საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაახლოებით ერთ თვეში თანამდებობას ტოვებს. ვინ იქნება მისი შემცვლელი, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია, თუმცა თავად პრემიერმა იცის, ვინ იქნება მისი მეკვიდრე. შესაძლოა, მემკვიდრის ვინაობა მმართველი გუნდისთვისაც ცნობილი იყოს, შესაძლოა - არც-კი, მაგრამ ვიცით რომ დღევანდელი პრემიერი პრემიერის გარეშე არ დაგვტოვებს. რამდენად რეალურია არ ვიცით, მაგრამ ქვეყნის მომავალი მმართველი, როგორც ამბობენ, საფრანგეთიდან ჩამოჰყავთ. ალბათ, ამას საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მას პრემიერის არჩევანის უფლება აშკარად არ გააჩნია. საზოგადოება ირჩევს მხოლოდ პრეზიდენტს შეკვეცილი უფლებებით, თუმცა პრეზიდენტი რა გუნდთან ერთად შეუდგება ქვეყნის აღმშენებლობას, არც ვიცით და არც არავინ გვეკითხება. სავარაუდოდ, არსებობს უშიშროების საბჭოს მდივნის, თბილისის მერის, ერთი-ორი „საეჭვო მინისტრის“ გასაიდუმლოებული შემცვლელი. თუმცა არსებული სიტუაციიდან იკვეთება, რომ მათ დანიშვნამდე კანდიდატურების საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანა არ იგეგმება. როგორ მოხდა ისე, რომ ნაციონალური კოშმარის შემდეგ ქვეყნის პირველ პირს კი არ ვირჩევთ, არამედ, გვინიშნავენ, უცნობია. თანაც ვიღაც წყვეტს, რომ მისი ვინაობის გამხელა საჭირო დრომდე რეკომენდირებული არ არის. ამ მოცემულობის ფონზე ჩნდება კითხვა, სად არის საზოგადოება, რომლის გასაძლიერებლად, რომლის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, პრემიერი არაფორმალურ პასუხისმგებლობას იხსნის?
ექსპერტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ არსებობს საფრთხე საზოგადოების დეპრესიულ მდგომარეობაში გადასვლისა, თუმცა არსებობს შანსი, ქართულმა საზოგადოებამ ეს ბარიერიც გადალახოს. დაავიწყდა დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოების არსებობა თუ საზოგადოება თავად არ არის მზად ქვეყნისთვის სასიცოცხლო პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, ამ თემაზე ექსპერტი არჩილ გამზარდია გვესაუბრება.
ბატონო არჩილ, როგორც პრემიერი აცხადებს, მისი წასვლის შემდეგ ქვეყანას ყველა საკვანძო თანამდებობაზე ეყოლება ღირსეული კადრი. თუმცა არჩევნების შემდეგ ვდგებით ფაქტის წინაშე - გვინდა თუ არა, უნდა მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული კადრები. როგორ ფიქრობთ, როდესაც ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მოვლენაზეა მსჯელობა, როგორ მოხდა, რომ საზოგადოება „კადრს მიღმა“, მხოლოდ მაყურებლის როლში აღმოჩნდა?
- დიდი ხანია ვცდილობ, მაგრამ რატომღაც ვერ ავიყოლიე მედიასაშუალებები საზოგადოების როლზე ლაპარაკში. როდესაც ვლაპარაკობთ დემოკრატიულ პროცესზე, ან დემოკრატიულ პროცესებში წინგადადგმულ ნაბიჯზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი ბატონო, ერთი სიკეთე ეს არის მძიმე საფრთხის მოშორება, რომელიც გულისხმობს, რომ შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების გამო ქვეყანაში ადამიანები არ იყვნენ დაცულები. მაგრამ მეორეა, თავად საზოგადოება რა ფორმით იქნება ჩართული პროცესებში.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ როდესაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა „ქართული ოცნება“ და პრემიერი ივანიშვილი, საპარლამენტო არჩევნების წინ, იქ საზოგადოება ჩანდა - ჯერ ერთი, არავინ არავის არ ავალდებულებდა მისვლას, მეორე იყო ის, რომ საზოგადოებას გაცნობიერებული ჰქონდა, რატომ მიდიოდა, რას აკეთებდა, რისი წინააღმდეგი იყო, ან რისი მომხრე. საზოგადოება სუნთქავდა, აზროვნებდა, პოზიცია ჰქონდა და პრემიერი მოჩანდა, როგორც ამ საზოგადოებრივი ნების და პოზიციის განმხორციელებელი და არა პირიქით. სწორედაც, თანამედროვე ქვეყნის მართვა, საზოგადოების ჩართულობაზე არის დაფუძნებული და მასზე ორიენტირებული.
