6 მსახიობი, რომელმაც ცნობილ როლზე ლამის უარი თქვა

6 მსახიობი, რომელმაც ცნობილ როლზე ლამის უარი თქვა

ყველას გვახსენდება ფილმების პერსონაჟები, რომლებიც მსახიობებმა იმდენად ზუსტად განასახიერეს, რომ მათ ადგილას სხვა არც წარმოგვიდგენია. რთული დასაჯერებელია, რომ მსახიობებმა, რომლების ხსენებაზეც ახლა სწორედ ეს ლეგენდარული როლები გვახსენდება, თავდაპირველად მათ თამაშზე უარი განაცხადეს. აი, რამდენიმე მათგანიც.

1. რეიჩელ ზეგლერი ლუსი გრეის როლში

ცოტა ხნის წინ რეიჩელ ზეგლერმა შიმშილის თამაშების ახალ ფილმში ლუსი გრეის როლი მოირგო და თავი მარტივად შეგვაყვარა. მისი თქმით, ამ როლზე დათანხმებას არ გეგმავდა. ამერიკელი მსახიობი იმ პერიოდში ლონდონში ახალი გადასული იყო და სახლისგან ასე შორს ყოფნა პირველად უწევდა, რის გამოც თავს საშინლად გრძნობდა.

შიმშილის თამაშების გადაღებები გერმანიასა და პოლონეთში იგეგმებოდა, რაც რეიჩელისთვის აშშ-სგან კიდევ უფრო დიდი ხნით წასვლას ნიშნავდა. ზეგლერი ამბობს, რომ როლზე უარის თქმის გადაწყვეტილება მაშინვე ინანა და მოგვიანებით ინიციატივა თავადვე გამოიჩინა.

2. ჯენა ორტეგა უენსდეის როლში

ჯენა ორტეგამ ნეტფლიქსის პოპულარულ შოუში Wednesday, რომელიც ადამსების ოჯახზე გადაღებული კიდევ ერთი პროექტია, მთავარი როლით დაგვამახსოვრა თავი. ორტეგას თქმით, თავიდან ჩათვალა, რომ სერიალი წარუმატებელი იქნებოდა და არ უნდოდა, კიდევ ერთ შოუში მონაწილეობით სხვა სასურველ პროექტებზე ეთქვა უარი.

3. კრის ევანსი კაპიტან ამერიკას როლში

გაგიკვირდებათ და კაპიტანი ამერიკას როლი კრის ევანსისთვის ახდენილი ოცნება სულაც არ ყოფილა. მსახიობი იხსენებს, რომ იმ დროს მძიმე მენტალური მდგომარეობისა და პანიკური შეტევების ფონზე, როლზე უარი თქვა. მოგვიანებით, მისი ოჯახის, სხვა მსახიობებისა და ფსიქოთერაპევტების დახმარებით, მან ფილმი ნამდვილ წარმატებად აქცია.

"ამ როლის თამაში ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. კევინ ფაიგის (მარველის სტუდიის პრეზიდენტი) ძალიან მადლიერი ვარ, რომ დამარწმუნა და უდიდესი შეცდომა არ დავუშვი", — ამბობს მსახიობი.

4. ემა სტოუნი მია დოლანის როლში

როცა ფილმ ლა ლა ლენდის ვარსკვლავ ემა სტოუნს მიას როლი შესთავაზეს, უპასუხა, ხომ არ გაგიჟდითო. სტოუნი ყვება, რომ ბროდვეიზე სპექტაკლების თამაშისგან ძალიან დაღლილი იყო, ხმას კარგავდა და ფიქრობდა, რომ ცეკვასა და სიმღერს ვეღარასოდეს შეძლებდა. ფილმის რეჟისორმა მეორე მთავარი გმირის როლზე რაიან გოსლინგი დაამტკიცა, რითაც ემას დაყოლიება შეძლო.

5. რეიფ ფაინზი ლორდ ვოლდემორის როლში

როცა რეიფ ფაინზს ჰარი პოტერში ვოლდემორის როლი შესთავაზეს, მას არც წიგნები ჰქონდა წაკითხული და არც პირველი სამი ფილმი ენახა, ამიტომ, როგორც თვითონ ამბობს, "სნობივით იქცეოდა". ფაინზი როლზე დათანხმებას არ ფიქრობდა, თუმცა მისმა დამ, რომელსაც შვილების გამო ჰარი პოტერი ძალიან უყვარდა, საბოლოოდ დაარწმუნა.

6. ლეონარდო დიკაპრიო ჯეკ დაუსონის როლში

ალბათ, გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ შეიძლება, ლეონარდო დიკაპრიო ფილმ ტიტანიკში ვერ გვეხილა. მსახიობი ყვება, რომ ფილმი თავიდან მოსაწყენად მოეჩვენა. ფილმის რეჟისორი ჯეიმს კამერონი იხსენებს, როგორ დაარწმუნა დიკაპრიო, რომ ამ როლის თამაში მისთვის გამოწვევა იქნებოდა.