საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, ბიზნეს-საქმიანობა წამოიწყოს, გააფართოვოს, საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდოს და თავად მართოს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაცემული უპროცენტო სესხების საშუალებით, 3000-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა და კონფლიქტისპირა რეგიონებში მაცხოვრებლებმა უკვე ისარგებლა და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გვალიას განცხადებით, ცენტრის ხელშეწყობა, ძირითადად, ორიენტირებულია ვაჭრობის, მომსახურების, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რადგანაც მოსახლეობის ინტერესები სწორედ აღნიშნული მიმართულებებით გამოიკვეთა.
„ცენტრი „აფხაზეთი“ უპროცენტო სესხებს, ძირითადად, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე გასცემს. ასევე, ვასწავლით, როგორ უნდა დაიწყონ მცირე ბიზნესი, როგორ განვითარდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. პროექტის ბენეფიციარები არიან როგორც ბიზნესის დამწყები ადამიანები, ასევე ისინიც, ვისაც სურს ბიზნესი გააფართოვოს“, - აღნიშნავს ეკა გვალია.
რაც შეეხება პროცედურას, რა ეტაპებია გასავლელი ბიზნესის დასაწყებად, გვალიას თქმით, პირველი ეტაპია სასესხო განაცხადების მიღება, შემდეგ შერჩეული კანდიდატებისათვის ბიზნესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ბიზნეს გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერა და ბენეფიციართა უპროცენტო სესხით დაფინანსება, უპროცენტო სესხის გაცემის შემდეგ კი სისტემატური მონიტორინგი და კონსულტაციები“.
ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „აფხაზეთი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით არ შემოიფარგლება და მისი საქმიანობა ფარავს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გაცემული უპროცენტო სესხების საშუალებით საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესა 3000-ზე მეტმა ოჯახმა.