ამ ერთ წელიწადში საზოგადოების როლი არა თუ დაკნინდა, არამედ, თითქოს, გაქრა. თითქოს, საზოგადოება არ არსებობს ამ პროცესებში და მას რაიმე ორგანული ფუნქცია არ გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე პირდაპირი ზეწოლებიც შეინიშნება. ზეწოლა მხოლოდ ნარკოტიკის ჩადება ხომ არ არის ან დაპატიმრებით დამუქრება, ზეწოლის სხვადასხვა ფორმა არსებობს.
კონკრეტულად რა ფაქტები აღიქვით საზოგადოებაზე ზეწოლად?
- ზეწოლაა, ის რაც ხდება ხუდონჰესთან დაკავშირებით. არ ვამბობ, ეს სწორი პროცესია თუ არა, მაგრამ ჩემი პროფესიული გამოცდილების ფარგლებში, უთუოდ ძალზე ნეგატიურად უნდა შეფასდეს, რასაც ხელისუფლება აწარმოებს საკუთარ საზოგადოებასთან ურთიერთობაში. თუნდაც ხუდონჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები საზოგადოების როლის მთლიანად დაკნინებისა და ზეწოლის ქვეშ მიგდებას გულისხმობს.
იგივეა მეორე ტურთან დაკავშირებული განცხადება, რომლის თანახმადაც, საზოგადოება, პირველივე ტურში, ხმას ისე თუ არ მისცემს, როგორც უნდა საპრეზიდენტო კანდიდატს, ან პრემიერს, ამ შემთხვევაში საზოგადოება კარგავს თუნდაც საკუთარ არჩევანს. ესეც ზეწოლის მეთოდია. უფრო მეტიც, მე მაგალითად, ამას აკადემიური შანტაჟის სტატუსი მივეცი. ასეთი მაგალითები ჩვენ შეიძლება ბევრი მოვიძიოთ მთელი წლის განმავლობაში.
პრემიერი ძალიან სწორად მსჯელობდა, როდესაც ამბობდა, რომ ადამიანის ფასეულობამ, მისმა პასუხისმგებლობამ უნდა წამოიწიოს წინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დამოკიდებულებები, თუნდაც უხეში და ხისტი ფორმით, მაგალითად, მისი პრესასთან მუდმივი ურთიერთობა, არც ისე დადებითად შესაფასებელი, გულისხმობდა იმას, რომ როგორც თვითონ აცხადებდა, საზოგადოების წევრებმა უნდა იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ შეიგრძნობ, როდესაც ხარ თამაშგარე მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვართ.
ყველამ კარგად იცის და ეს არ არის ფარული ან საკამათო მომენტი, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგიც პირადად პრემიერის ფაქტორმა განაპირობა და პრემიერს მისცა ხალხმა ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში.
იგივე მდგომარეობა გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაშიც. რა გამოდის, რა რეალობაში ვართ?- ჰოლივუდურ მისტიკურ ფილმებში რომ გამოდის აჩრდილი ტყიდან, ხორციელ სახეს მიიღებს, თავის ფუნქციას შეასრულებს და ისევ ამ ტყეში შედის და ამ ფორმით არსებობს? - კაცი გამოჩნდა, შემოიკრიბა სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ისინი, რომლებიც ბევრად განსხვავდებიან პირადად ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობისგან. ამ პროცესს მოჰყვა კონკრეტული ადამიანების ძალაუფლებაში მოყვანა. შემდეგ მოდის პარლამენტი, რომელსაც მართავს სხვადასხვა პარტიები და მათ შორის, განსაკუთრებით წინა პლანზეა წამოწეული „რესპუბლიკური პარტია“. გვყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ასევე უნდა ავირჩიოთ - საზოგადოების თვალი უფრო კრიტიკულია, მაგრამ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის პროტეჟეა.
