ადამიანების ნაწილისთვის სხვასთან ძილი შემაწუხებელია, ხან ის აღვიძებთ, რომ ვიღაცამ საბანი წაართვა, ხან ხვრინვის ხმა, ზოგჯერ კი აღმოაჩენენ, რომ მათი პარტნიორები ძილში დადიან. ამ პრობლემის წინაშე ცნობილი მსახიობი კამერონ დიაზიც დამდგარა.
მისი თქმით, წყვილებისთვის სხვადასხვა საძინებელში ძილი ნორმალიზებული უნდა იყოს და ეს საკითხი ქმართან ქორწინებამდეც განხილული ჰქონდა. მსახიობი უკვე 9 წელია დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.
"იდეალურად ვიგრძნობდი თავს, თუ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებდი, ჩემი ქმარი თავისაში და შუაში საერთო სივრცეც გვექნებოდა. ამავეს ვფიქრობ საძინებლებზეც. ამ საკითხის მიმართ ქორწინებამდეც მსგავსი დამოკიდებულება მქონდა, თუმცა ახლა სხვადასხვა საძინებლის საჭიროება აღარ გვიდგას, რადგან საოცრად კარგი ქმარი მყავს", — ამბობს მსახიობი.
თანდათან სხვადასხვა საძინებლის ქონაზე მეტი წყვილი თანხმდება, რადგან ერთად კარგად არ სძინავთ. ძილის სპეციალისტი, ვენდი ტროქსელი, აღნიშნავს, რომ ძილის მუდმივი ნაკლებობა სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის, მაგალითად, დიაბეტისა და დემენციის.
მისი თქმით, თუ წყვილს ძილი აკლია, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათი ურთიერთობის დინამიკაზე, განწყობასა და ემპათიის დონეზეც კი.
ტროქსელის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კარგად გამოძინებული ადამიანი ბევრად უფრო ბედნიერი, მიმზიდველი და მხიარულია, რაც ურთიერთობებზეც აისახება. მისი თქმით, წყვილებს სხვადასხვა საძინებლის ქონას ურჩევს, თუმცა არაა საჭირო, მათ ყოველდღე ცალ-ცალკე ეძინოთ.