ილონ მასკის კომპანია Tesla-მ სოციალურ ქსელში მეორე თაობის ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ის სადებიუტო ვიდეო გამოაქვეყნა. ის გასულ წელს წარდგენილ მოწყობილობაზე ბევრად გაუმჯობესებულია.
კადრებში ადამიანთან მიმსგავსებული რობოტის დახვეწილ ვიზუალს ვხედავთ. ასევე, მის მიერ სხვადასხვა მოძრაობის შესრულებას, როგორიცაა გვერდით მიტრიალება, ხელებზე დახედვა, თითების მოკეცვა, სიარული და ჩაკუზვა. სადემონსტრაციო ვიდეო იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ იღებს Optimus კვერცხს და ფრთხილად დებს ისე, რომ არ დააზიანოს.
ბოლოში ორი რობოტი ჩნდება, რომლებიც კლუბურ მუსიკაზე ხელებაწეულები, საკმაოდ მოქნილად ცეკვავენ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მრავალი კითხვა არსებობს. მაგალითად, როგორია ამ რობოტის რეალური, გამოყენებადი, შესაძლებლობები ან როგორ აპირებს კომპანია მასში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, რაც უკვე დაანონსებულია. გაურკვეველია ისიც, შეძლებს თუ არა Optimus სხვადასხვა საქმიანობაში ადამიანის ჩანაცვლებას ახლო მომავალში.
Tesla-ს ინფორმაციით, ეს რობოტი წინა მოდელზე 30%-ით ჩქარა დადის და 10 კილოგრამით მსუბუქია. როგორც ჩანს, მის მექანიკურ ხელებს სერიოზული ყურადღება დაეთმო: ყველა თითზე ტაქტილური სენსორებია ჩამონტაჟებული, რომელთა მეშვეობითაც მოწყობილობას ობიექტებს ფრთხილად გადაადგილება შეუძლია.
მასკისთვის ეს Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი პროექტია, რადგან პროგნოზირებს, რომ მომავალში მასზე კომპანიის ღირებულების დიდი ნაწილი იქნება დამოკიდებული. Optimus სავარაუდოდ, 20 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება. მან, წესით, კომპანიის ქარხნებში მომუშავე საწარმოო პერსონალი უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ რამდენად გამართლდება ეს მოლოდინი, უცნობია.