მომავალი პრემიერ-მინისტრიც წინდაწინ უნდა მივიღოთ საზოგადოებაში აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მსჯელობის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერს ვენდობით. ეს არც საქმიანი პროცესია არც სოლიდური და გულისხმობს, რომ საზოგადოება, როგორც სივრცე, რომელსაც რაღაც ინტერესები გააჩნია და მათ შორის - უფლებაც, რომ იყოს ჩართული პროცესებში, ბოლოს და ბოლოს, ინფორმირებული მაინც, აბსოლუტურად უკუგდებულია.
ამიტომ, არ შეიძლება, ამ პროცესს მიეცეს რაიმე პოზიტიური შეფასება, პირიქით, ეს არის საკმაოდ კრიტიკული შეფასების სივრცე.
საკმოდ დაკნინდა ამ მხრივ საზოგადოება, მას ჩართულობა საერთოდ არ გააჩნია, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი ბრმად უნდა მივიღოთ. ჩვენ რა შეგვიძლია, თეორიულად დავუშვათ, რომ პრემიერი ივანიშვილი არის დავით აღმაშენებელი, რომელმაც შეიძლება საოცრად ააყვავოს ქვეყანა და საზოგადოება. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, ზედმეტად სერიოზულად იკვეთება კონკრეტული პიროვნების როლი. ამის პარალელურად, ის გადის განზე და პირადი პასუხისმგებლობა საზოგადოებასთან არ ექნება. (თუკი საზოგადოებას შეუძლია გადააყენოს პრემიერი, პრეზიდენტი... საამისოდ საზოგადოებას რაღაც ბერკეტები გააჩნია, მაგალითად, მოითხოვოს პარლამენტის დათხოვნა და ა.შ.). აბსოლუტურად არანაირი ბერკეტი, მორალური შეფასების გარდა, დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან არ რჩება.
ამიტომაც გამოდის, რომ საზოგადოებას შემოაჩეჩეს მთელი რიგი პოლიტიკური ძალები. გავიხსენოთ რა კატეგორიაზეა ლაპარაკი, - „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა ერთ-ერთ საპარლამენტო არჩევნებზე. იქ არის ბევრი ისეთი ლიდერი, რომელიც ძველი დროის მოღვაწეა და მათ თანამედროვე სივრცეში არჩევანის შანსი ნულთან მიახლოებული ჰქონდათ . ამიტომ გამოდის, რომ ესენი არიან საზოგადოებისთვის შემოჩეჩებული პირები, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ უნდა ვენდოთ, რომ ჩვენთვის ავტორიტეტულმა პრემიერმა შემოგვთავაზა, რომელიც თავად თამაშიდან გადის.
უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელი პრემიერი 9 წელია მართავს საქართველოს, თუმცა ის მართავდა ფარულად. როგორც კი პიროვნული კონფლიქტი დაიწყო მასა და მის პარტნიორს - ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს შორის, დაიწყო შესაბამისი პროცესები. ამიტომ შეიძლება დავუშვათ, რომ პრემიერს, შესაძლოა, მსგავსი კონფლიქტური სიტუაცია შეექმნას სხვა პოლიტიკურ ძალებთან ან პირებთან და უნებლიედ, საკმაოდ ანტაგონისტურ პროცესებში ჩართულები აღმოვჩნდეთ. ასეთ სიტუაციაში შეიძლება, საკმაოდ დაუცველები აღმოვჩნდეთ, რადგან ინფორმაცია არ გვაქვს, ბერკეტი არ გვაქვს და ასე ბრმად უნდა გავყვეთ ვიღაცას - ეს ცალსახად კრიტიკულად შესაფასებელია.
თუმცა ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია ისეთ მონსტრ ძალას, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“. წინასწარ ცნობილია, რა მოხდებოდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. სხვა თუ არაფერი, საქართველოში არ არსებობდა ისეთი პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკოსი, რომელიც გადაიხდიდა იმ ოდენობის ჯარიმას რაც გადაიხადა ივანიშვილმა იმისათვის, რომ კოალიციას არჩევნებამდე მიეღწია. ამ ყველაფერმა მორალური უფლებები არ მიანიჭა ივანიშვილს? ანუ, დანაშაულის ტოლფასია, რომ მას სიტყვაზე ვენდოთ?
