ, გახდნენ უფრო დამთმობები მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ეს, ერთი მხრივ.

მე არ ვგულისხმობდი მხოლოდ სამხედრო ნაბიჯებს. არამედ იმასაც, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ თუნდაც, ჩრდილოეთ კავკასიის კულტურულ ცხოვრებაზე. მაგალითად, ფესტივალები ავიღოთ. შეგვიძლია, კავკასიელი ხალხების ფოლკლორის ფესტივალი ჩავატაროთ. რატომაც არა?

ანუ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯები, რომლებზეც თავისთავდ, ვერავინ მოგედავება - კავკასია მართლაც ერთიანი ისტორიულ-კულტურული ერთეულია. და ეს იქნება მიმანიშნებელი, რომ მიუხედავად წაგებისა, საქართველოს აქვს პრეტენზია, იყოს ისტორიულ-კულტურული ცენტრი. თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთის პატივისცემის მოპოვება მხოლოდ შიშზე აგებითაა შესაძლებელია, ჩვენ მუდმივად ამ მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ.

თქვენც ამბობდით, რომ ახლა რუსეთის ქმედებები გარკვეულწილად შეზღუდულია ეკონომიკური პრობლემების გამო. კი ასეა და რუსეთი მართლაც აღარ არის მოქნილი, უნიტარული სახელმწიფო რომელიც თავის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა. მათი ეს სეზღუდვები ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ამით ნაბიჯ-ნაბიჯ შევამცირებთ მათი მოქმედების ამპლიტუდას და გავლენის სფეროებს.

თუ საქართველოს მხრიდან იქნება არამარტო სიტყვიერი დაპირისპირება თუ ლანძღვა არამედ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყებთ გავლენის სფეროების მოპოვებას, საქართველოს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის დიდი თანხების ხარჯვა არ დაგვჭირდება. მაგალიტად, ზევით ფესტივალი ვახსენე... ეს არ ითხოვს დიდ დანახარჯს. ასევეა შეიარაღებული ძალებიც. მათი მოდერნიზებისთვის სრულიად საკმარისი იქნება ის თანხები რაც დღეისათვის არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის.

ცხადია, საჭირო იქნება კონცეფციის შექმნა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ერთი კაცის ნება-სურვილით. უნდა შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც კავკასიაში საქართველოს პოლიტიკის შექმნაზე იმუშავებს.

ის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, რუსეთის ზედმეტი და უსარგებლო გაღიზიანება არ იქნება?
- არა, ყველაზე ცუდი უმოქმედობაა. თუ დააკვირდებით, რუსეთი გაცილებით უფრო აგრესიულად ეპყრობა სახელმწიფოებს რომელთაც სუსტად და პასიურად მიიჩნევს. ხოლო იმ სახელმწიფოების მიმართ რომლებიც აქტიურები და ძლიერები არიან, რუსეთი ტრადიციულად უფრო დამთმობია. თუმცა, ცხადია, ეს დათმობები ”იფუთება” და ”კეთილმეზობლობად” საღდება.

იგივე ბელორუსისა თუ უკრაინის მიმართ - მიუხედავად იმისა, თუ როგორ ”ფუთავს” ამას რუსეთის ხელისუფლება, მათი პოლიტიკა აშკარად უფრო დამთმობია. ეს რუსეთს ისტორიულად ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოსთვის სწორედ უმოქმედობაა ყველაზე სახიფათო და არა, აქტიური, პრინციპული პოლიტიკის გატარება.