- პროცესები წარიმართა ისე, როგორც წარიმართა. ყველაზე პროგრესული, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოხდა ის, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც საქართველოში თავი ეგონა იმდენად მდგრადი, რომ საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა ძალზე ელემენტარულ დონეზეც კი არ ჩათვალა საჭიროდ, პასუხი მიიღო. აქ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ „ნაციონალური მძრაობის“ დროს საზოგადოებას გააჩნდა რაღაც მინიმალური უფლებები, რომ ადამიანი ნულამდე იყო დაყვანილი და მათ შორის ქვეყანაც.
ამ ფონზე, სწორედ ის არის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომ ამ პიროვნებამ (ივანიშვილმა) უზრუნველყო პირობითად ვთქვათ, სახეში სილის გაწვნა მმართველი ძალისათვის. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საზოგადოებაში შეიძლება ყოველთვის გამოჩნდეს ვიღაც, ვინც მის (მმართველის) ინტერესებს დაასამარებს და შეცვლის რეალობას.
ეს არის ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი არის პრემიერი, ჩვენ ძალზე დიდ რისკს ვწევთ იმითი, რომ მასზე ზედმეტად ვხდებით ჩამოკიდებული.
პრობლემა შექმნა რამ - როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ის სარგებლობდა აბსოლუტური მხარდაჭერით და იგრძნო, რომ საზოგადოება მასზე იყო ჩამოკიდებული. შემდეგ მოხდა ის, რომ ვერ განვითარდა სწორი ფორმით. თვითკმაყოფილებით მოცულმა ადამიანმა ჩათვალა, რომ იყო ეტალონი. დიქტატს აუცილებლად კორუფცია კი უდევს საფუძვლად, მაგრამ მას საფუძვლად უდევს ხელისუფლის ზედმეტი თვითკმაყოფილებაც და საზოგადოების უსუსურება, საზოგადოების ზედმეტად ჩამოკიდებულობა ხელისუფალზე.
ასეთი წინაპირობა შეიძლება დღესაც შეიქმნას საქართველოში. აუცილებლად უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ თუკი პრემიერი იმავე ტონალობაში გააგრძელებს ურთიერთობას ამ ხელისუფლებასთანაც, ჩვენ ისევ მასზე ვიქნებით ზედმეტად ჩამოკიდებული.
ამ შემთხვევაში თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი? საზოგადოების სიმწიფე და აქტივობა რომ პრობლემაა, ეს იცის ბიძინა ივანიშვილმაც და ამბობს, რომ საზოგადოებრივ სექტორში სწორედ საზოგადოების გასააქტიურებლად მიდის.
- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ საზოგადოებრივი აზროვნების, ცნობიერების, ინტელექტის, მათ შორის, ადამიანური რესურსების დეფიციტის პირობებში. პოლიტიკური ბაზარი გვაქვს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს წარმოდგენილია ბაზარზე, წარმოადგენენ უფრო საფრთხეებს, ვიდრე შესაძლებლობებს. პირველ რიგში, აქედან უნდა ამოვიდეთ, უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური საფრთხეების შემცველი პარტიები. აქედან გამომდინარე, საჭიროა არა მინდობა, არამედ შესაძლებლობების ფარგლებში მათზე საზოგადოების ზეგავლენის დამყარება.
ეს ყველაფერი მოდის ჩვენგან, ადამიანის ცნობიერებიდან და ამას წინაპირობები არ აქვს-ხოლმე.
მაგალითად, 80-იანი წლების ბოლოს საზოგადოება იყო გაჭირვებულიც, მშიერიც, მაგრამ საზოგადოების წევრებში ცნობიერება იმისა, რომ ქვეყანას ფასეულობებზე უნდა გაეკეთებინა აქცენტირება, მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და ა.შ. ხომ ჰქონდა გაცნობიერებული? - ასევე იყო იმ ეპოქებში, როდესაც საშინელ კრიზისს მოსდევდა მაგალითად, ისეთი ეპოქალური პირების შექმნა, როგორიცაა ილია. გავიხსენოთ, რა ხდებოდა პერიოდში, ვიდრე შეიქმნებოდა ილია და ა.შ.
ამიტომ, ეს პროცესები მოდის საზოგადოების მზაობიდან და იმ სივრციდან, რომლიც არ იმართება. მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ სადაც მას ნდობა არ ექნება, ვერ გააკეთებს სწორ არჩევანს. საზოგადოებას საკუთარ თავთან კონფლიქტი უნდა შეექმნას.
თვალი რომ გადავავლოთ, გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ ვერც ერთ არჩევანს - ჩვენს არჩევანს იყენებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის და გამოდის, რომ საზოგადოება არის არა ზრუნვისა და ძალისხმევის ობიექტი, არამედ ობიექტი საკუთარი წარმატებისათვის სხვადასხვა პირების მიერ. გამოდის, რომ ჩვენ რეალურად ვხდებით მხოლოდ რესურსი ინტერესების შესასარულებლად და არა პირიქით - ჩვენ არ ვართ მიზანი ინტერესების შესრულებისა.
ამიტომ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, გააზრება, რა ხდება მის გარშემო, არის ერთადერთი შანსი იმისა, რომ მეტ-ნაკლებად გააზრებულად ჩავერთოთ პროცესებში. სამწუხაროდ, ამას მოძრაობები, გრანტები, არასამთავრობო სივერცეები ვერ გააკეთებენ. არასამთავრობო სექტორს, რომელზედაც პრემიერი აქცენტს აკეთებს, აქვს თავისი კონკრეტული სამოღვაწეო სივრცე, კონკრეტულ ამოცანებზეა ორიენტირებული და არა, შიდა ეროვნულ დონეზე აყვანილ გლობალურ პროცესებზე.
ამ მხრივ ჩვენ გვაქვს კრიზუსული სიტუაცია. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ, შესაძლოა, საზოგადოება მივიდეს დეპრესიამდე. დეპრესია ნიშნავს, როდესაც საზოგადოება არის გულგრილი ყველა ინსტიტუციის მიმართ, როდესაც ყველა გაკოტრებულია და საზოგადოებას აქვს გულგრილობა საკუთარი თავის მიმართ.
ამ დროს საზოგადოების მართვა ხდება ადვილი, რადგან ის ამ დროს არის არა ენერგიული, არა წინააღმდეგობებით სავსე, არამედ - ენერგიადაცლილი.
სააკაშვილის მმართველობის შემდეგ მთელი 9 წელი საზოგადოება მოდუნებული არ ყოფილა. ის იყო ზეწოლის ქვეშ, მაგრამ საზოგადოება სულ დაჭიმული იყო. მისი მმართველობის პირველივე წლის ბოლოდან დაიწყო ბრძოლები. 9 წლის განმავლობაში საზოგადოება ცდილობდა, მძიმე დიქტატის პირობებში გაძლებას. დღეს მეშინია, საზოგადოების მოდუნება არ მოხდეს. უმჯობესია, მძიმე დიქტატის პირობებში საზოგადოება იყოს დაჭიმული და შემდეგ ამან გადმოხეთქოს, ვიდრე მოდუნდეს და გახდეს გულგრილი.
გამოდის, ქვეყანას საკმაოდ პესიმისტური პერსპექტივა აქვს?
- თუ ასე გავაგრძელეთ, თუ მეტ-ნაკლებად არ დავიწყეთ აზროვნება, თუ თითოეულმა ადამნიანმა არ გამოხატა სურვილი ამ პროცესებში საკუთარი ვალდებულებების გააზრების, რიგითი ადამიანიდან დაწყებული მედიით და ანალიტიკოსებით დასრულებული, საკმაოდ პესიმისტური სურათი გველის.
დღეს რას ვხედავთ? - არსებობს მხოლოდ კერძო ინტერესების სივრცე, არ არსებობს ან ძალზე დეფიციტურ დონეზეა საზოგადოებრივი ინტერესები. თუ ასე გაგრძელდება, ძალზე პესიმისტური და სკეპტიკური პერსპექტივები გვექნება. ასეთ სიტუაციაში, მე როგორც სპეციალისტს, ოპტიმიზმის საფუძველს მხოლოდ ის მაძლევს, რომ ისმის კითხვები საზოგადოების წევრების, მედიის მხრიდან. სწორედ ასეთი ტიპის კითხვები მაძლევს იმედს, რომ შესაძლოა, საკითხის ამგვარად დაყენებამ სხვა ტიპის აზროვნებას დაუდოს საფუძველი საზოგადოებაში და არა იმპულსებით პროცესების მართვას.